სამართლებრივი მოცემულობა VS პოლიტიკური ლეგიტიმაცია
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მსჯელობა წარიმართა პარლამენტის წევრის სტატუსთან დაკავშირებით. ამ მხრივ, საინტერესო და ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთისგან გამომრიცხავ ასპექტებზე გამახვილდა ყურადღება. „ფაქტმონიტორმა“ გადაწყვიტა, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ საკვანძო ასპექტებს ეხება.
ნებისმიერი პოლიტიკურ თანამდებობას და მითუმეტეს, საპარლამენტო რესპუბლიკაში, პარლამენტის წევრის მანდანტს, გააჩნია როგორც სამართლებრივი, ისე − პოლიტიკური დატვირთვა. თავდაპირველად განვმარტოთ სამართლებრივი ნაწილი:
ა) სამართლებრივი ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილებას იძენს პირველ სხდომაზე, პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. შესაბამისად უწყდება ამ მომენტიდან უფლებამოსილება წინა მოწვევის პარლამენტს.
განმარტება − ეს ნიშნავს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ ახალ პარლამენტს არ შეძენია ამ ეტაპზე უფლებამოსილება.
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის ა ქვეპუნქტით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი, ხოლო, შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს პირადი მიმართვა განცხადებით.
განმარტება − ვინაიდან 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ ახალ პარლამენტს არ შეძენია უფლებამოსილება, ლოგიკურად, არც პარლამენტის წევრებს წარმოადგენენ ის პირები, ვინც უარს ამბობს შესვლაზე (იგულისხმება დასახელებულ თარიღში არჩეული პირები).
შეჯამება − ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა არაა პარლამენტის წევრის სტატუსის შეწყვეტა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საკითხს და იქვე განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს, რომ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 16 დღისა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.
განმარტება − ამგვარი მოცემულობა არ გვხვდება, ვინაიდან მოთხოვნა დასაწყისშივე იქნება ალოგიკური (არჩევნები გამართულია).
სხვა მხრივ, ამავე ნორმაში მითითებული ასპექტები მხოლოდ მაშინაა ქმედითი, როდესაც პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა მოხდება (იხ. ზევით მითითებული მსჯელობა).
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.
განმარტება − ლოგიკურად, ოპოზიციურ პარტიათა მოთხოვნა ამ მუხლს ეფუძნება და მათი მოთხოვნაა, რომ არ გასცეს ცესკომ დროებითი მოწმობა (საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე).
ლოგიკურად იბადება შეკითხვა, რამდენად არის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებული ამგვარი მოცემულობა? პასუხი მარტივია − არ გვხვდება ასეთი სახით საკანონმდებლო ფორმულირება, მეტიც, კანონმდებლობის განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარეს იმის უფლებამოსილებაც კი არ გააჩნია, რომ უარი თქვას დროებითი მოწმობის გაცემაზე. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ეს არის ცესკოს თავმჯდომარის არა უფლებამოსილება (თავად განსაზღვროს, თუ რა გზას აირჩევს), არამედ − ვალდებულება.
შეჯამება − ამ ეტაპზე (სანამ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი) საპარლამენტო მანდატზე უარის თქმა, სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნული ავტომატურად არ ნიშნავს პოლიტიკურ ლეგიტიმაციას.
ბ) პოლიტიკური ლეგიტიმაცია/აღიარება
შესაძლებელია, რომ შეიკრიბოს 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტი, მაგრამ ოპოზიციისგან მას არ გააჩნდეს პოლიტიკური ლეგიტიმაცია/აღიარება. აღნიშნული არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, როდესაც პროტესტის მიზნით, შესაბამისი პირები უარს ამბობენ გარკვეულ აქტივობაზე.
ოპოზიციის მხრიდან ბოლო დღეებში განხორციელებული ქმედება სწორედ ამ ასპექტს უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება პარლამენტს, რაც ავტომატურად გულისხმობს ოპოზიციური პარტიების მხრიდან მის არაღიარებას.
თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ქმედებები, რაც ზემოთ იქნა განხილული შესაძლებელია სამართლებრივ ჭრილში მოკლებული იყოს ლეგიტიმაციას და არ გამომდინარეობდეს მოქმედი კანონმდებლობისგან, თუმცა მათი ეს ქმედებები შინაარსიდან გამომდინარე უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვის ხასიათს ატარებს. ამ მხრივ კი პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სრული თავისუფლება იმოქმედონ იმ გზით, რომელსაც ისინი მიიჩნევენ საუკეთესო გზად პოლიტიკური აქტივობისთვის, მიუხედავად იმისა ეს გზა დაცლილი იქნება თუ არა სამართლებრივი აქტორებისგან. არჩევნების შემდგომ ოპოზიციის ქმედებები მიმართულია არჩევნების შედეგების არ აღიარებისკენ, შესაბამისად, მათი განცხადებები სიების „ჩახსნასთან” დაკავშირებით წარმოადგენს ერთგვარ პოლიტიკურ პერფომანსს, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ ცხადხყოს მათი პოზიციის პრინციპულობა პოლიტიკურ ჭრილში, კერძოდ, არჩევნების შედგების არ აღიარება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა.