ფაქტ-მონიტორის საქმიანობის სამართლებრივი სტანდარტი
ვინ ვართ ჩვენ?
ფაქტ-მონიტორის ჯგუფი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სრულად ეთანხმება და იზიარებს რა საერთაშორისო Fact-Checker-თა ქსელის (International Fact-Checking Network – IFCN) მიერ შეთანხმებულ და დადგენილ პრინციპებს, მოქმედებს ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციების ევროპული სტანდარტების კოდექსისა (https://efcsn.com/code-of-standards/) და ფაქტების გადამოწმების ევროპული ქსელის (EFCSN) (https://efcsn.com/) მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცულობის უზრუნველსაყოფად, ჩვენი საქმიანობა წარიმართება მკაცრი ეთიკური სტანდარტების დაცვით. ამასთან, ისეთი საქმიანობის პირობებში, რომელიც ხშირად მოიცავს მუშაობას მომხმარებლების მიერ შექმნილ მასალასთან, მკაცრი ყურადღება ეთმობა ჩართული სუბიექტების პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობას და უსაფრთხოების დაცულობას.
ფაქტ-მონიტორი მკაცრად იცავს ეთიკის სტანდარტებს და წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და პოლიტიკურ პირებთან. ფაქტ-მონიტორი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და შეფასებას ახორციელებს მხოლოდ ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციების ევროპული სტანდარტების კოდექსით დადგენილი კრიტერიუმებისა და პრინციპების შესაბამისად.
ჩვენი ძირითადი პრინციპებია:
სიმართლის დადგენა – ჩვენი გუნდის თავდაპირველი ამოცანაა საზოგადოების ფართო წრეებს აჩვენოს სად არის სიმართლე და განასხვავოს იგი დეზინფორმაციისგან.
საქმიანობის გამჭვირვალობა – ფაქტ-მონიტორის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭირვალეა და ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მის საქმიანობას და მოითხოვოს საქმიანობის კონკრეტული დეტალების გაცნობა.
მიუკერძოებლობა – ჩვენ მკაცრად ვიცავთ ეთიკის ნორმებს და საქმიანობას ვახორციელებთ მიუკერძოებლად, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მოტივით.
მრავალჯერადი გადამოწმება – ჩვენი ვერდიქტები ასახავს მხოლოდ რელევანტური, ხელმისაწვდომი, ღია და საჯარო აუთენტური წყაროების გადამოწმების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს.
ჩვენი საქმიანობა მოიცავს:
გადასამოწმებელი მასალის მოძიებას – ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ახორციელებს გადასამოწმებელი მასალის მოძიებას და იდენტიფიცირებას, მასზედ, რომ გადასამოწმებელ მასალაში მკვეთრად იყოს გამიჯნული ფაქტი და მოსაზრება. ფაქტ-მონიტორის საქმიანობა მიმართულია ფაქტების შემოწმებისაკენ.
ჩვენი სპეციალისტები აქტიურად ადევნებენ თვალს ქვეყანაში მიმდინარე ამბებს და ყოველდღიურად ეცნობიან სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს მეშვეობით გადმოცემულ მასალას.
ასეთი მასალა შესაძლებელია იყოს პოლიტიკური და საჯარო პირების გამოსვლა, მედიასაშუალებებში გადმოცემული ამბები, ოფიციალური პირების მიერ მოყვანილი სტატისტიკა, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატია, მედია არხების მიერ გავრცელებული სიუჟეტები და ა.შ.
ფაქტ-მონიტორი ძალიან ფრთხილად ეკიდება გადასამოწმებელ მასალას, ვინაიდან არა ყოველგვარი მასალა ექვემდებარება გადამოწმებას, კერძოდ, გადამოწმებას ძირითადად არ ექვემდებარება პირადი მოსაზრება, სამომავლო პროგნოზი, ჰიპოთეტური ვარაუდი და ა.შ. თუ ისინი არ შეიცავენ კონკრეტულ ფაქტებს, რომელთა გადამოწმება შესაძლებელია ავთენტური ღია და საჯარო გზებით ხელმისავწდომი წყაროს მეშვეობით.
საზოგადოებრივი ინტერესი – მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რამდენად საინტერესოა კონკრეტული საკითხი საზოგადოებისთვის, გადასამოწმებელი მასალა ემსახურება საზოგადოების ინტერესებს თუ განკუთვნილია საზოგადოების ფართო მასების შეცდომაში შესაყვანად.
ფაქტ-მონიტორის დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ წარმოადგენს გადასამოწმებელი მასალის ავტორს, გადამოწმების თანაბარი კრიტერიუმები და პრინციპები ვრცელდება გადასამოწმებელი მასალის ყველა ავტორზე.
ფაქტ-მონიტორი ცდილობს გადაამოწმოს ისეთი მასალა, რასაც საზოგადოებაში აქვს ინტერესი და რეზონანსი, მისი მიზანია საზოგადოების ფართო წრეები დაიცვას ცრუ და დეზინფორმაციის შემცველი მასალების გავრცელებისგან.
ფაქტ-მონიტორი ახორციელებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ყველა სფეროს გადამოწმებას, მათ შორის: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ოკუპირებული ტერიტორიები, განათლება, ადამიანის უფლებები, სოციალური დახმარებები, ბიუროკრატიის ხარჯები, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი, საგარეო ურთიერთობები, სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები და სხვა.
გადასამოწმებელი მასალის შერჩევის შემდეგ, ჩვენი გუნდი იწყებს ავთენტური, ღია და საჯარო წყაროების ძიებას, რათა მოხდეს შესაფასებელი მასალის სრულფასოვანი გადამოწმება.
გადამოწმების პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ანალიტიკოსები და სპეციალისტები.
შესაბამისი ავთენტური, ღია და საჯარო წყაროების მოძიების შემდეგ, ხდება მასალის გადამოწმება შესაბამისი ვერდიქტების შკალის მიხედვით.
ჩვენი გუნდის მიერ ვერდიქტის მინიჭება ხორციელდება გუნდის საერთო კონსესუსის შედეგად, მხოლოდ ავთენტური, ღია და საჯარო წყაროს გამოყენებით, მშრალ ფაქტებზე დაყრდნობით.
მასალის გადამოწმების შედეგად მას ენიჭება შესაბამისი ვერდიქტი. რომელიც ცხადია არ არის საბოლოო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვმართოს 1. აღნიშნული ვერდიქტის ცვლილების ან 2. აღნიშნული ვერდიქტის გაუქმების მოთხოვნით, შესაბამისი გასაჩივრების წესის (ლინკი) დაცვით.
იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირი ანუ პირი ვის მიმართაც იქნა ვერდიქტი გამოტანილი არ ეთანხმება ჩვენ მიერ გამოტანილ ვერდიქტს, უფლება აქვს ვერდიქტის გამოტანიდან 7 კალენდარული დღის ვადაში მოგვმართოს შესაბამისი საჩივრის ფორმით.
ფაქტ-მონიტორის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ისევე, როგორც თავდაპირველი შეფასებული მასალა და ვერდიქტი ქვეყნდება ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.factmonitor.ge და facebook გვერდზე: factmonitor.ge.
საკვლევი საკითხის შერჩევის წესი:
შემოწმების ობიექტი: სოციალური მედიის პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალა და საჯარო პირების გამონათქვამები.
შემოწმების კრიტერიუმები: რეზონანსულობა და ფაქტოლოგიურობა. ინფორმაციას აქვს საზოგადოებრივი მნიშვნელოვნება და არსებობს მისი შემოწმების შესაძლებლობა რელევანტური, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებით.
კვლევის წარმართვა: განცხადების დაზუსტება ფაქტობრივი ინფორმაციის ავტორის, გამოქვეყნების დროისა და ადგილის მითითებით, მეორადი წყაროებით ინფორმაციის მოძიება, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, ექსპერტებთან კონსულტაციები. სტატიის მომზადება და გადამოწმება.
შემოწმების შედეგი: საბოლოო დასკვნა და ვერდიქტით შეფასება.
მიზნები და ამოცანები.
ჩვენი მიზანია – დეზინფორმაციისა და სხვა მედიამანიპულაციების მხილება. აღნიშნულის მიზნით ჩვენი გეგმაა გავხდეთ ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის (EFCSN) ვერიფიცირებული წევრი, მივიღოთ შესაბამისი ვერიფიკაცია და განვაგრძოთ ჩვენი საქმიანობა ვერიფიცირებული წევრი ორგანიზაციის სახელით.
ჩვენი ამოცანები – სოციალური მედიის პლატფორმებზე გამოქვეყნებულ მასალებსა და საჯარო პირების გამონათქვამებში მოყვანილი ფაქტებისა და სხვა მონაცემების სიზუსტის შეფასება. რეგულარული მონიტორინგი სოციალურ მედიაში გავრცელებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის, მისი გამოვლენა და შეფასება.
მისია
მისია – მხარდაჭერა და გავრცელება საგანმანათლებლო ინფორმაციის, სხვადასხვა მანიპულაციების მიმართ საზოგადოების მედეგობის გასაზრდელად, კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა ფართო აუდიტორიაში.
სამართლებრივი ჩარჩო.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ფაქტ-მონიტორი არ წარმოადგენს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას დაქვემდებარებულ ორგანოს, თუმცა ცხადია ჩვენ ვიცავთ და ვმოქმედებთ საერთაშორისო და ადგილობრივი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
ფაქტმონიტორის საქმიანობა აბსოლუტურად შესაბამისობაშია მედია სფეროში არსებულ საერთაშორისო კანონმდებლობასთან, კონვენციებთან, სტანდარტებთან და ა.შ. და საქართველოს სახელმწიფო შიდა კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ხოლო ვერიფიკაციის მიღების შემთხვევაში ჩვენი საქმიანობა დამატებით შესაძლებელია გასაჩივრდეს ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელში (IFCN).
განსახილველი თემები
განსახილველ თემას წარმოადგენს, ნებისმიერი ინფორმაციის მიზანმიმართული სელექცია საზოგადოებისთვის მნიშვნელობის და აქტუალობის მიხედვით, სიცრუის და მანიპულაციის შემცველი მასალების გამოსავლენად.
შესაფასებელი მასალების ვერდიქტების შკალა.
- სიმართლე: მოცემული ვერდიქტი გამოიტანება მას შემდეგ, რაც შესაბამისი ფაქტებით და რელევანტური, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებით სრულად დადასტურდება ინფორმაციის სიზუსტე, რომელიც შემოწმდა.
- მეტწილად სიმართლე: მოცემული ვერდიქტი გამოიტანება მას შემდეგ, რაც შესაბამისი ფაქტებით და რელევანტური, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებით მეტწილად დადასტურდა ინფორმაცია, რომელიც შემოწმდა. გამოვლინდა უზუსტობები, რიცხვების დამრგვალება, მოძველებული მონაცემების გამოყენება და ა.შ., მაგრამ საერთო სურათი არ არის შეცვლილი.
- ტექნიკური შეცდომა: მოცემული ვერდიქტი გამოიტანება მას შემდეგ, რაც ინფორმაციაში, რომელიც შემოწმდა შესაბამისი ფაქტებით და რელევანტური, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებით, გამოვლინდა შეცდომა კონკრეტულ ფაქტში, მონაცემში, რიცხვებში, გამონათქვამში – მაგრამ საერთო სურათი არ არის შეცვლილი.
- სიცრუე: მოცემული ვერდიქტი გამოიტანება მას შემდეგ, რაც შესაბამისი ფაქტებით და რელევანტური, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებით არ დასტურდება ინფორმაცია, რომელიც შემოწმდა. ტერმინში „არ დასტურდება” იგულისხმება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთი შემთხვევა:
- ა) არასწორად არის მითითებული გარემოებები, დრო, ადგილი, მონაცემები ან მონაწილეები და ა.შ. გამოყენებულია მოძველებული მონაცემები, რომლებიც არსებითად განსხვავდება არსებული აქტუალური მონაცემებისგან.
- ბ) ემყარება არასწორ ან ფალსიფიცირებულ მონაცემებს.
- გ) ეწინააღმდეგება არსებულ სამეცნიერო მონაცემებს.
- მეტწილად სიცრუე: მოცემული ვერდიქტი გამოიტანება მას შემდეგ, რაც შესაბამისი ფაქტებით და რელევანტური, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებით მეტწილად არ დადასტურდა ინფორმაცია, რომელიც შემოწმდა. გამოვლინდა არსებითი სახის უზუსტობები, რამაც გამოიწვია მთლიანი სურათის არსებითი ცვლილება.
- ნაწილობრივ სიმართლე: მოცემული ვერდიქტი გამოიტანება მას შემდეგ, რაც შესაბამისი ფაქტებით და რელევანტური, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებით ნაწილობრივ დადასტურდა ინფორმაცია, რომელიც შემოწმდა. აღნიშნული ვერდიქტის მინიჭების დროს, მასალის ნაწილობრივ სიმართლე თანაფარდობაშია მასალის ნაწილობრივ სიცრუესთან.
- მანიპულაცია: მოცემული ვერდიქტი გამოიტანება მას შემდეგ, რაც შესაბამისი ფაქტებით და რელევანტური, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებით დასტურდება, რომ ინფორმაციას, რომელიც შემოწმდა შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, რადგან შეიცავს:
- ა) ფაქტებისა და მონაცემების დაფარვას. მონაცემების ან მათი ნაწილის დამახინჯებას, იგულისხმება მათი მნიშვნელობის გადაჭარბება ან დამცრობა, კონტექსტიდან ამოგლეჯა, მოვლენების ან საჯარო პირების მნიშვნელოვნების გადამეტება ან დაკნინება.
- ბ) როგორც რეალური ისე არასწორი, დამახინჯებული, გამოგონილი ფაქტებისა და მონაცემების ნაზავს.
- გ) ნაწილობრივ და მეორეხარისხოვან ფაქტებს და მონაცემებს, ხოლო სხვა მნიშნელოვანი მონაცემები არის იგნორირებული.
- დ) შეუმოწმებელი, ჰიპოთეტური მონაცემები გასაღებულია, როგორც სარწმუნო და დადასტურებული.
- ე) კლიკბეითურ სათაურს, ანუ ყურადღების მიპყრობის მიზნით, მთლიანი მასალის კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადების სათაურად გამოყენება და/ან მასალის შინაარსის შეუსაბამო სათაურის გამოყენება.
- ვერდიქტის გარეშე: მოცემული ვერდიქტი გამოიტანება მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდება მოპოვება შესაბამისი ფაქტებისა და რელევანტური, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროების, რომელთა საფუძველზე დასტურდება ან არ დასტურდება ინფორმაცია, რომელიც შემოწმდა.
- სატირა: წარმოდგენილია კომიკური და აბსურდული ამბების სახით, რომელთაც აქვთ პოტენციური შესაძლებლობა შეცდომაში შეიყვანოს აუდიტორია.
- ყალბი ამბები: სოციალური ქსელებით გავრცელებული სიცრუისშემცველი ამბები, რომლებიც პოზიციონირებენ როგორც სანდო და ფაქტებზე დაფუძნებული, თუმცა შეიცავენ ფაქტების განზრახ დამახინჯებებს, რათა გამოიწვიონ ინტერესი, მიიზიდონ ადამიანები ან შეცდომაში შეიყვანონ ისინი
შენიშვნა:
არც ერთი ზემოხსენებული დაფინანსების წყაროს თუ შემომწირველის ვინაობას არ აქვს მნიშვნელობა ფაქტ-მონიტორის მიერ საქმიანობის განხორციელებისას. ფაქტ-მონიტორი თავისი საქმიანობის განხორციელებისას არის დამოუკიდებელი და ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონით და შესაბამისი სტანდარტებით. დაუშვებელია მასზე ან მის რომელიმე წევრზე რაიმე სახის ზემოქმედების, მუქარის, ძალდატანების, კომერციული მოსყიდვის და/ან ზეგავლენის სხვა ფორმის გამოყენება. მსგავსი შემთხვევების დაფიქსირება მყისიერად გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას შესაბამისი პირის მიმართ.
*გთხოვთ იხილოთ თანდართულ ლინკზე ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის პრინციპების კოდექსი