ვერდიქტი: სატირა
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში facebook გამოჩნდა სატირული ქარდი, რომელიც თითქოს არის „სექსუალური აქტის შესახებ დეკლარაციის“ შაბლონი და მისი შევსება ფიზიკურ პირს მოუწევს, თუ იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას მოსთხოვს.
გამოხმაურებების იუმორისტული ხასიათი გვაჩვენებს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ქარდი აღიქვეს როგორც პოლიტიკური სატირა.
სოციალურ ქსელში „დეკლარაციის“ ვირუსული გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტში შეტანილი ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი. მედიასივრცეში გამოჩნდა ამონარიდი კანონის საბოლოო, რედაქტირებული ვერსიიდან:
გამოაქვეყნდა კანონში ჩამატებული მუხლებიც:
· იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც;
· იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (კიდევ ერთხელ – მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის;
· ეს ახალი სანქცია დამატებითია და არ ანაცვლებს უკვე ჩაწერილ 25, 10 და 20 ათასლარიან ჯარიმებს;
· ჯარიმის ან კანონის გასაჩივრება არ შეაჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ან ჯარიმების კიდევ, დამატებით დაკისრებას.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განმარტეს, რომ კანონის ეს კონკრეტული მუხლები არ ეხება ფიზიკურ პირებს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „ტყუილია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება. ეს ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ის მკაცრი ამერიკული მიდგომა არ გვინდა, რომ გადმოვიღოთ. აშკარად ძალიან მკაცრია ამერიკული მიდგომა, ჩვენ რბილი მიდგომა გვაქვს და ფიზიკური პირები არ ექვემდებარებიან რეგისტრაციას. რაც შეეხება ამ პუნქტს, ეს იყო მეორე მოსმენის დროს განხილული საკითხი. ეს გულისხმობს, მაშინ, როდესაც საჭიროა ხოლმე ინფორმაციის მოპოვება, როდესაც ხდება მოკვლევა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, პირებს ვალდებულება აქვთ, მიაწოდონ ეს ინფორმაცია როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაა.
ამასთან, ხაზი უნდა გაესვას, რომ კანონპროექტი არ ეხება უშუალოდ ფიზიკურ პირს რეგისტრაციის ნაწილში. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი სუბიექტი ფიზიკური პირი ვერ იქნება. კანონპროექტის 2 მუხლის 1 ნაწილის ა ქვეპუნქტში მითითებულია ტერმინი „ორგანიზაცია“, რომელშიც თავისთავად არ მოიაზრება ფიზიკური პირი. ნორმის შემდგომი განმარტებაა სუბიექტთა ჩამონათვალი, სადაც თითოეულ შემთხვევაში იურიდიულ პირზეა მითითება. ამდენად, ფიზიკური პირი არ ექვემდებარება დარეგისტრირებას.
ნებისმიერი კანონის განმარტებისას, ლეგიტიმურ მიზანს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამ მხრივ ყურადსაღებია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის ბ ქვეპუნქტი: მონაცემები უნდა შეგროვდეს/მოპოვებული უნდა იქნეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, მონაცემთა დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. განმარტების მიხედვით, უცხოური ძალის განსასაზღვრად სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება დაუშვებელია. ესეიგი თუ იუსტიციის სამინისტროს დაჭირდა ინფორმაციის მიღება, მან ეს ინფორმაცია მხოლოდ კანონის ფარგლებში უნდა მიიღოს, რაც ცალსახად გამორიცხავს სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური პირის მიერ ფიზიკური პირებისგან შესაძლებელია გამოთხოვილი იქნეს მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ან/და რეგისტრაცია დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებთან, კანონის შესაბამისად, მათი რეგისტრაციის ან/და სარეგისტრაციო ვალდებულების შესწავლის მიზნით.

