სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძეზე აბსურდული და კომიკური ყალბი ამბავი ვრცელდება
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
25 ივნისს facebook ანგარიში ტიტე ნატუტარი, ავრცელებს ტვ იმედის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ქარდის ყალბ ფოტოანაბეჭდს. სადაც ბუდუ ზივზივაძის გამოსახულების თანმხლები ტექსტი ვითომდა ფეხბურთელის პოლიტიკურ მოსაზრებებს გვამცნობს.
“შეთავაზება მივიღე “ნაციონალური მოძრაობიდან” პარტიულ სიაში ჩასასმელად… თუ კვლავ გააგრძელა ჩემს მიმართ უსამართლობა, ვფიქრობ მივიღებ გადაწყვეტილებას…” და ა.შ. მიუხედავად ტექსტის აშკარად აბსურდული და კომიკური ხასიათისა, გაყალბებულ ქარდზე მომხმარებელთა ნაწილის მიერ გაკეთებული კომენტარები გარკვეულ დაბნეულობაზე მიუთითებს.
შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებელთა ნაწილისთვის სატირა შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდა, სავარაუდოდ ევრო24 -ის ფონზე საზოგადოების ემოციური მდგომარეობის გამო. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1-ელ და მე-2 მატჩებში ბუდუ ზივზივაძეს სათამაშო დრო დაახლოებით 10 წუთი მიეცა, ჩვენს საზოგადოებაში მუსირებს აზრი, თითქოს ბუდუს პოლიტიკური ნიშნით არ ათამაშებენ, რაც ზრდის დაძაბულობას და მასობრივ ცნობიერებაში სტერეოტიპების დამკვიდრების ალბათობას.
არსებული ეჭვების გასაფანტად არც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის განმარტებები აღმოჩნდა საკმარისი. ვილი სანიოლი, რომელსაც აქამდე რამდენჯერმე მოუხდა თემაზე საუბარი, იძულებული გახდა დღევანდელ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ეთქვა, რომ ბუდუ ზივზივაძის მოედანზე ყოფნა-არყოფნის საკითხი უკავშირდება მხოლოდ საფეხბურთო ფაქტორებს და გუნდის შემადგენლობაზე თავად, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. საინტერესოა, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბუდუს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების სჯერათ, რამდენად დამარწმუნებელი იქნება ვილი სანიოლის ხისტი ნათქვამი: “ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ საფეხბურთო მიზეზების გარეშე და აღარ შემიძლია ამის მიღება. პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ. ბოდიში ამ ტონისთვის, თუმცა ამ ყველაფრის გამო ბოლო დღეებია ცუდ განწყობაზე ვარ”.

