ნებისმიერი კამათის, მსჯელობის, დაპირისპირების, დავისა თუ პოზიციის დასაბუთების მთავარი გასაღები არის − ფაქტი. გარემოებებზე დაყრდნობით საუბარი, ერთი მხრივ, აკონკრეტებს შინაარსს, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოაჩენს მოსაუბრის ლოგიკას, რაც მის პოზიციას უფრო დამაჯერებელს ხდის. სწორედ ამიტომ, ავტორიტარული თუ ტოტალიტალური სახელმწიფოები ხშირად ებრძოდნენ მათთვის არასასურველ ფაქტებს და ხშირად მის ანულირებასაც კი ცდილობდნენ. ამ მოცემულობის საუკეთესო საილუსტრაციო მაგალითია, ჯორჯ ორუელის ნაწარმოები: „1984“ − მასობრივად ფაქტების შეცვლა და საზოგადოებისთვის წარსულის მხოლოდ იმგვარად წარმოჩენა, რაც „დიდი ძმის“ ინტერესსში შედის, სწორედ ფაქტთან უშეღავათო ბრძოლის გამოვლინებას წარმოადგენს.
რეალური ფაქტის გააზრებით, შესაძლებელია გაკეთდეს ლოგიკური, მართებული ანალიზი. ეს ეხება როგორც ისტორიული კონტექსტის გააზრებას, ისე, სამომავლო ხედვებისა თუ გეგმების განსაზღვრას. თავის მხრივ, აღნიშნული მიდგომა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებს, არამედ, მას დიდი დატვირთვა აქვს კომერციულ სფეროშიც. მაგალითად, ფაქტების შეჯერებით იმ წრის განსაზღვრა, რომელიც ყველაზე აქტიური მომხმარებელი იქნება პროდუქტის შეძენის კუთხით ან განისაზღვრება პროდუქტი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია და სხვ.
ფაქტის განმარტებისთვის შეიძლება შემდეგი ფორმულის გამოყენება: ამბავი, რომელიც ნამდვილად მოხდა და რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია. გავშალოთ თითოეული მათგანი: ა) „ამბავი“ − მასში იგულისხმება შემთხვევა, მოვლენა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი; ბ) „ნამდვილად მოხდა“ − აღნიშნულ ტერმინში მოაზრებულია გარემოებები, რომელიც ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმს. კერძოდ, სუბიექტური შეხედულებით სინამდვილის განსაზღვრა შეუძლებელია. ადამიანს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ცალკეული მოვლენა იყო არამართებული, ან მორალურად გაუმართლებელი, მაგრამ მხოლოდ ინდივიდუალური წარმოდგენა საბოლოო სურათს არ ცვლიდეს, რადგან ობიექტური თვალსაზრისით, ის შეიძლება განსხვავებულად განიმარტოს; გ) „გადამოწმება შესაძლებელია“ − მაშასადამე, პირთა განსაზღვრულ ან განუსაზღვრელ წრეს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გადაამოწმოს, რამდენად რეალურ საფუძვლებს ეყრდნობა ეს მოცემულობა. მაგალითად, თუ გავრცელებულია განცხადება, რომ პირმა უშუალოდ შეიძინა უძრავი ქონება, მარტივადაა მოსაძიებელი ინფორმაცია, რამდენად რეგისტრირდება პირის სახელზე ამგვარი აქტივი.
დამახინჯებული ფაქტების გავრცელება დეზინფორმაციის საწინდარია. ასეთ დროს, საზოგადოება არ ცხოვრობს სიმართლეში და მოქმედებს მხოლოდ იმ რეალობაში, რაც მას „შეუქმნა“დეზინფორმაციის გამავრცელებელმა. ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს მსჯელობა არ ეხება აზრის დაფიქსირებას ან შეხედულების გავრცელებას, არამედ ფაქტების არასათანადოდ წარმოჩენას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტის განმარტებისას, პირველ რიგში ყურადღება უნდა გამახვილდეს მისი ნამდვილობისა და ობიექტურობის კრიტერიუმზე. დემოკრატიულ საზოგადოებაში ინფორმაციის ადრესატებს უნდა შეეძლოთ (საზოგადოებას) კონკრეტულ ფაქტზე რამდენიმე მიმართულებით მოისმინონ პოზიცია, თუ გავრცელებული ინფორმაცია. აღნიშნული საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, განსაჯოს რეალური მოვლენა და ამგვარად მივიდეს სათანადო დასკვნამდე.
ალეგორიულად თუ შევხედავთ საკითხს: სასამართლოში მოსამართლემ თუ არ მოუსმინა ორივე მხარეს, მაშინ, სამართლიან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას გაიზიარებს, რაც ობიექტურობას იქნება მოკლებული. მეტიც, თუნდაც ერთ-ერთი მხარე ფაქტებს ამახინჯებდეს ან/და არასათანადოდ წარმოაჩენდეს მას, ორივე პოზიციის მოსმენის შემთხვევაში, ობიექტურობის კრიტერიუმი არ დაიკარგება და შესაძლებელი იქნება, სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტის განმარტებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი ობიექტურობის კრიტერიუმი. ამასთან, ის, თუ რა შეფასება მიეცემა გარემოებას/მოვლენას, რომელიც ნამდვილად მოხდა, ცალკე განხილვის საკითხია და ფაქტის დეფინიციას ცდება.