ფეისბუქში ვრცელდება პოზიციის და ოპოზიციის მხარდამჭერი სატირული ბანერები
ვერდიქტი: სატირა
საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, ქართულენოვან ფეისბუქში პოპულარობით სარგებლობს პოლიტიკური სატირა, რომელიც ყალბი ბანერების ფორმით არის მოწოდებული.
მაგ, დღეს ვირუსულად გავრცელდა ყალბი ვიდეო, სადაც ჩანს „ქართული ოცნების“ გაყალბებული საარჩევნო ბანერი ქალაქ გორში. სლოგანში სიტყვები „მხოლოდ მშვიდობით ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ“– შეცვლილია სიტყვებით „მხოლოდ ბოდიშით მუხლებზე დგომით დათმობით რუსეთისკენ“. არის წარწერაც „შიგ გორში“, როგორც ხაზგასმა ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლაზე გორის მოსახლეობის წინაშე, წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, სადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავჯდომარემ ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა.
რეალური ბანერი
მთავრობის მხარდამჭერი ანგარიშების მიერ გავრცელებულ სატირულ ბანერზე (გამავრცელებლებს შორის არის პოსტვ–ს ჟურნალისტი გია აბაშიძეც), გამოსახულია აშშ–ს ელჩი საქართველოში რობინ ლ.დანიგანი, რომელიც მოგვიწოდებს: „ხმა მიეცით ნაციონალურ მოძრაობას. აშშ-ის ელჩი“. ბანერის წითელ ფონზე ჩანს წარწერაც „თუ 5-ს არა, 4,9, ან 25-ს მაინც“. ბანერი აშარჟებს საელჩოს გზავნილების რიტორიკას, ამბობს, რომ აშშ ოპოზიციას უჭერს მხარს.
უნდა ითქვას, რომ ყალბი ბანერები შექმნილია ადამიანების პოლიტიკურ წარმოდგენებზე გავლენის მოხდენის მიზნით, პოლიტიკური მოვლენებისადმი მათი დამოკიდებულებების შესაცვლელად.


