შეკითხვაზე: „რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ხმას არჩევნებში?“, პასუხი საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტშია: საქართველოს პარლამენტი „შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან “. მაშასადამე, სწორედ თქვენი ხმა უზრუნველყოფს ამ ფორმულირების პრაქტიკულ რეალიზებას.
უფრო ფართოდ რომ ითქვას, ქართულ რეალობაში არ გვხვდება ორ ან სამსაფეხურიანი საარჩევნო სისტემა და პარლამენტის არჩევა პირდაპირი წესითაა შესაძლებელი. აღნიშნული განსხვავდება მაგალითად ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნების სისტემისგან, სადაც მხოლოდ მოსახლეობის მიერ ხმის მიცემა არ არის საკმარისი. მეტიც, 2000 და 2016 წლებში კანდიდატები აშშ-ს პრეზიდენტები ისე გახდნენ, რომ მოსახლეობამ მეორე კანდიდატს დაუჭირა მხარი, მაგრამ საარჩევნო კოლეგიის წევრებმა (რომელთა რაოდენობა 538-ს წარმოადგენს), განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს.
მოყვანილი მაგალითი ერთ-ერთი ილუსტრაციაა, თუ რამხელა მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს ამომრჩევლის ხმას. მეტიც, სწორედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებია პირველი შემთხვევა, როდესაც სრულად პროპორციული წესით მოხდება პარლამენტის დაკომპლექტება საქართველოში. მაშასადამე, ცალკეულ რაიონებში არ იქნებიან წარმოდგენილნი ინდივიდუალური კანდიდატები (მაჟორიტარები). შედეგად, ყველა იმ პარტიაზე გადანაწილდება 150 ადგილი, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
გასათვალისწინებელია, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ე.წ. „ნამდვილ ხმაზეა“ დამოკიდებული. ცესკო შედეგებს ითვლის იმის მიხედვით, თუ რამდენია „ნამდვილი ხმა“ და საერთოდ არ აქცევს იმას ყურადღებას, თუ რამდენი ადამიანი მივიდა არჩევნებზე. მაგალითად, თუ ამომრჩეველმა გააფერადა ორი პარტია ან ყველა პარტია, ასეთ შემთხვევაში, მისი ხმა ბათილდება. შესაბამისად, არ ჩაითვლება, რომ ორივე პარტიას მისცა ხმა, არამედ მიიჩნევა, რომ მას ხმა საერთოდ არ მიუცია. შესაბამისად, საჭიროა, რომ მკაფიოდ მოხდეს პოზიციის დაფიქსირება.
განსხვავებით წარსულში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისგან, 26 ოქტომბერს არჩევნები ტარდება ერთ ტურად, არ იქნება მეორე ტური. შესაბამად მნიშვნელოვანია ყველა მივიდეს არჩევნებზე თავისი აზრის დასაფიქსირებლად.
როგორც ზემოთქმულიდან იკვეთება, საქართველოში მოქმედებს მოწესრიგება, რომელიც პირდაპირი დემოკრატიისთვისაა დამახასიათებელი. ამდენად, ერთი ამომრჩევლის ხმამაც კი შეიძლება არჩევნებზე გადამწყვეტი როლი შეასრულოს.
ამიტომ, თუ კიდევ გაქვს შეკითხვა: „რა მნიშვნელობა აქვს ჩემს ხმას არჩევნებში?“, პასუხი მარტივი და ლაკონურია − სწორედ შენ, შენი ხმის მიცემით წყვეტ, თუ ვინ იქნება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრი და ვინ განსაზღვრავს შენი და შენი ქვეყნის მომავალს მომდევნო 4 წლის მანძილზე!