შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე წარმოადგინა
ვერდიქტი: მცდარი
სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ერთ-ერთი სლაიდის ფოტოანაბეჭდი, შალვა პაპუაშვილის 4 ნოემბრის ბრიფინგის პრეზენტაციიდან. სლაიდზე საქართველოს რუკა თითქოს დროებით ოკუპირებული რეგიონების გარეშეა მოცემული. მომხმარებლებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმაც, გამოხატეს აღშფოთება და მომხდარი ემოციურად შეაფასეს. აქტიურ განხილვებს საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა თავად შალვა პაპუაშვილიც. მან თქვა რომ სლაიდზე საარჩევნო ოლქების რუკა არის გამოტანილი და დამამცირებელი ეპითეტები გამოიყენა მათ მიმართ, ვინც ამას ვერ ხედავს.
რუკა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ არჩევნებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე გამოიყენა, ნამდვილად არის ცესკოს ინტერაქტიული რუკა, რომელზეც არჩევნების დღეს ოლქების ნიშნულებზე დაჭერით არჩევნების შედეგების ნახვა შეიძლებოდა დროის მოცემულ მონაკვეთში. რუკაზე აქტიური არ არის და გაფერადებულია მკრთალი ნაცრისფერით დროებით ოკუპირებული ორი რეგიონი, სადაც არჩევნები არ ჩატარებულა.
გაუგებრობა გამოიწვია რაკურსის და განათების სპეციფიკამ. ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში და შესაბამისად შალვა პაპუაშვილის ფეისბუქგვერდზე, ბრიფინგის პირდაპირი ტრანსლირებისას დროებით ოკუპირებული რეგიონები რუკაზე არ ჩანდა. არ იყო აღქმადი რუკის მკრთალი ნაცრისფერი ფერი, რომელიც ერწყმოდა სლაიდის თეთრ ფონს.
თუმცა სხვაგან, მაგ., ტვ „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ნაცრისფერის გარჩევა შესაძლებელი იყო.



