რამდენიმე დღეა სხვადასხვა სოციალური პლატფორმა ეთმობა მსჯელობას საქართველოს პარლამენტის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დაინიცირებული ცვლილებების განხორციელების თაობაზე, მასზედ, რომ ახალი ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს აღარ მოეთხოვებათ სახელმწიფო ენის ცოდნა და ა.შ.
ვერდიქტის გარეშე
საქართველოში მიმდინარე აქტიურ მოვლენებს ბოლო დროს კიდევ ერთი მოვლენა დაემატა, ეს არის „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, კერძოდ, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მოეთხოვებათ თუ არა ქართული ენის სავალდებულო წესით ცოდნა. კანონპროექტი დაინიცირებულია პარტია „ქართული ოცნების” მიერ და პარლამენტში უკვე მესამე მოსმენით არის მიღებული, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ შევა კანონიერ ძალაში და შეიძენს კანონის ძალას.
გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება კანონის ცვლილებების სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციები, მათ შორის და არამხოლოდ პარტია ქართული ოცნების ოფიციალური პირების, ოპოზიციურად თუ პროსახელისუფლებოდ განწყობილი ადამიანების მიერ, შესაბამისად ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა დეტალურად მოეხდინა კანონპროექტის სამართლებრივი შეფასება და ობიექტურად განემარტა ახალი ცვლილებები.
წყარო:
„საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედ რედაქციაში (რომელიც მიღებულია ჯერ კიდევ 2015 წელს) განმარტებულია თუ ვინ წარმოადგენს საჯარო მოხელეს და რა სავალდებულო კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელიც შესაძლებელია დაინიშნოს საჯარო სამსახურში. ერთ-ერთი ასეთი სავალდებულო კრიტერიუმი არის სახელმწიფო ენის ცოდნა.
ამავე კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმების კიდევ ორი გზა არსებობს: შრომითი ხელშეკრულებითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმება.
კანონის ახალი ცვლილებები, სწორედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის წრეთა გაზრდას ეხება.
კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებს ძირითადად წარმოადგენდნენ: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანაშემწე, მრჩეველი, აპარატის/სამდივნოს/ბიუროს თანამშრომელი („საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლი).
კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით შესაძლებელია ნებისმიერი პირის დასაქმება, იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ უცხოელი. არსებული რედაქციის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ წარედგინება ის მოთხოვნები, რაც განკუთვნილია საჯარო მოხელეთათვის, მათ შორის და არამხოლოდ სახელმწიფო ენის სავალდებულოდ ცოდნა.
ახალი ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების კატეგორიას ემატება პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის თანამდებობებიც (78-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატება „ე” ქვეპუნქტი), სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ნებისმიერი მენეჯერული რგოლის თანამდებობის პირები, მათ შორის სსიპების ხელმძღვანელები, დეპარტამენტის/განყოფილების უფროსები და ა.შ. ახალი ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული თანამდებობის პირები აღარ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს და ისინი ხდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. შესაბამისად, ასეთ თანამდებობაზე შესაძლებელია ნებისმიერი პირის დანიშვნა. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან კი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა უფრო მარტივია ვიდრე საჯარო მოხელესთან.
ამასთან, მართებულად არ არის გავრცელებული მოსაზრება, მასზედ, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები შესაძლებელია იყვნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები ან/და მათი მოადგილეები. მინისტრი და მისი მოადგილე წარმოადგენენ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს (მე-3 მუხლის „თ” ქვეპუნქტი) და მათ მიმართ კანონი სხვა უფრო მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს.
