ვერდიქტის გარეშე
30 აპრილს საინფორმაციო სააგენტომ „აიაშარა“ (Аиашара) გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დელეგაცია დაჯილდოვდა მედლებით „სტალინი“, კრასნოდარის იპოდრომზე საპრიზო ადგილის მოპოვებისთვის.
27 აპრილს კრასნოდარის იპოდრომზე ჩატარდა რუსეთის საცხენოსნო სეზონის გახსნა, რომელსაც დაესწრო დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან. დელეგაციას ხელმძღვანელობდა სპორტის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ახრა აშუბა, სხვა წევრები ძირითადად აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო კომიტეტის თანამშრომლები იყვნენ. ერთ-ერთი გარბენი, რომელიც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 200 ათასი რუბლით დააფინანსა, მიეძღვნა 1992-93 წლების ომში დაღუპულების ხსოვნას. გარბენში მონაწილეობდა აფხაზეთის ცხენსაშენის სამწლიანი არაბული ულაყი ჯალილ გრანტი, რომელიც 1800 მეტრ დისტანციაზე 12 მონაწილეს შორის მეორე მივიდა.
რბოლების შემდეგ ჩატარდა დაჯილდოება, სადაც აფხაზების დელეგაციის წევრებს გადაეცათ მედლები „სტალინი“ – რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის ყაზბეგ ტაისაევის (Казбек Тайсаев; ფრაქცია КПРФ) დავალებით. ფაქტს აფხაზეთის საზოგადოების გაღიზიანება მოყვა. სოციალურ ქსელში აღნიშნავდნენ, რომ მხოლოდ უვიცმა არ იცის, რა გაუკეთა სტალინმა აფხაზებს, ისმოდა სიტყვაც „ალა“ (ძაღლი).
ფაქტმონიტორმა ვერ დაადგინა დელეგაციას კონკრეტულად რომელი მედალი სტალინი გადასცეს, რადგან რუსეთში სხვადასხვა ორგანიზაციები სტალინის სახელს ხშირად უკავშირებენ თავის მედლებს და სხვა სიმბოლიკას. კონკრეტულ შემთხვევაში სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის მიერ გამოშვებული მედალი „სტალინი“ გაიცა. КПРФ -მ ასეთი მედლები ორჯერ გამოუშვა, სტალინის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით (დაბადებიდან 120 და 130 წელი).
დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკის საზოგადოებაში უარყოფითი ემოციები გამოიწვია მათი დელეგაციის წევრების დაჯილდოებამ სტალინის მედლით, მათ მიერ დაფინანსებულ გარბენში, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას მიეძღვნა. აფხაზები სტალინის სახელს დამოუკიდებლობის წართმევის ნარატივთან აკავშირებენ, მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზი ბოლშევიკების მიერ 1921 წელს გამოცხადებული „აფხაზეთის სსრ“ სტალინმა 1931 წელს ძალით შეიყვანა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში. ეს ისტორიული ნარატივი მოკლედ ასე ჟღერს „სტალინმა აფხაზეთი საქართველოს აჩუქა“.
ფაქტმონიტორი დაინტერესდა თემით და ფაქტების მოკლე მიმოხილვას წარმოგიდგენთ.
საქართველოს პოლიტიკური სივრციდან აფხაზეთის ჩამოშორება დაიწყო მე-17 საუკუნის ბოლოს, როდესაც აფხაზეთის სამთავრო ოსმალეთის გავლენის ქვეშ მოექცა. აფხაზეთში თანდათან გავრცელდა ისლამი და დაიწყო ეთნიკური ვითარების ცვლილება. მე-19 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთი შეცვალა რუსეთმა. 1864 წელს რუსეთმა გააუქმა აფხაზეთის სამთავრო. 1866 წელს შეიქმნა „სოხუმის ოკრუგი“, რომელიც ქუთაისის გუბერნიას ეკუთვნოდა. 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ „სოხუმის ოკრუგის“ ახალ სახელწოდებად მიიღო „აფხაზეთი“ და აფხაზეთის ავტონომია აღიარა.
ბოლშევიკური სულისკვეთების აფხაზეთი წინააღმდეგობას უწევდა საქართველოს რესპუბლიკის მენშევიკურ მთავრობას. სტალინი, ისე როგორც სერგო ორჯონიკიძე, ყოველმხრივ უწყობდა ხელს აფხაზეთში ანტიქართული, სეპარატისტული განწყობილებების გაღვივებას. ჯერ კიდევ 1918 წლის 23 მაისს გაზეთით „პრავდა“, სტალინი აღტაცებით მიმართავდა „გმირ აფხაზეთს, ერთსულოვნად ამხედრებულს თბილისის მთავრობის შავი ბანდების წინააღმდეგ და მათგან სოხუმის იარაღით ხელში დამცველს“.
საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1921 წლის მარტის დასაწყისში ჩატარდა აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის, ადგილობრივი კომუნისტური ხელმძღვანელობის, IX წითელი არმიის სამხედრო საბჭოს და რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადების შესახებ. თუმცა რამდენიმე კვირაში, 26 მარტს აფხაზმა ბოლშევიკებმა ახალი მოთხოვნა წამოაყენეს. მათ წინადადებით მიმართეს ვ.ი. ლენინს და ი. ბ. სტალინს, საბჭოთა აფხაზეთი შეეყვანათ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. კრემლმა საკითხის გადაწყვეტა დაავალა პოლიტბიუროს წევრს, სერგო ორჯონიკიძეს. 28-29 მარტს ბათუმში ორჯონიკიძის მონაწილეობით ჩატარდა სხდომა აფხაზეთის მთავრობის და კომპარტიის სტრუქტურის შესახებ. სადაც გადაწყდა, რომ აფხაზეთი დროებით გამოცხადდება სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკად, სანამ არ გადაწყდება რომელ სოციალისტურ რესპუბლიკაში იქნება მისი ადგილი, რუსეთში თუ საქართველოში.
1921 წლის 21 მაისს საქართველოს რევკომი მიესალმა აფხაზეთის რევკომის გადაწყვეტილებას აფხაზეთის სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შესახებ, იმ მინაწერით, რომ „საქართველოს სსრ და აფხაზეთის სსრ ურთიერთობის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება როგორც საქართველოს ისე აფხაზეთის მუშათა და გლეხთა საბჭოების პირველ ყრილობაზე“.
1921 წლის 16 დეკემბერს თბილისში საზეიმო ატმოსფეროში გაფორმდა „სამოკავშირეო ხელშეკრულება სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკა აფხაზეთს და სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოს შორის“. რომლის მიხედვით აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა „სახელშეკრულებლო რესპუბლიკის“ სახელით და იურიდიულად გახდა საქართველოს რესპუბლიკის ნაწილი.
აფხაზეთის როგორც სახელშეკრულებლო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ფორმალური აქტი იყო. ყველა არსებული დოკუმენტის მიხედვით საბჭოთა კავშირის მთავრობას აფხაზეთი მიაჩნდა საქართველოს ავტონომიურ ნაწილად და არასოდეს აღიქვამდა როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკას. კომუნისტური პარტიის და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელს, ლენინს, არასდროს უხსენებია აფხაზეთი, როგორც ცალკე ერთეული. მაგ, კავკასიის რესპუბლიკების პოლიტიკური მოწყობის საკითხების განხილვისას ის ან პირდაპირ ახსენებდა მხოლოდ რესპუბლიკებს, „საქართველოს, სომხეთს და აზარბეიჯანს“, ან წერილობით მიმართავდა კავკასიის მნიშვნელოვან მოთამაშეებს: „აზარბეიჯანის, საქართველოს, სომხეთის, დაღესტანის, მთის რესპუბლიკის ამხანაგ კომუნისტებს“. ლენინი ეკონომიკურ საკითხებშიც ასევე ერთმნიშვნელოვნად განიხილავდა აფხაზეთს საქართველოს ნაწილად. იგივე ტყვარჩელის მაღაროებზე აზრს ეკითხებოდა საქართველოს რევკომს და არა „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის რევკომს. კრემლის ხელმძღვანელობა თავიდანვე განიხილავდა აფხაზეთს, როგორც საქართველოს ავტონომიურ ერთეულს. ეს იყო ოფიციალური ხედვა და არა „ყოვლისშემძლე ქართველის“, სტალინის ხრიკები.
1931 წლის თებერვალში აფხაზეთის საბჭოების VI სხდომამ აფხაზეთის კონსტიტუციაში შესწორება შეიტანა, რის შემდეგ აფხაზეთი ოფიციალურად გახდა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში. ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ პაპასკირი, რომლის ნაშრომები ფაქტმონიტორმა სტატიის მოსამზადებლად გამოიყენა, ამბობს, რომ რეალურად აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რომელიც აფხაზ ხალხს მადლიერების ნიშნად უბოძეს, იმ გმირობისთვის, რაც მათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიჩინეს, თავიდანვე იყო ფიქცია და 1931 წელს მოხდა მხოლოდ იმ დამოკიდებულებების ოფიციალური გაფორმება, რაც ჩამოყალიბდა 1921 წლის 16 დეკემბრის შემდეგ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სტატუსის ცვლილება არ ყოფილა რაღაც არაბუნებრივი მოვლენა და გამომდინარეობდა კომუნისტური პარტიის საერთო პოლიტიკიდან და არაფრით უკავშირდებოდა სტალინის წარმოშობას.
