პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განმარტა რატომ არ მონაწილეობდა საქართველო „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (SCO) ყოველწლიურ სამიტში. „ჯერ ერთი, [შანხაის თანამშრომლობის] ორგანიზაციის წევრი უნდა იყო. ან წევრი უნდა იყო, ან დამკვირვებელი უნდა იყო, ან დიალოგში მყოფი ქვეყანა, როგორიც, ვთქვათ, სომხეთი და აზერბაიჯანია. მათ გარდა კიდევ 12 სახელმწიფოა ასეთი. საკუთარი ქვეყნის მტერს შეუძლია, რომ ეს თემაც გამოიყენოს ასეთი თაღლითური, პოლიტიკური მიზნისთვის, თუმცა არ გვიკვირს“ – უპასუხა გია ვოლსკიმ ოპონენტებს.
გია ვოლსკის ნათქვამი არის მეტწილად სიმართლე, რადგან ყოველ წელს, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე ერთმანეთს ხვდებიან ამ ორგანიზაციის წევრი, დამკვირვებლის სტატუსის მქონე და პარტნიორი ქვეყნების მეთაურები, მაგრამ წელს ფორმატში „SCO პლიუსი“, მონაწილეობდნენ ვიეტნამი, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია და თურქმენეთი.
სამიტი არის ყოველწლიური ღონისძიება. ის პირველად ჩატარდა პეტერბურგში, 2002 წლის 7 ივლისს. მას შემდეგ გაიმართა 23 სამიტი, მათ შორის ორი – ვიდეოკონფერენციის ფორმატში.
SCO (Shanghai Cooperation Organization) შეიქმნა 2001 წლის 15 ივლისს. ექვსი დამფუძნებელი ქვეყანა არის: ჩინეთი, რუსეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მოგვიანებით სრულუფლებიანი წევრების სტატუსით ალიანსს შეუერთდა ინდოეთი და პაკისტანი (2017), ირანი (2023), ბელორუსი (2024). SCO არის რეგიონალური, საერთაშორისო გაერთიანება, მისი გაცხადებული მიზნებია რეგიონის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება, პარტნიორობა ენერგეტიკის, მეცნიერების და კულტურის სფეროში.
„პარტნიორი SCO-სთან დიალოგში“ სტატუსით სარგებლობს აზიის და აფრიკის 14 ქვეყანა: აზარბეიჯანი, სომხეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, კამბოჯა, კატარი, ქუვეითი, მალდივები, მიანმარი, ნეპალი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, თურქეთი და შრილანკა.
ქვეყანა-დამკვირვებლის სტატუსი აქვს ავღანეთს და მონღოლეთს.
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ოფიციალური ენა არის ჩინური და რუსული.
2025 წლის სამიტი 31 აგვისტოს გაიხსნა ქალაქ ტიანძინში, საზეიმო მიღებით, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, სი ძინპინი და მისი მეუღლე მასპინძლობდნენ. მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ გაიმართა სადღესასწაულო კონცერტიც, რომელიც გაიხსნა რუსული სიმღერით „პოდმოსკოვნიე ვეჩერა“. საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიხედვით: „მიღებაზე იყო ტრადიციული ჩინური სამზარეულო და ძალიან ლამაზი კონცერტი. მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი. ყველაფერის დასაწყისი იყო „პოდმოსკოვნიე ვეჩერა“, სხვათა შორის . . .“ – განაცხადა უშაკოვმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტმონიტორის შეფასებით გია ვოლსკის ნათქვამი არის მეტწილად სიმართლე. 2025 წლის „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის „SCO პლიუს“ ფორმატში გარდა წევრი, დამკვირვებელი ან დიალოგში მყოფი ქვეყნებისა, მონაწილეობა მიიღეს ვიეტნამის, ინდონეზიის, ლაოსის, მალაიზიის და თურქმენეთის პირველმა პირებმა. ასევე მონაწილეობდნენ 10 საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.