ვერდიქტი: მცდარი
17 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 16 დეკემბრის სხდომაზე, უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა (მათი პოზიციის შესახებ სხდომის დამთავრებისთანავე გახდა ცნობილი), ქართველი თანამდებობის პირებისთვის დამატებითი სანქციების დაწესების დაბლოკვას მხარს უჭერდა კიდევ სამი ქვეყანა – რუმინეთი, ესპანეთი და იტალია. „მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იმავე საღამოს საპასუხო განცხადებები გაავრცელეს სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალური პლატფორმა X -ზე: „გამოვხატავთ ძლიერ იმედგაცრუებას, ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოდგენის გამო. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, ევროკავშირთან ასოცირების დიალოგის და ქართველების კანონიერი პროტესტის ძალადობრივი რეპრესიების შესახებ”.
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X -ზე: “ესპანეთმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სერიოზული შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებებთან და სავარაუდო დეზინფორმაციულ კამპანიასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გუშინ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიისთვის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებით”
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა საკუთარ ვებგვერდზე.

“იტალია კიდევ ერთხელ მკაფიოდ გმობს ბოლო კვირებში ქვეყანაში მომხდარ ყველა ძალადობას. მხარს უჭერს უმაღლესი წარმომადგენლის, კალასის მიერ შემოთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებებს, რაც წევრი ქვეყნების თანხმობის არარსებობის გამო დაიბლოკა. ჩვენი ქვეყანა, ასევე დაეთანხმა დიპლომატიური ვიზების შეჩერების წინადადებას, რომელიც დაკმაყოფილდა.
ევროკავშირი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის გვერდით და იმედს გამოვთქვამთ, რომ თბილისის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომლითაც ფაქტობრივად შეაჩერეს ქვეყნის ევროპული გზა, გადაიხედება” (რადიო თავისუფლების თარგმანი წყარო)
ირაკლი კობახიძემ სკანდალის შესახებ ისაუბრა 18 დეკემბრის ბრიფინგზე. მან განაცხადა, რომ ამ ქვეყნებმა პოზიცია ზეწოლის გამო შეცვალეს, მანამდე კი ნამდვილად უჭერდნენ მხარს ქართველ ხალხს. „იყო წნეხი, რის გამოც მოუწიათ იმ პოზიციის უკან წაღება, რაც დააფიქსირეს საბჭოზე. თქვენ შეგიძლიათ ამას ტყუილი დაარქვათ, მაგრამ მე არ მინდა. ეს მათი არჩევანია. ფაქტი არის ის, რომ მათ დააფიქსირეს სანქციების საპირისპირო პოზიცია. კიდევ ერთხელ მადლობა ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. მერე მოუწიათ ამ გადაწყვეტილების სხვანაირად წარმოჩენა“. ირაკლი კობახიძემ დასტურად მოიყვანა ქ-ნ კაია კალასის განცხადება: „იყო უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც წავიდა სანქციების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მადლობა ამ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის.“ რუმინეთთან დაკავშირებით მან თქვა: „თუმცა, გუშინ ნახეთ, რომ პირველი რუმინეთი აიძულეს, რომ საწინააღმდეგო პოზიცია დაეფიქსირებინა, ეს არავის უკვირს, თქვენ ნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი რუმინეთში შეაცვლევინეს გადაწყვეტილება ერთ დღეში“, მან რუმინეთთან დაკავშირებით ასევე ახსენა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი. ირაკლი კობახიძემ დაასახელა რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ჟურნალისტი, რომელიც X-ზე წერდა, რომ ევროკავშირი ახლა არ დააწესებდა სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რადგან რამდენიმე ქვეყანა იყო წინააღმდეგი. ჟურნალისტმა კომენტარებში აღნიშნა, რომ ერთერთი ვინც შეეწინააღმდეგა სანქციებს იყო რუმინეთი.
ესპანეთის და იტალიის პოზიციის შესახებ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო წყაროებიდან იყო ცნობილი.

ფაქტების შეჯერების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კობახიძის მიერ მოყვანილი არგუმენტები არ არის სათანადოდ გამყარებული ფაქტებით და სამი ქვეყნის ოფიციალური განცხადებების საპირწონედ ვერ გამოდგება. შესაბამისად, ფაქტმონიტორის ვერდიქტით პრემიერ-მინისტრის 17 დეკემბრის განცხადებაში მოყვანილი ინფორმაცია არის მცდარი.



