საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსი იყო პოზიტიური.
ვერდიქტი: მანიპულაცია
„ფაქტმონიტორმა“ გადაამოწმა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებას (იხ. წყარო). პრემიერ-მინისტრის შეფასება გავრცელდა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ სოციალურ მედიაში.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ შეფასება, რომელზეც ირაკლი კობახიძე მსჯელობს, არის ზოგადი ხასიათის. კერძოდ, მასში არაა მოცემული რაიმე დეტალი, ან კონკრეტიკა, რომელიც საკითხს უფრო მკაფიოდ წარმოაჩენდა.
აუცილებელია ითქვას, რომ ეუთო/ოდირის მიერ ე.წ. შუალედური დასკვნაა გამოქვეყნებული. როგორც წესი და როგორც ეს დამკვიდრებულ რეალობაში გვხვდება, საბოლოო დასკვნა გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნდება. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა 2021 წლის მარტში გამოქვეყნდა (იხ. წყარო).
ირაკლი კობახიძის ნათქვამი კი შუალედური დასკვნის მხოლოდ ერთ ნაწილზე აკეთებს აქცენტირებას. ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა არა მხოლოდ პოზიტიურ, არამედ − ნეგატიურ მხარეზეც ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, მასში გამახვილებულია ყურადღება ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა: ამომრჩევლების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არათანაბარი გარემო მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ხმის ფარულობის დარღვევა და პოლარიზებული გარემო.
შესაბამისად, ირაკლი კობახიძეს პოზიცია სათავისოდ აქვს განმარტებული და მასში არ ჩანს რეალური მოცემულობა. ეს კი ნიშნავს, რომ იგი მანიპულირებს შუალედური დასკვნის ნაწილით და საზოგადოებას არ აწვდის სრულ სურათს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტმონიტორს“ მიაჩნია, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება არის მანიპულაცია.
