...

ლევან ხაბეიშვილი: „ქართული ოცნება“ უმცირესობაში იქნებოდა, მაგრამ მაჟორიტარებით მოიგეს.

ვერდიქტი
მცდარი

ლევან ხაბეიშვილი: „ქართული ოცნება“ უმცირესობაში იქნებოდა, მაგრამ მაჟორიტარებით მოიგეს.

ფაქტ-მონიტორის დასკვნით ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის სიცრუე

25 იანვარს “TV პირველის გადაცემაში “რეაქცია” – “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა  განაცხადა: „2020 წელს ოცნებამ რამდენი პროცენტი აიღო? …46-48 დაახლოებით. დანარჩენმა ოპოზიციამ აიღო 52%. 2020 წლის არჩევნები რომ არ ყოფილიყო მაჟორიტარული და ბიძინა ივანიშვილს რომ არ გადაეგდო ხალხი, დღეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვერ იქნებოდა“.

ფაქტ-მონიტორის ვერდიქტი: სიცრუე

ლევან ხაბეიშვილი საუბრობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირებაზე, ნულოვანი ბარიერის პირობებში.

https://www.youtube.com/watch?v=bAhT995fiak

2019 წლის 14 ნოემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ეხებოდა, საქართველოს პარლამენტში ჩავარდა.

2020 წლის მარტში, პოლიტიკურმა ძალებმა კონსენსუსს მიაღწიეს, და განისაზღვრა, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობა 73-დან 30-მდე შემცირდებოდა, ხოლო პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით არჩეული პარლამენტის წევრების რაოდენობა 77-დან 120-მდე გაიზრდებოდა. საარჩევნო ბარიერმა 1%-მდე დაიწია.

არჩევნები გაიმართა 31 ოქტომბერს. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით პოლიტიკურმა ძალამ  „ქართულმა ოცნებამ“ 48.22% მოიპოვა. „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა  30-ვე მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს.

1%-იანი ბარიერი 9 პოლიტიკურმა ძალამ გადალახა. ბუნებრივი ბარიერი  ამომრჩეველთა 0.67% გახლდათ.

წყარო

არჩევნები რომ ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარებულიყო პარლამენტში ნინო ბურჯანაძის პარტიაც შევიდოდა, რომელმაც ამომრჩეველთა 0.85%-ის მხარდაჭერა მიიღო. ამ პირობებში საქართველოს პარლამენტში ათი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდებოდა. მათ ცესკოს მონაცემებით ჯამში საარჩევნო ხმების 94.7% დააგროვეს. არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა 40-მდე პარტიამ ბუნებრივი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა.

შესაბამისად, არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს „ქართული ოცნება“ მაჟორიტარების გარეშე უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა.   გაუნაწილებელი მანდატების ბარიერგადალახულ სუბიექტებზე გადანაწილების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ 50.9%-ს აიღებდა, რაც 76 დეპუტატს ნიშნავს, რასაც გაუნაწილებელი მანდატებიდან კიდევ 1 მანდატი დაემატებოდა. 77 მანდატი უკვე უმრავლესობაა და საკმარისია მთავრობის სრული შემადგენლობის დამოუკიდებლად დასაკომპლექტებლად.

ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უბარიეროდ და სრულად პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში, თუ პარტიები მიიღებდნენ ისეთივე მხარდაჭერას, რაც მიიღეს, ქართული ოცნება 77 მანდატით მიიღებდა უმრავლესობას. შესაბამისად, ლევან ხაბეიშვილის განცხადება ეწინააღმდეგება არსებულ აქტუალურ მონაცემებს და “ფაქტ-მონიტორის” შეფასებით წარმოადგენს სიცრუეს.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.