სალომე სამადაშვილი: კობახიძე ამბობს, რომ მიგრაციის შესანიშნავი მონაცემები გვაქვს
ფაქტ-მონიტორის დასკვნით სალომე სამადაშვილის განცხადება შეიცავს უზუსტობებს.
ვერდიქტი მანიპულაცია
11 თებერვალს, ტელეკომპანია TV პირველის გადაცემაში “დღის ამბები,” პარტია “ლელოს” ეკონომიკურ ხედვებზე საუბრისას, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა, ახალდანიშნული პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ტყუილში დაადანაშაულა:
“კობახიძემ პარლამენტში ტყუილებით დაიწყო და დაამთავრა თავისი გამოსვლები. მათ შორის გვარწმუნებდა, რომ გვაქვს შესანიშნავი მონაცემები მიგრაციის, როდესაც დაიცალა საქართველო ქართველებისგან და 250 ათასმა ადამიანმა დატოვა საქართველო ოცნების მმართველობის პირობებში”.
ფაქტის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ირაკლი კობახიძე, პრემიერმინისტრის კანდიდატის რანგში საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრისას, საპირისპირო შეფასებას აკეთებს: “ჩვენ არ ვართ კმაყოფილი არც მიგრაციის, არც შობადობის, არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებით, არის სერიოზული გამოწვევები.” მას მოყავს მონაცემები იმის საჩვენებლად, რომ “ქართული ოცნების” პირობებში მოსახლეობის მიგრაციის შეჩერების ტენდენცია დაიწყო 2014 წლიდან, ხოლო 2014-2023 წლებში საქართველოს მოსახლეობა 19,500 ადამიანით გაიზარდა.
https://www.interpressnews.ge/
წყარო: საქსტატი
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძემ მიგრაციის სალდო (ქვეყნიდან გასული და შემოსული ადამიანების თანაფარდობას) 2014 წლიდან დათვალა, მას ყურადღება არ გაუმახვილებია ზრდის მიზეზებზე და/ან მოქალაქეობის მიხედვით ადამიანთა რიცხოვნობაზე.
თუმცა, სალომე სამადაშვილის ნათქვამის საპირისპიროდ, ირაკლი კობახიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს არსებული დემოგრაფიული სურათით: “არის ცუდი სურათი მთლიანობაში დემოგრაფიული კუთხით”- აკონკრეტებს ის. “ფაქტ-მონიტორის” დასკვნით, სალომე სამადაშვილი მიმართავს მანიპულაციას, კონკრეტული პირის მიმართ უნდობლობის გაჩენის მიზნით.