ტელემაუწყებელ „იმედის“ სოციალური მედიის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც საკითხს წარმოაჩენს იმგვარად, თითქოს აშშ-მ (ვაშინგტონმა) უკრაინას (კიევს) სამხედრო დახმარება შეუჩერა.
ვერდიქტი: მანიპულაცია
„ფაქტმონიტორმა“ გადაამოწმა ტელემაუწყებელ „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი აღარ ეხმარება კიევს სამხედრო ნაწილში. „ფაქტმონიტორის“ შეფასებით, აღნიშნული საკითხი არის რეალობის არამართებულად გავრცელების მცდელობა და წარმოადგენს მანიპულაციას.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება საგარეო დახმარების 90 დღით შეჩერების შესახებ.
24 იანვარს, აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოეთის ქვეყნების უმეტესობას ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერა.
რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მარკო რუბიოს ბრძანება უკრაინის ფინანსურ დახმარებასაც ეხება. “Politico” -ს სტატიაში, სადაც ეს საკითხია განხილული, ნათქვამია: “კიევის მომხრეები იმედოვნებენ რომ ეს პაუზა არ დააბრკოლებს კიევის სამხედრო ძალისხმევას”.
„New York Times-ის“ სტატიაში საკითხი უფრო კონკრეტულადაა წარმოჩენილი, ვიდრე ამას მედიასაშუალება ავრცელებს (სტატიის სრული ვერსია იხ. წყარო). კერძოდ, სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული გარემოებაზე, რომ ცალკეული პროგრამები/დახმარებები აშშ–ს მიერ შეჩერდა უპირატესად იმ ნაწილში, რაც სახელმწიფო დეპარტამენტთანაა დაკავაშირებული. შესაბამისად ტელემაუწყებელს სოციალური მედიის თავის გვერდზე აღნიშნული ინფორმაცია სრულყოფილად არ გაუვრცელებია.
პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელიც გამოქვეყნებულია „CBSNEWS-სა“ და მის ვებგვერდზე (იხ. წყარო), სადაც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ-ს არ შეუჩერებია სამხედრო დახმარება უკრაინაში.
ანალოგიურად ავრცელებს ინფორმაციას ერთ-ერთი მედიასაშუალება − The Guardian (იხ. წყარო), სადაც ასევე განმარტებულია უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია, რომლითაც იგი ადასტურებს, რომ სამხედრო დახმარების შეწყვეტა არ მომხდარა.
ის, რომ ტელემაუწყებელ „იმედის“ მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციაა, ზემოაღნიშნული წყაროების მსგავსად ადასტურებს „Independet-ი“, რომელშიც 2025 წლის 25 იანვრით თარიღდება ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები და სადაც დასახელებული წყაროების მსგავსად მითითებაა, რომ აშშ-ს მხრიდან არ მომხდარა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება (იხ. წყარო).
შესაბამისად, ტელემაუწყებელ „იმედს“ საკითხი სათავისოდ აქვს განმარტებული და მასში არ ჩანს რეალური მოცემულობა. ეს კი ნიშნავს, რომ იგი მანიპულირებს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციით, არ ავრცელებს სათანადო ინფორმაციას და საზოგადოებას არ აწვდის სრულ სურათს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტმონიტორს“ მიაჩნია, რომ ტელემაუწყებელ „იმედის“ განცხადება არის მანიპულაცია.
