ვერდიქტი: ყალბი ამბავი
Facebook ჯგუფი „ანტი-გლობალისტური მოძრაობა საქართველოში“ ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცია.
საინტერესოა, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა დეზინფორმაციის გამოქვეყნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასულ კვირას, 10 მარტს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ თემაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
ფრანგული ტელეარხის FT1 ჟურნალისტის შეკითხვაზე, ყოფილა თუ არა ის ოდესმე სექსისტური ან მაჩისტური თავდასხმების მომსწრე, მაკრონმა განაცხადა, რომ „ყველაზე უარესი არის ყალბი ინფორმაცია და ფალსიფიცირებული სცენარები, რომლებსაც საბოლოოდ ადამიანები იჯერებენ და გულს გტკენენ თქვენ, მათ შორის პირად ცხოვრებაშიც.“
რატომ გახდა იძულებული საფრანგეთის პრეზიდენტი ამ თემაზე ესაუბრა? საქმე იმაშია, რომ რამდენიმე წელია სოციალურ ქსელებში მოძრაობს ხმები, თითქოს მისი მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი არის ტრანსგენდერი ქალი, შესაბამისად აქვს ყალბი იდენტობა და ასეთი ადამიანი არასოდეს არსებულა, ვიდრე 1980-იანი წლების დასაწყისში სქესის შეცვლის ოპერაციის შემდგომ საზოგადოებას არ მოევლინა როგორც ბრიჯიტ ტრონიე. ყურადღება არ ექცევა იმას, რომ ბრიჯიტი ცნობილი ოჯახიდან არის და საზოგადოება მას თვალს ბავშვობიდან ადევნებს. ბრიჯიტის ოჯახი, რომელსაც ტკბილეულის პოპულარული ბრენდი Trogneux ეკუთვნის, ყოველთვის ფრანგული მედიის ინტერესის ობიექტი იყო.
ერთი შეხედვით დაუჯერებელია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს მსგავსი აბსურდული ბრალდების უარყოფა უწევთ. თუმცა დეზინფორმაცია ასე მუშაობს, განზრახ შექმნილი ცინიკური სიყალბე, მრავალჯერადი განმეორების შემდეგ, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის სარწმუნო ხდება.
ყალბი ინფორმაცია პირველად 2021 წლის სექტემბერში გამოჩნდა ულტრამემარჯვენე რესურსზე Faits et Documents (ფაქტები და დოკუმენტები) და შეუმჩნეველი დარჩა, სანამ „დამოუკიდებელი ჟურნალისტი“ ნატაშა რეი (Natasha Rey) 2021 წლის 10 დეკემბერს YouTube არხზე არ გამოჩნდა მედიუმთან ერთად. ინტერვიუში ქალებმა შეაჯამეს „სამწლიანი გამოძიების“ შედეგები. მათ წარმოადგინეს ბრიჯიტ მაკრონის საოჯახო ფოტო და ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ გოგონა, რომელიც დედის კალთაში ზის არის არა ბრიჯიტი, არამედ მისი გარდაცვლილი უფროსი დის შვილი ნატალი ფარსი (Nathalie Farcy). ხოლო ბიჭი, რომელსაც კუბოკრული პერანგი აცვია, არის ბრიჯიტი, რომელსაც მაშინ ჟან-მიშელ ტრონიე (Jean-Michel Trogneux) ერქვა.
ყალბი ამბავი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. 2022 წელს ემანუელ მაკრონი მეორედ მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში და სხვადასხვა ძალებმა დეზინფორმაცია მისი რეპუტაციის დასაზიანებლად გამოიყენეს.
მოგვიანებით დასახელდა ვინმე ქეთრინ ოზიე (Catherine Auzière), ვისთანაც თითქოს ბრიჯიტ მაკრონს სქესის შეცვლამდე რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა. გვარი ოზიე შემთხვევით არ გაჟღერებულა, ბრიჯიტ მაკრონი პირველ ქორწინებაში იყო ბანკირ ანდრე-ლუი ოზიესთან (André-Louis Auzière), მათ სამი შვილი ჰყავთ. საფრანგეთის პირველმა ლედიმ ქეთრინ ოზიესთან ერთად შეიტანა სარჩელი ცილისწამების შესახებ და 2023 წლის იანვარში სასამართლო განხილვა მათ სასარგებლოდ დასრულდა. „დამოუკიდებელი ჟურნალისტი და მედიუმი“ 7-7 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ.
ბრიჯიტ მაკრონის ოჯახის წევრებს ცილისწამებამ დიდი ტკივილი მიაყენა. წელს, მარტის დასაწყისში, ბრიჯიტ მაკრონის უმცროსმა ქალიშვილმა, ტიფან ოზიემ (Tiphaine Auzière) ჟურნალთან Paris Match საუბრისას თქვა: „მე ვღელავ საზოგადოების გამო, როდესაც მესმის, რომ სოციალურ ქსელებში მოძრაობს ხმები იმის შესახებ, რომ დედაჩემი არის მამაკაცი. განცხადების კადნიერება და ამ განცხადებების სიმძიმე… ნებისმიერს შეუძლია თქვას რაც უნდა და ვის შესახებაც უნდა და დიდი დრო არის საჭირო, რომ უკან დაიხიონ.“

