ვერდიქტი: ყალბი ამბავი
17 მარტს Facebook გვერდმა PUBLICIST.GE გამოაქვეყნა დეზინფორმაცია, თითქოს რომის პაპმა ფრანცისკემ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„პონტიფიკის მილოცვა“ PUBLICIST.GE-ზე რუსული პროპაგანდისტური არხებიდან მოხვდა, თუმცა იმავე არხებით გავრცელებული ცნობა, რომ ფაქტი ყალბია და ის რომის პაპის პრეს-სამსახურმა (Sala Stampa della Santa Sede) უარყო, გვერდმა აღარ გააზიარა.
ვატიკანის პასუხი 18 მარტს „რია ნოვოსტის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„რია ნოვოსტი“ იყო ყალბი ინფორმაციის გავრცელების წყაროც. სააგენტომ საკუთარ ვებ-გვერდზე კვირას, 17 მარტს, არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე განათავსა „სტაროვერების მსოფლიო კავშირის“ თავჯდომარის ლეონიდ სევასტიანოვის (Леонид Севастьянов) განცხადება: „რომის პაპი პუტინს რუსეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.“ სევასტიანოვმა, რომელიც რუსულ მედიასივრცეში კათოლიკური ეკლესიის მეთაურთან თავისი არაფორმალური ურთიერთობით არის ცნობილი, პონტიფიკის ხედვაც განმარტა: „პაპი ვატიკანს მოიაზრებს საერთშორისო პლატფორმად, რომელსაც შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ზოგიერთი ფუნქცია ჩაანაცვლოს.“
პროკლემლისტურმა საინფორმაციო საშუალებებმა დაუყოვნებლივ გააზიარეს „მილოცვა,“ რომელიც თითქოს რომის პაპმა ლეონიდ სევასტიანოვის საშუალებით გაახმოვანა, იმის მიუხედავად, რომ სევასტიანოვი ადრე ხშირად ყოფილა მხილებული პაპის სახელით საკუთარი მოსაზრებების გავრცელებაში.
ბოლო დროს პროკრემლისტური პროპაგანდა პაპის, როგორც ავტორიტეტული პირის მოსაზრებებს საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციისთვის იყენებს, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, რომლებიც გაურკვეველობას და ორაზროვანებას შეიცავს. ამჯერად „მილოცვამ“ რუსეთის საზოგადოების ის ნაწილი გაამხნევა, რომელიც პუტინს თანაუგრძნობს და ყურადღებით აკვირდება რომელი ქვეყანის ლიდერმა მიულოცა პუტინს მე-5 ვადით გაპრეზიდენტება. მას შემდეგ, რაც რომის პაპმა, შვეიცარიის ტელე და რადიოკომპანიასთან RSI, უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას თქვა ცნობილი სიტყვები „თეთრი დროშის“ შესახებ, ამ ადამიანებს პაპი პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერად მიაჩნია. რუსულ სოციალურ ქსელებში წერენ, რომ პაპმა მილოცვა პუტინს სიტყვიერად გადასცა, თუმცა პოლიტიკური მოსაზრებების გამო მან აღნიშნული ფაქტი უარყო, რათა დაპირისპირებული ბანაკებიდან რომელიმესთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინა.
