...

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

ვერდიქტი
ვერდიქტის გარეშე

მედიაში გავრცელდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას სიტყვები, რომელმაც ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე დააფიქსირა პოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თაობაზე. თემის აქტუალობის გათვალისწინებით „ფაქტმონიტორმა“ შეისწავლა საკითხი და წარმოგიდგენთ ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში მოქცეულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების (გაუქმების) შესახებ ინფორმაციას.


წყარო


„ფაქტმონიტორმა“ შეისწავლა 2018 წლის 14 ნოემბრის ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტის 2018/1806 რეგულაცია (იხ. ინგლისურ ენაზე: წყარო), რომელიც მოცემულ საკითხს ეხება. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მოქცეულია რეგულაციის მეორე დანართში  ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორებიც არიან: იაპონია, ბრაზილია, არგენტინა, ახალი ზელანდია და სხვ. თითოეულ მათგანზე უვიზო მიმოსვილის ის წესები ვრცელდება, რაც დღევანდელ რეალობაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოქმედებს.

რაც შეეხება უშუალოდ უვიზო მიმოსვლის მექანიზმის შეჩერებისა და გაუქმების პროცედურას, პირველ რიგში მისი ინიცირების საკითხია გასარკვევი: ზემოთ მოყვანილი რეგულაციის მე-8 მუხლის მიხედვით, ამგვარი ინიცირების ავტორი შეიძლება იყოს ევროკომისია თუ ევროკავშირის ნებისმიერი წევრი სახელმწიფო, ევროკომისიისადმი მიმართვის გზით. თავის მხრივ, ის, თუ რა შეიძლება იყოს მიმართვის წინაპირობა, რეგულაციაში განსაზღვრულია დეტალურად: ა) მოქალაქეთა უკანონო გადაადგილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (და მათი რაოდენობის ზრდა); ბ) თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა; გ) მოქალაქეების დაბრუნებაზე თანამშრომლობის შემცირება; დ) ევროკავშირის წევრი ქვეყნის საჯარო პოლიტიკისა თუ შიდა უსაფრთხოების რისკის ზრდა/გარდაუვალი საფრთხის არსებობა ან შიდა უსაფრთხოება, რაც განპირობებულია შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან კრიმინალური ქმედებების განხორციელებით.

საკითხი უნდა გაანალიზოს ევროკომისიამ, ხოლო, ევროკავშირის წევრ ქვეყანათა უმრავლესობამ (იგულისხმება, 15 ქვეყანა) უნდა მიმართოს მას შემდეგი ზომების გასატარებლად: ა) უვიზო მიმოსვლის შეჩერება 9 თვის ვადით; ბ) ამ დროის მანძილზე იმ მიზეზებზე ხაზგასმა, რაც მიმოსვლის დროებითი შეჩერების საფუძველია; გ) თუ გარემოებები არ შეიცვლება, შეჩერების კიდევ 18 თვით გახანგრძლივება; დ) შესაძლებელია, რომ ევროკომისიამ ევროპლარლამენტს წარუდგინოს ანგარიში, რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ და შესაბამისი ქვეყანა მოექცეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ვიზა ესაჭიროებათ.

ამდენად, 15 წევრი სახელმწიფოს თანხმობა შესაძლებელია გახდეს საფუძველი ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაბრკოლებისთვის. ის, რომ ესტონეთი შეიძლება იყოს ინიციატორი, არ ცვლის მოცემულობას, რადგან ამგვარი ინიციატივის დაყენების უფლებამოსილება ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს გააჩნია.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.