14 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა მანიპულირებული ვიდეონაწყვეტი რეგიონალური მედია “მთის ამბების” რედაქტორის გელა მთივლიშვილის ინტერვიუდან, სადაც ის ტვ ფორმულას გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” პირდაპირი ჩართვისას, მზია ამაღლობელის დაკავებაზე საუბრობს. ვიდეო იმგვარად არის გაჭრილი, რომ მნახველს რჩება შთაბეჭდილება, თითქოს გელა მთივლიშვილი სილის გაწვნის ფაქტს უარყოფს, გაყალბებულ ვიდეოში ისმის: “ტყუილია “ქართული ოცნების”… იტყუება “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედია, რომ მზიამ სილა… ალიყური გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს”. მაშინ, როცა თვალნათლივ ჩანს, რომ პოლიციელების გარემოცვაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, გამოცემების “ბათუმელები” და “ნეტგაზეთი” დამფუძნებელი და რედაქტორი, სილას აწნის ერთ-ერთ პოლიციელს.
სრული წინადადება, რომელსაც გელა მთივლიშვილი 13 იანვარს “პოლიტიკის ფორმულა”-ში ჩართვისას ამბობს, ასე ჟღერს: “იტყუება ამჯერადაც ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედია, რომ მზიამ სილა… ალიყური გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ანუ ტყუილი რა არის? ტყუილი ის არის, რომ ამ პროვოკაციას წინ უძღოდა მზიას შეგინება”.
ინტერვიუს ან ნაწილში გელა მთივლიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა პროსახელისუფლო მედიის მიერ ინციდენტის არასრულად გაშუქების გამო, რადგან მაყურებელმა ვერ დაინახა, რომ მზია ამაღლობელის რეაქცია პოლიციის უფროსის მხრიდან შეურაცხყოფამ გამოიწვია.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით. მას ასამართლებენ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
