9 ნოემბერს, ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომ საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგები აღნიშნული კანონის გათვალისწინებით, ბავშვების მომზადებას ვეღარ შეძლებენ.
“მასწავლებლებო, ახალი კანონის მიხედვით, თუ საჯარო სკოლებში მუშაობთ, მოსწავლეებს ვერ მოამზადებთ რადგან დამატებითია ამ გზით მიღებული შემოსავალი.
მაინც, რომ იცოდეთ“. – წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი.
“ფაქტმონიტორმა” შეისწავლა 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შესული კანონი “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” და დაადგინა, რომ ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი განცხადებები ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას.
საქართველოს კანონი “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან შევიდა ძალაში, ის ეხება საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს.
ასევე გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება N482, (28 ოქტომბერი), რომელშიც მოცემულია იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა შესაბამისად საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს მეორე სამსახურის მოძიება შეეძლება.
თუმცა, ჩამონათვალში არ არის შეყვანილი საჯარო სკოლების პედაგოგები, რამაც გააჩინა აზრი, თითქოს ახალი კანონი პედაგოგებს რეპეტიტორობის უფლებას უკრძალავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განმარტებით, რომელიც მან გააკეთა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “დღის ქრონიკა”. რეპეტიტორობის საქმიანობა არანაირი ნებართვის გაცემასა და შეზღუდვას არ ექვემდებარება.
მინისტრის თქმით, “რეპეტიტორობა” არის ადამიანებს შორის ინდივიდუალური და არასამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე შემდგარი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ისინი თანხმდებიან სამუშაოს მიღმა გარკვეული აქტივობის ჩატარებაზე, შესაბამისად, სამართლებრივი სივრცე მას ვერ არეგულირებს.
“არის შექმნილი ტრენინგ ცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლებისა ოფიციალურად არის დასაქმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე და ამ ფორმით დამატებით ამეცადინებენ აბიტურიენტებს – ასეთ შემთხვევაში თანხმობის მიღება საჭიროა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საათობრივ დატვირთვაში არ მოხდეს გადაფარვა მასწავლებლის ძირითადსა და დამატებით საქმიანობებს შორის. თუ ეს გადაფარვა არ ხდება, რა თქმა უნდა, დირექტორიები გასცემენ შესაბამის ნებართვას.
ჩვენი მიდგომა არის ასეთი – თუ მასწავლებელი სრულფასოვნად ასრულებს თავის ძირითად საქმიანობას და ამის პარალელურად რჩება დრო და რესურსი დამატებითი საქმიანობისთვის, შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებმა ნებართვები უნდა გასცენ მათ სასარგებლოდ და ეს არანაირ შეფერხებას და დაბრკოლებას არ გამოიწვევს.
შეთავსებით დასაქმებასთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისები დიდწილად ეხება საგანმანათლებლო სივრცეს. ამის მიუხედავად, კონკრეტული რადიკალური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანონ შეცდომაში და ამისთვის იყენებენ „რეპეტიტორობის“ ინსტიტუტს, რომელიც სამართლებრივად რეგულირებადი არ არის და ვერ გახდება რაიმე ნებართვის გაცემის საფუძველი.
სპეკულაციური ხასიათი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ოპონენტი რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად აწარმოებენ ცრუ კამპანიას თითქოს, რაღაც ნებართვები არის რეპეტიტორობის საქმიანობისთვის საჭირო. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ეს არანაირი ნებართვის გაცემასა და შეზღუდვას არ ექვემდებარება,” – აღნიშნა მინისტრმა.
ოპოზიციას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძეც. მასთან ინტერვიუს საკუთარი ფეისბუქგვერდით ავრცელებს მედიაჰოლდინგი “კვირა”. არჩილ გოდუაძე ადასტურებს, რომ რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება კანონმდებლობით და პედაგოგებს უპრობლემოდ შეუძლიათ მოამზადონ მოსწავლეები და აბიტურიენტები.
შეჯამების სახით, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონი არ ზღუდავს პედაგოგების რეპეტიტორულ საქმიანობას. მასწავლებლებს შეუძლიათ განაგრძონ მოსწავლეთა მომზადება, როგორც ინდივიდუალურად, ისე (ტრენინგ-ცენტრებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს გავლენას მათ ძირითად სამუშაო საათებზე).
ოპოზიციისა და მათთან აფილირებული პირების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კანონის შეზღუდვებთან დაკავშირებით წარმოადგენს დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ხელოვნურად შექმნილ უკმაყოფილებას. კანონის მიზანი კი არის არა პედაგოგთა საქმიანობის შეზღუდვა, არამედ ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია და საჯარო სექტორში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
