ფაქტმონიტორის ვერდიქტი: სიმართლე
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“-ს თავჯდომარემ, რომან გოცირიძემ ამ შეკითხვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მიმართა, მას შემდეგ, რაც პირველი ვიცე-პრემიერი 3 აპრილს საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოვიდა. რომან გოცირიძემ თქვა, რომ ეს შეკითხვა მინისტრს ადრეც დაუსვა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. პარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ ის არც მინისტრის პასუხმა დააკმაყოფილა BMG-ის ჟურნალისტის იმავე შეკითხვაზე.
საუბარია კონტრაქტზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გააფორმა ფინანსურ ჰოლდინგურ კომპანიასთან Rothschild & Co. კომპანია არის როტშილდების საბანკო ჯგუფის ფლაგმანი, ის როტშილდების ოჯახის ფრანგული და ინგლისური შტოების მიერ კონტროლდება. კომპანიის ბიზნესი საინვესტიციო საბანკო საქმიანობის გარდა მოიცავს რესტრუქტურიზაციას, კორპორაციულ ბანკინგს, აქტივების მართვას და ა.შ.
კომპანია ასევე არის მთავრობების და მსხვილი კომპანიების მრჩეველი და კრედიტორი, მაგალითად, ა/წ თებერვალში Rothschild & Co -ს წარმომადგენლები შეხვდნენ ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, აკილბეკ ჟაპაროვს (Akylbek Japarov) – ნაციონალური მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტების რეალიზაციისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით.
Rothschild & Co-სთან კონტრაქტი საქართველოს მთავრობამ 2021 წლის დეკემბერში გააფორმა. საუბარი იყო კონსულტაციაზე, რომელიც კომპანიას უნდა გაეწია „სპეც. ფინანსური ზონების“ მოდელთან დაკავშირებით. ახალი ტიპის თიზ-ების განთავსებას მთავრობა თბილისში და გონიოში გეგმავდა. შეხვედრა შედგა მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი ღარიბაშვილსა და Rothschild & Co-ს მართვის ორგანოს წევრის, არიელ მალარდ დე როტშილდს (Arielle Malard de Rothschild) შორის. პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით Rothschild & Co-ს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა კომპანიის რამდენიმე წარმომადგენელი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
კონტრაქტი არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია თანხა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან გამოიყო, 3,8 მილიონი ლარი 2022 წელს და 5,9 მილიონი ლარი 2023 წელს. კონტრაქტთან დაკავშირებით არსებობს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც მან 2022 წლის 17 იანვარს გააკეთა: “გავაფორმეთ ხელშეკრულება Rothschild-ის ფინანსურ ჯგუფთან, ჩვენ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება და ეკონომიკის მინისტრს მინდა დავავალო, რომ გაუწიოს კოორდინიაცია ამ პროცესს, მომზადდეს და წარუდგინოს საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.“
ორი წლის შემდეგ ამ თემაზე პირველად ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 27 მარტს მინისტრს BMG -ის ჟურნალისტმა ჰკითხა გაგრძელდება თუ არა Rothschild & Co-სთან 2021 წელს გაფორმებული კონტრაქტი. ლევან დავითაშვილის პასუხი საკმაოდ ბუნდოვანი იყო. მან თქვა, რომ არსებობს Rothschild & Co-ს მიერ შექმნილი “გარკვეული ანგარიშები“ და ეკონომიკის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას საკითხებზე, რომლებსაც ეს ხელშეკრულება ეხებოდა.
4 აპრილს BMG -იმ გაავრცელა დამატებითი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ Rothschild & Co აღნიშნულ კონტრაქტზე კომენტარს არ აკეთებს.
ფაქტმონიტორმა ვერ მოიძია ინფორმაცია საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული კონტრაქტის შესახებ Rothschild & Co- ს ვებ-გვერდზე, სადაც კომპანია რეგულარულად აქვეყნებს ანგარიშებს საკუთარი საქმიანობის შესახებ.
ფაქტმონიტორი თვლის, რომ ზემოთ მოყვანილი ყველა ინფორმაციის გათვალისწინებით, სიმართლეა რომან გოცირიძის განცხადება, რომ კონტრაქტი, რომელიც სრულყოფილი დოკუმენტის სახით შეიძლება არც არსებობდეს, საქართველოს ბიუჯეტს მილიონობით ლარი დაუჯდა.
