22 აპრილს, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ, ტელეკომპანია ფორმულას გადაცემაში „ახალი ფორმულა“ სტუმრობისას, განიხილა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშში მოყვანილი მონაცემები და განხილვა შეაჯამა სიტყვებით: „ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხდა, რომ თითქმის ყველა მთავარი საშემოსავლო გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა“.
1:01:45
საუბარია ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშზე, რომლის მიხედვით 2025 წლის 1 კვარტლის ბიუჯეტში დღგ-ს, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. შემოსავალზე, მოგებაზე და კაპიტალის ღირებულების ნაზარდზე გადასახადების საპროგნოზო მოცულობა იყო 2 699 000.0 ათასი ლარი, მიღებული შემოსავალი 2 694 336.6 ათასი ლარი, რაც გეგმის 99.8% წარმოადგენს. თუმცა ამ ჩამორჩენის მიუხედავად როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებისა და გადასახადების ფაქტობრივი მაჩვენებელი გადაჭარბებით შესრულდა.
მთლიანობაში შემოსავლები იყო 5 700 392.3 ათასი ლარი, რაც პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის 102.1%-ია; აქედან გადასახადების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობა იყო 5 308 000.0 ათასი ლარი, მიღებული კი 5 428 476.5 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის 102.3%-ს შეადგენს.
დეტალურად იანვარ-მარტის შესრულება გადასახადების მიხედვით ასე გამოიყურება:
საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მოცულობა 1.85 მლრდ ლარი, მიღებულია 1.87 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 101.3%;
მოგების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 850 მლნ ლარი, მიღებულია 821 მლნ ლარი, ანუ 96.6%-ია.
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მოცულობა 1.88 მლრდ ლარი, მიღებულია 1.87 მლრდ ლარი, ანუ 99.4%.
აქციზის სახით მიღებული შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 560 მლნ ლარი, მიღებულია 490.5 მლნ ლარი, ანუ 87.6%.
იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მოცულობა 35 მლნ ლარი, მიღებული 31.3 მლნ ლარი, ანუ 89.5%.
სხვა გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-მარტში შეადგინა 339.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის, 130 მლნ ლარის 261.2%-ია.
ზემოთმოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ ვერ შესრულდა ბიუჯეტის ოთხი პარამეტრი. თუმცა რომან გოცირიძის აზრით კიდევ ერთი პარამეტრი “სხვა გადასახადები”, განსხვავებულად არის შესაფასებელი, რადგან ის ანგარიშში მანიპულაციურად არის მოყვანილი. მისი განმარტებით “სხვა გადასახადები” ხაზინის მუხლით ნიშნავს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილ გადასახადებს, რომლებსაც მეწარმეები ზედმეტად ან შეცდომით იხდიან, მაგალითად დღგ-ს. ეს არ არის პრობლემა, რადგან დასაბრუნებელი თანხების ბიუჯეტში დაგროვება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ეს თანხა უკან არის დასაბრუნებელი და ამ მონაცემების ანგარიშში შეყვანა საერთო სურათს ამახინჯებს. “ანუ 339 მილიონი ლარის გადასახადები შემოვიდა ამ მუხლით და აქედან 327 მილიონი ლარი ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადებია… თუ 339-ს გამოვაკლებთ 327-ს, ამ მუხლით, “სხვა გადასახადებით”, ბიუჯეტში შემოსულა მხოლოდ 12 მილიონი ლარი. მაშინ 130 მილიონით გეგმის გადაჭარბება საიდან მოხდა”? – განაცხადა მან.
58:27
ზემოთ მოყვანილი პარამეტრების ვერ შესრულება ნეგატიურად შეაფასეს სხვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც. სოციალურ ქსელში გაზიარდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პოსტი, რომელშიც პოლიტიკოსი საბიუჯეტო კრიზისს წინასწარმეტყველებს: “მარტის ბოლოდან რეგიონებში უჭირთ ვალდებულებების გასტუმრება. შემდეგი რიგში პენსიები და სოც დახმარებებია“.
23 აპრილს კრიტიკულ შეფასებებს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მაჩვენებლების შესახებ განხილვებს სპეკულაციური და საფუძველს მოკლებული უწოდა. “უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთლიანობაში, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებისა და გადასახადების ფაქტობრივი მაჩვენებლები გადაჭარბებით შესრულდა, გადასახადების ზოგიერთ სახეობაში, ფაქტობრივი მაჩვენებლის საპროგნოზო მაჩვენებელთან ჩამორჩენის მიუხედავად”. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური შემოსულობების ფაქტიურმა მაჩვენებელმა 6.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 100.5%-ია. შესაბამისად ნეგატიური შეფასებები უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
ყოველივე ზემოთ მოყვანილის გათვალისწინებით, რომან გოცირიძემ სწორად აღნიშნა ჩამორჩენა დღგ-ის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმის შესრულებაში, თუმცა სადაოა მისი მოსაზრება “სხვა გადასახადების“ გეგმის შეუსრულებლობაზე. შესაბამისად ფაქტმონიტორმა რომან გოცირიძის განცხადება 2025 წლის პირველ კვარტალში თითქმის ყველა მთავარი საშემოსავლო გადასახადის გეგმის ვერ შესრულების შესახებ შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.