ვერდიქტი: ყალბი ამბავი
31 ივლისიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყალბი ამბავი, თითქოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის არტ დირექტორი, თომას ჟოლი, საავადმყოფოშია გადაყვანილი, რადგან მეხი დაეცა. ინფორმაციის წყარო არის TikTok მომხმარებელი @we_the_people_news2.0, მამაკაცი წითელი ქუდით MAGA (Make America Great Again, MAGA, ტრამპისტების სიმბოლო). მან გაავრცელა ვიდეო სადაც სიცილით მიმართავს ყველას, ვინც თომას ჟოლის ნამუშევარში ქრისტეს გმობა ვერ დაინახა: „რა არის შენი პასუხი, მემარცხენევ? … ტიპს, ვინც ეს გააკეთა უცნაურად დაეცა მეხი“. ამჟამად ორიგინალი წაშლილია, თუმცა ვიდეო სოციალურ ქსელებში ზიარდება.
ქართულენოვან ფეისბუქში ყალბი ამბავი რამდენიმე დღის დაგვიანებით გავრცელდა, თუმცა ანგარიშებმა აქაც „ასოშეითიდ პრესის“ გაყალბებული ქარდი გამოიყენეს.
სინამდვილეში, „ასოშეითიდ პრესის“ ქარდზე დატანილი აქვს ტექსტი, რომელიც გვამცნობს, რომ პოლიცია იძიებს კიბერსიძულვილის გამოვლინებებს თომას ჟოლის მიმართ.
ჟოლიმ საჩივარი შეიტანა 30 ივლისს „სიკვდილის მუქარისთვის მისი წარმოშობის და ცილისწამების გამო“. რადგან გახსნის ცერემონიის დასრულებისთანავე ის სოციალურ ქსელებში გახდა „ობიექტი მუქარის და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებების, სადაც აკრიტიკებენ მის სექსუალურ ორიენტაციას და შეცდომით ნავარაუდებ ებრაულ ფესვებს“.
„ფრანს ინფოს“ ცნობით, გამოძიებას აწარმოებს პარიზის პროკურატურის ინტერნეტ-სიძულვილთან ბრძოლის ნაციონალური ცენტრი (PNLH).
ფაქტმონიტორი შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ჩატარდა პარიზში 27 ივნისის ღამეს. კრიტიკა მოჰყვა მასში ჩართულ ერთ-ერთ ფრაგმენტს დრაგ-ქვინების მონაწილეობით (მსახიობი მამაკაცები, იცმევენ ქალის ტანსაცმელს და იყენებენ მკვეთრ გრიმს), რომელიც ბევრმა ადამიანმა მთელი მსოფლიოდან „საიდუმლო სერობაზე“ მინიშნებად ჩათვალა.
თომას ჟოლის მიმართ მუქარას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მან განაცხადა რომ „აღშფოთებულია“ ოლიმპიური თამაშების ქორეოგრაფის კიბერბულინგით. „არაფერი ამართლებს მუქარას არტისტის მიმართ. ფრანგები ძალიან ამაყობენ ამ ცერემონიით. საფრანგეთმა აჩვენა თუ როგორია ის – აჩვენა თავისი სითამამე და ეს შესაბამისი სიმამაცით გააკეთა“.
ურყევი მხარდაჭერა გამოთქვა პარიზის მერმაც. ან იდალგომ აღნიშნა, რომ „პარიზი ყოველთვის იქნება ხელოვანის, შემოქმედის მხარეს და შესაბამისად თავისუფლების მხარეს“.


