IEP-ის, ავსტრალიის ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ტერორიზმის ნულოვანი გავლენა ფიქსირდება. რაც გულისხმობს, რომ 2024 წლის განმავლობაში საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ტერორისტული გამოწვევების კონტექსტში უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენს. ანგარიშს გამოხმაურება მოჰყვა როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებების, ისე პოლიტიკური პარტიებისა თუ სახელმწიფო უწყებების დონეზე.
ფაქტმონიტორმა შეისწავლა საკითხი. იგი უპირატესად გაეცნო ინფორმაციას, თუ რამდენად მართებული იყო მედიაში (იხ. მაგალითად, წყარო) საქართველოს მთავრობის (იხ. წყარო), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა (იხ. წყარო) და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველოს“ (იხ. წყარო) მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
IEP-ის, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (იხ. წყარო) მიხედვით, საქართველოზე წინ (ეს ნიშნავს, რომ ტერორიზმის თვალსაზრისით, უარეს მდგომარეობაში) არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: იტალია (74-ე ადგილი), იაპონია (72-ე ადგილი), შვეიცარია (62-ე ადგილი), დიდი ბრიტანეთი (41-ე ადგილი), საფრანგეთი (მე-40 ადგილი), აშშ (34-ე ადგილი), გერმანია (27-ე ადგილი) და სხვ. სიას სათავეში უდგას ბურკინა ფასო, რომლის მაჩვენებელია − 8.581 (10-დან).
საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ერთად ნული ქულა აქვს მინიჭებული (მაქსიმალური 10 ქულიდან). შესაბამისად, იგი ბოლო (მაშასადამე, ტერორიზმის გავლენის მხრივ ყველაზე დაბალი რისკის შემცველ) პოზიციებს იკავებს და რეიტინგში მე-100 ადგილზეა მოხვედრილი.
შესაბამისად, ფაქტმონიტორი აჯერებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას (მათ შორის სახელმწიფო ორგანოების მიერ) და მიიჩნევს, რომ თითოეული აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება.
