ვერდიქტი: მანიპულაცია
დისკვალიფიკაციის შესახებ სერბმა ძიუდოისტმა ნემანია მაიდოვმა საზოგადოებას 15 სექტემბერს აცნობა ინსტაგრამით. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გრძელი ტექსტი, სადაც ამბობს, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ხუთი თვით ჩამოაშორა ტურნირებს და შეკრებებს. „15 დღის წინ მივიღე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება, რომ თავიანთი რელიგიური წესების გამო მე მომცეს ხუთთვიანი დისკვალიფიკაცია. იმიტომ ჩამომაშორეს, რომ პირჯვარი გადავიწერე ოლიმპიადაზე. ამიკრძალეს მონაწილეობა ყველა ტურნირში, შეკრებაში, ვარჯიშში. მართალია, შემეძლო თავის დასაცავად ბოდიში მომეხადა პირჯვარის გამო. მაგრამ მე ამას არასოდეს არ გავაკეთებ. მართალია, იმ მომენტში არ ვიცოდი რა ვადით შეეძლოთ ჩემი ჩამოცილება. ღმერთმა მე მომცა ყველაფერი – როგორც პირადად მე ისე ჩემს კარიერას, ჩემთვის ის პირველი ნომერია. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება. დიდება მას ყველაფრისთვის … ჯერ-ჯერობით დავისვენებ, შემდეგ კი ჩვენი ღმერთის, იესო ქრისტეს დახმარებით დავბრუნდები ახალ სტარტს და ახალ გამარჯვებებს“.
ეს პოსტი, სადაც ნემანია მაიდოვი აშკარად მანიპულირებს საზოგადოების რელიგიური გრძნობებით, რამდენიმე ცნობილმა სპორტსმენმა მოიწონა, მათ შორის ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.
ინფორმაცია გაზიარდა ქართულ სოციალურ ქსელებშიც, სადაც ქართულენოვანი ფეისბუქანგარიშები და სპორტული გვერდები შეშფოთებას გამოთქვამენ ლაშა ბექურის შესაძლო დესკვალიფიკაციის გამო. ნემანია მაიდოვის დისკვალიფიკაციის შესახებ მანიპულაციურ ნარატივს იმეორებს CristalSport-იც: „სერბი ძიუდოისტი ტატამზე შესვლამდე პირჯვრის გადაწერის გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 5-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს“.
ლაშა ბექაურს ახსენებს პორტალი Judoinside.com. რომელიც იზიარებს ნემანია მაიდოვის მოსაზრებას და წერს: „ეს რელიგიური ჟესტი აკრძალულია IJF -ის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლით. ცნობილია, რომ მსგავს ჟესტებს მიმართავენ სხვა ძიუდოისტებიც, როგორც მაგ, ქართველი ლაშა ბექაური. ჯერ-ჯერობით უცნობია, ისინიც მიიღებენ თუ არა გაფრთხილებას“.
თემა ფართოდ გაშუქდა რუსულ მედიასივრცეშიც როგორც მართლმადიდებლური ჟესტის გამო სერბი სპორტსმენის დასჯის მაგალითი. მოჰყავდათ ნაწყვეტი ფედერაციისგან ნემანია მაიდოვისთვის გაგზავნილი წერილიდან, რომელიც თავად სპორტსმენმა გაავრცელა (უნდა ითქვას, რომ მან წერილის სრული ვერსია არ გამოაქვეყნა): „თქვენ ტატამზე გამოსვლის წინ აშკარად რელიგიური ჟესტის დემონსტრირებით და შეჯიბრების შემდეგ მოწინააღმდეგისთვის თავის დაკვრაზე უარით, ჩაიდინეთ პოტენციური დარღვევა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის 2023 წლის 27 თებერვლის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის“. შემდეგ, როდესაც ემოციებმა ადგილი დაუთმეს ფაქტების ანალიზს, დამოკიდებულება შეიცვალა. 17 სექტემბერს დისკვალიფიკაციის ოფიციალურ მიზეზებზე ისაუბრა რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი სოლოვეიჩიკმა. მან თქვა: „ მეიდოვი დისკვალიფიცირებულია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო: მან არ გამოხატა პატივისცემა მეტოქის მიმართ, თავი არ დაუკრა ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ასევე აშკარად ჩანდა რომ არ ეთანხმებოდა მსაჯების გადაწყვეტილებას. წესების დაცვა ერთ-ერთი საფუძველია სპორტის ჩვენი სახეობის. ძიუდო არის არა მხოლოდ ორთაბრძოლა, არამედ აღზრდაც: ის გვასწავლის გარშემომყოფთა პატივისცემას, სიმტკიცეს და სიმშვიდეს. რაც შეეხება რელიგიურ ჟესტს, IJF -ს მარეგულირებელ დოკუმენტებში მითითებულია, რომ მთავარია სპორტული პრონციპები. ძიუდოში არ არსებობს დაყოფა არც ნაციონალური, არც რელიგიური, არც სხვა პრინციპის მიხედვით“.
სერბი ძიუდოისტი ნემანია მაიდოვი გახდა მესამე სპორტსმენი, რომელმაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე არასპორტული საქციელისთვის IJF-ის დისკვალიფიკაცია მიიღო, ტარა ბაბულფატის (3 თვე) და გურამ თუშიშვილის (6 თვე) შემდეგ.
პარიზის ოლიმპიადაზე ნემანია მაიდოვი მოქმედი მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის რანგში ასპარეზობდა, როგორც 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ფავორიტი. ის 1/8 ფინალში დამარცხდა ბერძენ თეოდოროს ცილიდისთან, სამი ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ. ბრძოლა მხოლოდ ორ წუთს გაგრძელდა. მაიდოვმა წაგება არ აღიარა, უარი თქვა ტრადიციულ თავის დაკვრაზე და სოციალურ ქსელებში IJF-ის შეურაცხმყოფელი პოსტების და მუქარის შემცველი გამონათქვამების გამოქვეყნება დაიწყო.

