ვერდიქტი: მცდარი
14 ნოემბერს “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ ბულდოზერებით გადაუარა მშენებარე ეკლესიას – ტაძარს, რომლის აშენებასაც მოქალაქეები 14 წლის განმავლობაში ცდილობდნენ. სიუჟეტის ავტორების თქმით, ადგილზე არსებული “ეკლესია” ნანგრევებად იქცა.
“მერიამ მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა – ტაძარი, რომელსაც მოქალაქეები 14 წელი აშენებდნენ ნანგრევებად არის ქცეული“
დღეს, 15 ნოემბერს გავრცელებულ ბრალდებებს დედაქალაქის მერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საუბარი ეკლესიის დანგრევაზე რეალობას არ შეესაბამება. კახა კალაძის თქმით, თუ კონკრეტულ დასახლებას მართლაც სჭირდება ტაძარი, მერია მზადაა ხელი შეუწყოს პროექტის შეთანხმებასა და განხორციელებას.
მერის განცხადებით, ტერიტორიაზე მდებარე კონსტრუქცია, რომლის დემონტაჟიც მოხდა, ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებული არ იყო და რამდენიმე თვის წინ უკანონოდ გაჩნდა აღნიშნულ ადგილზე.
“თუ იმ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, განხორციელებას და ა.შ. თუმცა, ამ ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ტერიტორიაზე, არანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასთან და ეკლესიის მშენებლობასთან,”- აცხადებს დედაქაქალაქის მერი კახა კალაძე.
შესაბამისად “ტვ პირველი” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ რეალობას იგი, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს საზოგადოებაში ემოციური ფონის შექმნას და რელიგიური თემებით მანიპულირებას. მსგავსი გზავნილები საზოგადოებაში აჩენს მღელვარებას, თითქოს სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობს რელიგიური ობიექტების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე