ხაბეიშვილი: ევროკავშირიდან წამოვა 14 მილიარდამდე ინვესტიცია, რომელსაც მთავრობა ვერ აითვისებს.
ფაქტ-მონიტორის ვერდიქტი: ხაბეიშვილის განცხადება არის მანიპულაციური
2023 წლის 28 დეკემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, საავტორო გადაცემაში „თარგამაძის ფორმულა“ – “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „აი ახლა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ, 14 მილიარდამდე ინვესტიცია უნდა წამოვიდეს საქართველოზე. რა ინვესტიციის ამთვისებელი არიან ესენი…“
გ.თარგამაძე: „ეს საერთო ფონდია, მაგრამ…“
ლ.ხაბეიშვილი: „14 მილიარდამდე, კაცო, ამ ოთხ წელიწადში… 14 მილიარდ დოლარზე ვსაუბრობ. ერთი ხიდი, გრიგოლეთი – სამტრედიის დამაკავშირებელი ხიდი ვერ ააშენეს…14 მილიარდამდე ინვესტიცია წამოვა, მაგრამ მთავრობა ვერ აითვისებს…
ფაქტ-მონიტორმა გადაამოწმა რამდენად შეესაბამება რეალობას, რომ საქართველომ შეიძლება ევროკავშირიდან 14 მილიარდამდე ინვესტიცია მიიღოს.
ფაქტი გაჟღერდა ევროპის ქვეყნებში სამუშაოს საძიებლად წასული ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების კონტექსტში. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მწვავე თემაა. ამ თემასთან დაკავშირებული არასწორი მონაცემების და ფაქტების გამოყენებთ საზოგადოებაში უნდობლობის და ნეგატიური დამოკიდებულებების ფორმირება არის შესაძლებელი.
ფაქტ-მონიტორმა შეისწავლა ევროკავშირის მიერ 14 მილიარდიანი ინვესტიციის გამოყოფის საკითხი.
კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების წინა პერიოდში მართლაც გამოეყოფათ ფინანსური დახმარება – რეფორმების ჯაჭვის დასასრულებლად და საკუთარი ეკონომიკების გასამართად. ამ დახმარების მიზანი არის მათი გაძლიერება, რომ გაწევრიანების შემდეგ გაერთიანების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეძლონ.
2007 წლიდან ევროკავშირი გაფართოების რეგიონის ფინანსური დახმარებისთვის ერთადერთ საშუალებას იყენებს, ეს არის გაწევრიანებისწინა მხარდაჭერის ინსტრუმენტი – IPA (Instrument for Pre-accession Assistance).
2007-2013 წლებში IPA-ს ბიუჯეტი იყო 11,5 მილიარდი ევრო.
მისი მემკვიდრე – IPA II, 2014-2020 წლებში დაფინანსდა 12,8 მილიარდი ევროთი.
მრავალწლიანი ფინანსირების საბიუჯეტო პაკეტი, IPA III შეადგენს 14, 162 მილიარდ ევროს და მოიცავს 2021-2027 პერიოდს.
შესაბამისად, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაში საუბარია გაწევრიანებისწინა მხარდაჭერის ინსტრუმენტზე IPA III, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 14 მილიარდს შეადგენს. თუმცა, IPA III -ის შემთხვევაში ფინანსირება ნაწილდება არა ქვეყნების, არამედ თემატური პრიორიტეტების მიხედვით, მაგ. ხარჯების მეტი ნაწილი განკუთვნილია “მწვანე” ინციატივებზე. IPA III ამით მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი წინამორბედი ინსტრუმენტებისგან, რომელთა საშუალებით წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს მნიშვნელოვანი თანხები რეფორმების მხარდასაჭერად. კანდიდატის სტატუსის მიღებამ შეიძლება საქართველოსაც გაუხსნას გზა ამ ფინანსური ინსტრუმენტისკენ, თუმცა . მოცემულ მომენტში IPA III-ს ბენეფიციარები არიან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.
ფაქტ-მონიტორის დასკვნით განცხადება მანიპულაციურია. ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებს. ის იყენებს პოპულიზმს იმისთვის, რომ შექმნას ილუზია, თითქოს ფაქტები, რომელსაც ის აცხადებს, არის სიმართლე – რაც არღვევს რეალურ სურათს.