ირაკლი რუხაძის მიერ ინტერვიუში გაჟღერებული ინფორმაცია
ბიზნესმენის, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის ინტერვიუ რადიო „თავისუფლებასთან“ შედგა 2025 წლის 21 იანვარს (იხ. ვიდეო). აღნიშნულ ინტერვიუში იგი საუბრობს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია საქართველოს პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.
აღნიშნულ ინტერვიუს მოჰყვა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება. გარდა იმისა, რომ ინტერვიუს უამრავი მაყურებელი ჰყავდა, სოციალურ მედიაში მსჯელობა გაიმართა, თუ რამდენად ზუსტ ინფორმაციას ავრცელებდა ირაკლი რუხაძე. ამ მხრივ განსაკუთრებულად საინტერესო იყო „მითების დეტექტორის“ ვრცელი სტატია, სადაც მითითება გვხვდება, რომ ირაკლი რუხაძემ „6 ყალბი ინფორმაცია გააჟღერა“ (იხ. სტატია). საზოგადოებისთვის საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, „ფაქტმონიტორმა“ გადაამოწმა თითოეული ინფორმაცია შესაბამისი რელევანტური და აუთენტური წყაროების მეშვეობით. შესაბამისად, სტატიის სახით მკითხველს წარმოუდგენს დასახელებულ საკითხზე ინფორმაციას:
საკითხი №1 − საქართველო სამეზობლოში ერთადაერთი მწვანე და სრულიად თავისუფალი ქვეყანა
ირაკლი რუხაძე აღნიშნულ მონაკვეთში ამბობს: „ერთადერთი თავისუფალი ქვეყანა ვიყავით, მე მგონი, Freedom House-ის მიხედვით, ჩვენს სამეზობლოში, ერთადერთი მწვანე ქვეყანა, სრულიად თავისუფალი წელს“.
აქ ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ ირაკლი რუხაძე რეიტინგის წყაროს არა დაზუსტებით, არამედ სავარაუდოდ ასახელებს. საქართველო მართლაც არის 2024 წელს სრულიად თავისუფალი ქვეყანა ატლანტიკური საბჭოს ატლასის მიხედვით (იხ. მონაცემები). თან ეს ატლასი ზუსტად რომ მწვანე ფერს იყენებს თავისუფალი ქვეყნების აღსანიშნავად.
საკითხი №2 – NDI-ის კვლევა და 85%-ის დამოკიდებულება რუსეთთან დიალოგის თაობაზე
ირაკლი რუხაძე ეფუძნება ადრე არსებულ კვლევას და მასზე დაყრდნობით აკეთებს განმარტებას. „ფაქტმონიტორი“ შეეცადა, რომ მოეძიებინა როგორც დღეს მოქმედი, ისე − ადრინდელი კვლევის შედეგები, რათა საკითხი სრულად გადაემოწმებინა. შედეგად, მოიძია 2016 წლის ნოემბრის NDI-ის კვლევა (იხ. კვლევა), რომლის მიხედვით, გამოკითხულების 81% ჯამში ან პრორუსულია (18% პლუს 9%) და/ან პროდასავლური, მაგრამ რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება უნდა (54%), რაც ავტომატურად რუსეთთან დიალოგსაც გულისხმობს. ის, თუ რამდენად რელევანტურია დღეისთვის აღნიშნული კვლევა, ცალკე განხილვის საგანია.
IRI-ს კვლევების მიხედვით (იხ. კვლევა) კი, რუსეთთან დიალოგს, უკრაინის ომამდე, ზოგ წელს 85%-ზე მეტიც კი უჭერს მხარს. უკრაინის ომის შემდეგაც კი 50%-ზე მეტი უჭერს მხარს დიალოგს.
საკითხი №3 − ევროკავშირის წევრობა საქართველოს მოსახლეობისთვის
დასახელებულ თემაზე ირაკლი რუხაძემ ინტერვიუს დროს განაცხადა: „არ ვიცი, თქვენ იცით თუ არა, NDI-ს კვლევებით (იხ. კვლევა) რამდენი პროცენტისთვის არის მნიშვნელოვანი ევროკავშირში შესვლა. იყო 2016-ში 3%, ახლა 7%“.
კვლევაში აღნიშნულ თემაზე კითხვა მართლაც ეხება სწორედ ამ საკითხის მნიშვნელობას გამოკითხული პირისა და მისი ოჯახისთვის.
კერძოდ, 2023 წლის NDI-ის კვლევაში კითხვაზე: ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“, პასუხად ევროკავშირში გაწევრიანება დაასახელა 7%-მა.
ხოლო 2016 წლის NDI-ის კვლევაში (იხ. კვლევა), ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვან საკითხად დაასახელა მხოლოდ 3%-მა.
საკითხი №4 − მოლდოვაში ტელევიზიების რაოდენობა
ირაკლი რუხაძემ ინტერვიუში თქვა: „მოლდოვაში არის ორი ტელევიზია სახელმწიფო-1 და სახელმწიფო-2… მე რომ გავალ დაგუგლეთ ლათინური ასოებით Moldova TV, შედით ვიკიპედიაში“. ამას თუ გააკეთებთ და Television in Moldovas საიტზე ნაციონალურ არხებს გახსნით (რომლების ნახვაც მთელ მოლდოვაში შეიძლება), გამოვა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული Moldova-1 და ამავე მფლობელობაში არსებული Moldova –2. ასევე თურქულენოვანი არხი Gagauz Radyo Televiziyonu, რომელიც გაგაუზიაში მაუწყებლობს.
ამასთან, ღია წყაროებში იძებნება ინფორმაცია 2023 წელს ხუთი ტელეარხის − Orizont TV, ITV, Prime, Publika TV, Canal 2 and Canal 3″ დახურვის შესახებ და მიზეზად მათ მიერ ადგილობრივი არჩევნებისთვის შეფერხებების შექმნაა დასახელებული.
საკითხი №5 – „ნატო-ში“ ინტეგრაცია, როგორც ევროკავშირის წევრობის წინაპირობა
ირაკლი რუხაძის პოზიციით, 11 ქვეყანა მიიღეს ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპიდან − ყველა ჯერ „ნატო-ში“ მიიღეს და მერე მიიღეს ევროკავშირში. ეს სიმართლეა. მეტიც, კიდევ 4 ქვეყანაა უკვე მიღებული „ნატო-ში“ აღმოსავლეთ ევროპიდან (ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი), რომლებიც ჯერ მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატები არიან.
ამდენად, რესპოდენტი ყურადღებას ამახვილებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, საიდანაც არავინ მიუღიათ ევროკავშირში „ნატო-ს“ წევრობის გარეშე. ყურადსაღებია, რომ ჟურნალისტს არ უკითხავს იმ 6 ქვეყნის შესახებ დასავლეთ ევროპიდან, რომლებიც არ არიან ან არ იყვნენ „ნატო-ს“ წევრები (ავსტრია, ირლანდია, მალტა, კვიპროსი, ფინეთი და შვედეთი). მაგრამ ეს ამ ქვეყნების არჩევანია და ნატო მათ დიდი ხანია ეპატიჟება თავის რიგებში (ზოგს წნეხის ქვეშაც კი, რომ გააწევრიანონ). ამიტომ ფინეთი და შვედეთი მიიღეს ნატოში განცხადებიდან მცირე დროში. საქართველო ამ დასავლეთ ევროპის ქვეყნების სიტუაციაში არაა. მას „ნატო-ში“ არავინ ეპატიჟება.
ამდენად, ირაკლი რუხაძის საუბარში იკითხება მისი პოზიცია და არა დარწმუნებითი საუბარი, რომ „ნატო-ში“ საქართველოს გაწევრების გარეშე ევროკავშირის წევრობა იქნება რთული.
საკითხი №6 − აშშ-ს მიერ საკუთარი მოქალაქის დასანქცირება
ინტერვიუში აღნიშნულ თემაზე საუბრისას, ირაკლი რუხაძე განმარტავს: „მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება და აგიხსნით, რატომ. ძალიან საინტერესოა, სანქცია როგორი ტიპის ინსტრუმენტია. შეიძლება, სხვა ქვეყნებმა დამასანქცირონ, ამერიკამ − ვერ. სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს”. მანვე შემდეგში აღნიშნა, რომ მას შეეძლებოდა ამერიკის სასამართლოში გასაჩივრება და ესაა ზუსტად, რატომაც არ ასანქცირებენ ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს, თუ ეს მოქალაქე ასევე რაღაც სხვა სისხლის სამართლის დამნაშავეც არაა თან და ამიტომ ამერიკის სასამართლოში მისი მოხვედრა არ უჩენს პრობლემას ამერიკის მთავრობას. ეს კონდიცია რუხაძეზე არ ვრცელდება და ამიტომ ამერიკა მას არ დაასანქცირებს.
საინტერესოა, რომ „მითების დეტექტორის“ მიერ ამ საკითხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც ეხება ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი და მისი საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) მიერ ფინანსური სანქციების დაწესების საკითხს. განსხვავებით ირაკლი რუხაძის პოზიციისგან, მართლაც იძებნებიან ამ ბაზაში აშშ-ს მოქალაქეებიც/აშშ-ში დაფუძნებული კომპანიებიც. თუმცა, ამ შემთხვევაში ვხვდებით თუ გადავამოწმებთ მაგალითად ორ პირს − მანსორ არბაბსიარსა და ბლანკა მარგარიტა კაზარეს სალაზარს, მნიშვნელოვან ასპექტს დავინახავთ: ა) თითოეულ მათგანს (იგულისხმება ფიზიკური პირები) აქვთ ორმაგი მოქალაქეობა (მაშასადამე, აშშ-ს მოქალაქეობასთან ერთად, ამ შემთხვევაში − მექსიკის მოქალაქეობა) და ბ) თითოეულ მათგანს ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში (პირველ შემთხვევაში მკვლელობის გამო, სუბარია 25 წლიან პატიმრობაზე აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის მოკვლის მიზნით ირანელ სამხედრო ჩინოვნიკებთან შეთქმულების გამო და მეორე შემთხვევაში − ნარდკოდანაშაულსა და ფულის გათეთრებაში).
სტატია ეფუძნება ცალკეულ კვლევებს, რომლის გადამოწმებაც მარტივად შესაძლებელია