ქართული ფეისბუქანგარიშებით ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს Puff Daddy-ის წვეულებაში კამალა ჰარისიც მონაწილეობდა
Puff Daddy-ის წვეულებაში კამალა ჰარისიც მონაწილეობდა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ქართული ფეისბუქანგარიშები ავრცელებენ დეზინფორმაციას კამალა ჰარისზე, თითქოს ის ესწრებოდა ამერიკელი რეპერის Puff Daddy -ის მოწყობილ წვეულებას. როგორც ცნობილია მუსიკალური პროდუსერი და ბიზნესმენი შონ ჯონ კომბსი რომლის ერთ-ერთი ფსევდონიმია Puff Daddy, 17 სექტემბერს დააკავეს ფარული დანაშაულებრივი საქმიანობისთვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ Puff Daddy-ის გასართობ საღამოებზე ადგილი ჰქონდა ჯგუფურ დანაშაულს (საუბარია სექს-ტრეფიკინგზე, სუტინიორობაზე, შანტაჟზე, წამებაზე), შენიღბულს წვეულების “ოფიციალური” ნაწილით, რომელიც ხშირად ეთმობოდა ქველმოქმედებას.
გრანდიოზული სექსსკანდალის განხილვებში ჩართული არიან ქართული სოციალური ქსელების მომხმარებლებიც და ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ დეზინფორმაციას მწვავე შეფასებები მოჰყვა. ადამიანები ბრაზობდნენ, ამბობდნენ რომ: “შეთქმულების თეორიებში ბევრი რამე ყოფილა მართალი”, “ტრამპმა ჯერ კიდევ როდის დაიწყო მათი მხილება” და ა.შ.
დეზინფორმაცია გაყალბებული ფოტოს სახით გავრცელდა დაახლოებით ათი დღის წინ. ეს ფოტო დონალდ ტრამპმაც კი გამოაქვეყნა სოციალური მედიის პლატფორმაზე Truth Social და დასვა კითხვა, ხომ არ ჰქონდა ქ-ნ ვიცე-პრეზიდენტს კავშირი მსგავს ნაძირლებთან. მოგვიანებით პოსტი აიღეს.
რედაქტირებული ფოტოს სიყალბე დადგინდა ფაქტების გადამმოწმებლების მიერ. ორიგინალი ფოტო გადაღებული იყო 2001 წლის 18 მაისს. კამალა ჰარისი იმყოფება საქველმოქმედო საღამოზე, შოუმენ მონტელ ვილიამსთან Montel Williams ერთად, რომლის სახე ჩაანაცვლეს Puff Daddy-ის სახით. მეორე ახალგაზრდა ქალი ფოტოზე არის ვილიამსის ქალიშვილი.
უნდა ითქვას, რომ ვიდეო კადრებზე, რომელსაც ქართულ სოციალურ ქსელში ავრცელებენ, როგორც დეზინფორმაციის „მტკიცებულებას“, სწორედ მონტელ ვილიამსი ჩანს. ქვემოთ შესადარებლად მოგვყავს მონტელ ვილიამსის და Puff Daddy-ის ფოტოები IMDB-დან.
Montel Williams
Sean “Diddy” Combs



