„პოსტვ-ს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გადაცემა „სამნი & Co.-ს“ წამყვანმა, შალვა რამიშვილმა, 2024 წლის 3 აპრილს, ამავე გადაცემაში (რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა) განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონპროექტით შესაბამისმა სუბიექტებმა „წლის განმავლობაში ერთხელ, წლის ბოლოს უნდა წარადგინონ დეკლარაცია“.
ვერდიქტი: მანიპულაცია
წყარო 06:02 წუთიდან
2023 წლის 3 აპრილს „პოსტვ-ს“ გადაცემაში „სამნი & Co.“ განიხილეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონპროექტი. გარდა კანონპროექტთან დაკავშირებული ცალკეული განმარტებებისა, მათ მიერ განხილულ იქნა წესი, რომლის ფარგლებშიც, შესაბამისი ორგანიზაციები/სუბიექტები ვალდებული იქნებიან, რომ წარადგინონ ინფორმაცია.
გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, შალვა რამიშვილმა (06:02 წუთიდან) განაცხადა, რომ სუბიექტები, რომლებსაც შეეხება კანონი, ვალდებული იქნებიან, რომ ფინანსური დეკლარაცია წარადგინონ მხოლოდ იანვრის თვეში. წამყვანი არაფერს ამბობს კანონპროექტით გათვალისწინებულ ვალდებულებაზე, რომელიც 2023 წლის შემოსავლებს ეხება.
შალვა რამიშვილის პოზიცია არ არის კონტექსტთან შესაბამისი. კერძოდ, ინფორმაციის გასაჯაროების თუ რეგისტრაციის ნაწილში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ყოველწლიური დეკლარაციის საკითხს, არამედ იმას, თუ რამდენად ექნებათ ვალდებულება შესაბამის სუბიექტებს მიმდინარე წლის მანძილზე.
კანონპროექტის მე-4 მუხლით განსაზღვრულია სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის საკითხი. ამავე მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით „სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, მის მიერ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვრის თვის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით (მატერიალური ფორმით) მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე. ამ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, აღნიშნული სუბიექტი 2 სამუშაო დღეში უზრუნველყოს სათანადო ვებგვერდზე იმგვარი დაშვებით, რომ ამ სუბიექტმა შეძლოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის (შემდგომ – განაცხადი) ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შევსება და სააგენტოსთვის წარდგენა“. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, სუბიექტს წარმოეშობა ვალდებულება, რომ წარადგინოს განაცხადი და სათანადო ფინანსური დეკლარაცია.
რაც შეეხება ვადების საკითხს, კანონპროექტის მე-11 მუხლის მიხედვით, კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის, ხოლო, პასუხისმგებლობისა და 2023 წელს არსებულ აქტივობასთან დაკავშირებით − გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. რას ნიშნავს აღნიშნული: კანონპროექტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, კანონპროექტის „მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რომელიც 2023 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აკმაყოფილებს იმავე მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით (მატერიალური ფორმით) მიმართოს სააგენტოს განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე, რის შემდეგაც ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი პროცედურები“.
ეს ნიშნავს, რომ სუბიექტებს, რომლებზეც გავრცელდება კანონი, არა 2025 წლის იანვარში, არამედ, 2024 წელსვე წარმოეშობათ ეს ვალდებულება. მეტი თვალსაჩინოებისთვის:
ა. კანონი გამოქვეყნდა 2024 წლის მაისის დასაწყისში;
ბ. გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს (დაახლოებით, 2024 წლის ივლისის დასაწყისი) დაიწყება შესაბამის სუბიექტთათვის ვადის ათვლა, რათა გაიარონ რეგისტრაცია;
გ. 1 თვის ვადაში, დაახლოებით 2024 წლის აგვისტოს დასაწყისი, შესაბამის სუბიექტს წარმოეშობა ვალდებულება, მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
დ. ყველა პროცედურის დაცვის შემთხვევაში (და ამ მაგალითზე დაფუძნებით), 2024 წლის 1 სექტემბრისთვის ყველა სუბიექტი, რომელთაც სათანადო წინაპირობა უფიქსირდებათ 2023 წლის მანძილზე, დარეგისტრირდება სათანადო წესით.
კანონის ამოქმედებას + 60 დღე + 1 თვე + რამდენიმე დღე პროცედურული აქტივობისთვის = 2023 წლის ინფორმაციის გასაჯაროებას.
ამდენად, „ფაქტმონიტორი“ მიიჩნევს, რომ შალვა რამიშვილის მიერ დაფიქსირებული პოზიცია არ შეესაბამება რეალობას და ორიენტირებულია საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაზე. შესაბამისად „ფაქტმონიტორის“ ვერდიქტით შალვა რამიშვილის განცხადება არის მანიპულაცია.
