16 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ტელერადიოკომპანიამ აფსუა ტვ-მ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა გადაცემა “ობსუდიმ”, რომელიც შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის პრობლემას მიუძღვნა.
რამდენიმე დღით ადრე ოკუპირებული აფხაზეთის სოციალური ქსელებით გავრცელდა წყალქვეშა დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს მაზუთის ფრაქციებით მოფენილი ზღვის ფსკერი რუსეთის ქალაქ ანაპასთან. აქ კატასტროფის პირველი დღეებიდან მიმდინარეობს სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა ფსკერზე დიდი რაოდენობით მაზუთის აღმოჩენის შემდეგ ცხადი ხდება, რომ წყლის ტემპერატურის მატების შემდეგ, ნავთობპროდუქტები ამოტივტივება და დაბინძურების ახალ ციკლს დაიწყებს.
აფსუა ტვ-ს გადაცემაში ექსპერტული აზრი გამოთქვა თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა რომან დბარმა. მან ისაუბრა შავ ზღვაში წყლის და მყარი მასალის ცირკულაციაზე და განაცხადა, რომ ეკოლოგიური კატასტროფა აფხაზეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
რომან დბარმა მაყურებელს განუმარტა, რომ შავ ზღვაში დინება მოძრაობს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ანუ აფხაზეთიდან წყალი მოძრაობს რუსეთის მიმართულებით. ქარს შეუძლია ხელი შეუწყოს მაზუთის გავრცელებას რადგან „ქარს შეუძლია აიტაცოს საგნები. მაგრამ თუნდაც თუ ამ კატასტროფის ცალკეულმა ელემენტებმა მოაღწა ჩვენამდე, ეს იქნება ძალიან უმნიშვნელო რაღაცეები“. რომან დბარმა ასევე ისაუბრა დაბინძურებული მყარი მასალის მოძრაობაზე და თქვა, რომ ნაკადი სანაპიროს გასწვრივ მოძრაობს აფხაზეთისკენ, ანუ ძირითადი დინების საპირისპირო მიმართულებით, მაგრამ ასეთ დიდ მანძილზე გადაადგილებისას, მყარი მასალა დაქუცმაცდება და გასუფთავდება.
„მთელი ამ სურათიდან გამოდინარე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, იმის თაობაზე, რომ მომხდარი ეკოლოგიური მოვლენების ტრაგიკულობის და დრამატულობის მიუხედავად, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განიმარტება როგორც ეკოლოგიური უბედურება, საეჭვოა მან რაიმე ძლიერი ზემოქმედება მოახდინოს აფხაზეთის სანაპიროზე“. (17:05)
შავ ზღვაში მაზუთი ჩაიღვარა 2024 წლის 15 დეკემბერს, ქერჩის სრუტეში ორი რუსული ტანკერის კატასტროფის შემდეგ. ტანკერებს გადაქონდათ დაახლოებით 9,2 ათასი ტონა M100 მარკის „მძიმე“ ნავთობპროდუქტი, რომლის აორთქლებაც ჰაერის მოწამვლას იწვევს. რუსული მხარის მონაცემებით წყალში აღმოჩნდა 2,4 ათასი ტონა მაზუთი და გაჟონვა გრძელდება. დღესდღეობით შავი ზღვის სანაპირო ზოლში დაბინძურების საერთო ფართობი 50კმ-ს აღწევს.
ეკოლოგიური კატასტროფა შეეხო ოთხ რეგიონს: კრასნოდარის მხარეს, ყირიმს, სევასტოპოლს და ზაპოროჟიეს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ალექსანდრე კურენკოვი ამბობს, რომ დაბინძურებას ჯერ-ჯერობით არ მიუღწევია სოჭის სანაპირომდე, მაგრამ მაის-ივნისში შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. ქვემოთ მოცემულია შავ ზღვაში ჩაღვრილი მაზუთის განფენის რუკა.
უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით სევასტოპოლის დასავლეთით ზღვაში აღმოჩენილი ნავთობპროდუქტების ლაქების სიგრძე 15 კილომეტრს აღწევს, მათი საერთო ფართობი ათას კვადრატულ კმ–ზე მეტია.
ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგისგან განსხვავებული აზრი აქვთ ქართველ სპეციალისტებს. 8 იანვარს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრისა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ დაბინძურებამ შეიძლება საქართველოს სანაპირო ზოლამდე მოაღწიოს.
„დიდი რისკის ქვეშაა აფხაზეთის სანაპირო. მაზუთით დაბინძურებული ფრინველი შეიძლება მოხვდეს მათ შორის ქობულეთშიც, მაგრამ ნომერ პირველი პრობლემა არის აფხაზეთის სანაპირო, რადგან ზამთრის პერიოდში ცირკულაცია ცოტა უცნაურია და შესაძლებელია აფხაზეთის სანაპირო მოექცეს დარტყმის ქვეშ. კრასნოდარამდე ჩამოსულია, თუმცა ჯერ სოჭამდე არ მიუღწევია. მაგრამ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ ვერ უმკლავდებიან მაზუთის ლაქებს ეკოლოგიური კატასტროფის ზონაში და როგორი სისწრაფით ფართოვდება დაბინძურების არეალი, ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ უნდა გვქონდეს“.
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მთავარი საფრთხე წინ არის, ვინაიდან ამჟამად ნავთობპროდუქტის მეტი ნაწილი ზღვაშია ჩაძირული (M100 მარკის მაზუთი +25 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე იძირება), ხოლო გაუვნებელყოფის ტექნოლოგია არ არსებობს. უკრაინის ეკოლოგიური ლიგის თავჯდომარე ტატიანა ტიმჩენკოს აზრით „მაზუთი, რომელიც ცივ ამინდში ფსკერზე ეშვება, დათბობასთან ერთად დაიწყებს დადნობას, რასაც მოჰყება მეორეული დაბინძურება. ის სანაპიროზე მნიშვნელოვან ტერიტორიებს მოიცავს და ზღვის სიღრმეში ცოცხალ ორგანიზმებს გაანადგურებს“.
საქართველოს შავიზღვისპირეთში უკვე გამოჩნდნენ მაზუთით დასვრილი გადამფრენი ფრინველები. ეკოლოგმა და იხტიოლოგმა არჩილ გუჩმანიძემ 6 იანვარს ფეისბუქით გაავრცელა მიმართვა, ასეთი ფრინველების აღმოჩენის შემთხვევაში ფოტოები მას გადაუგზავნონ.
შესაბამისად, აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, რომან დბარის ოპტიმისტური განცხადება შეიძლება შეფასდეს როგორც ნახევრად სიმართლე.



