...

გია ვოლსკი: მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტის შეფასება სადაც ჩვენ არ ვართ მოწინავე ადგილზე

ვერდიქტი
მცდარი

4 აპრილს POSTV-ზე „დიდი გადაცემის“ ეთერში სტუმრობისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა: „…მიუხედავად ამისა, მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტის შეფასება სადაც ჩვენ არ ვართ მოწინავე ადგილზე“.

წყარო

განცხადებაში საქართველოს „მოწინავე ადგილი“ განზოგადებულია მსოფლიოს ყველა ინსტიტუტის შეფასებაზე. ფაქტმონიტორმა გიორგი ვოლსკის განცხადების გადამოწმებისას მოიძია არაერთი უახლესი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც საქართველო მოწინავე ადგილზე არ არის. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

V-Dem-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით (შვედეთის კვლევითი ორგანიზაცია დემოკრატიის ვარიაციები), საქართველო პირველად მოხვდა საარჩევნო ავტოკრატიის (Electoral Autocracies) მქონე ქვეყნების სიაში. ასეთი ქვეყნები ახდენენ დემოკრატიული პროცესების იმიტაციას, მაგრამ ძალაუფლებას ერთი მმართველი ძალა ფლობს.

წყარო

RSF-ის (რეპორტიორები საზღვრების გარეშე), მედიის თავისუფლების ინდექსის 2024 წლის ანგარიშით საქართველო 103-ე ადგილზეა (180 ქვეყანას შორის). ეს მეორე შემთხვევაა 2022 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანა RSF-ის რეიტინგში დაქვეითდა.

წყარო

The Economist, ბრიტანული გამოცემა „ეკონომისტი“ 2025 წელს გამოქვეყნებულ დემოკრატიის ინდექსში (Democracy Index), საქართველოს 94-ე ადგილს ანიჭებს 167 ქვეყანას შორის. რეიტინგი დგება 60 საკვანძო მაჩვენებლის მიხედვით, რომლებიც ხუთ ძირითად კატეგორიად ჯგუფდება: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკაში მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება.

წყარო

Freedom House (ფრიდომ ჰაუსი) საერთაშორისო ორგანიზაციის 2025 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო კვლავ რჩება „გარდამავალი მთავრობების/ჰიბრიდული რეჟიმების“ მქონე ქვეყნების კატეგორიაში და 55 ქულა აქვს მინიჭებული შესაძლო 100-დან. პოლიტიკური უფლებების ნაწილში საქართველოს შეფასებაა 21 ქულა მაქსიმალური 40-დან, ხოლო სამოქალაქო უფლებების ნაწილში 34 ქულა, მაქსიმალური 60-დან.

წყარო

შესაბამისად, ფაქტმონიტორმა გიორგი ვოლსკის ნათქვამი, რომელმაც საქართველოს „მოწინავე ადგილი“ მსოფლიოში არსებული ყველა ინსტიტუტის შეფასებაზე განაზოგადა, შეაფასა როგორც მცდარი, იმის მიუხედავად, რომ საქართველო მართლაც იკავებს მოწინავე ადგილებს საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

CPI-ის კორუფციის აღქმის ინდექსი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“-ს მიხედვით, 2024 წელს საქართველოს 53 ქულა მიენიჭა, 180 ქვეყანას შორის, რაც მოწინავე ადგილია. ინდექსში 100 ქულა კორუფციის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.

წყარო

The Social Progress Imperative-ის (სოციალური პროგრესის ინდექსი) მონაცემებით, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია, გლობალური სოციალური პროგრესის საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი აქვეყნებს, 2025 წლის მონაცემებით, 2011 და 2024 წლების გამოკვლევის შედეგების შედარების საფუძველზე, საქართველო ისტორიული პროგრესის მიხედვით მეექვსე პოზიციაზეა და მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შედის. შეფასება ხდება კომბინირებული მაჩვენებლის მიხედვით, სადაც მსოფლიოს ქვეყნების მიღწევები სოციალური პროგრესისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მონაცემების მიხედვით დგება.

წყარო

Heritage Foundation-ის (ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი) ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში, სადაც ქვეყნები ეკონომიკურ თავისუფლების კანონის უზენაესობის, მთავრობის ზომის, რეგულაციების ეფექტიანობისა და ღია ბაზრების მიხედვით ფასდება, საქართველო 2024 წელს 176 ქვეყანას შორის 32-ე ადგილს იკავებს.

წყარო

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.