...

საბა ბუაძე ამბობს, რომ იუნისეფის კვლევის მიხედვით ბავშვთა შიმშილი ისევ მწვავე პრობლემაა და საქართველოში რამდენიმე ათასი ბავშვი შიმშილობს

ვერდიქტი
სიმართლე

5 აპრილს, ტვ პალიტრანიუსის გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ სტუმრობისას, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბავშვთა სიღარიბეზე ისაუბრა. საბა ბუაძის თქმით პრობლემის დაძლევა წლებია ვერ ხერხდება: „ბავშვთა შიმშილი რომ ისევ მწვავე პრობლემაა და რამდენიმე ათასი ბავშვი საქართველოში ისევ შიმშილობს, ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას იუნისეფის კვლევა ამბობს“.

წყარო

ფაქტმონიტორმა გადაამოწმა იუნისეფის – გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევების უახლესი მონაცემები, პირველ რიგში „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ ანგარიში, რომელიც 2023 წელს გამოქვეყნდა. კვლევა ჩატარდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე. კვლევა ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (ჯანდაცვის სამინისტროსთან) და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან შეთანხმებით და მისი მთავარი მიზანი იყო საქართველოში ბავშვის კეთილდღეობის მრავალ ასპექტზე მონაცემთა მოგროვება. მათ შორის: ბავშვთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დახმარებაზე; კვება სკოლის პერიოდში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; აღზრდის მეთოდები და ფუნქციური სირთულეები. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი, შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე.

კვლევის ფარგლებში განისაზღვრა ბავშვის კეთილდღეობის მრავალინდიკატორიანი

საზომი – ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსი, რომელიც გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც არ აძლევს ოჯახს საშუალებას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით (საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები, გართობა, მეგობრებთან დროის გატარების შესაძლებლობა, თუ სხვა). „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგების მიხედვით, ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი აღინიშნება ბავშვების 37.8 პროცენტში. ბავშვთა მატერიალური და სოციალური დანაკლისის დონე განსხვავდება ქალაქი/სოფლისა და რეგიონების მიხედვით. დანაკლისის დონე უფრო მაღალია სოფლად (47.1%), ვიდრე ქალაქში (31.2%).

წყარო

უშუალოდ ბავშვთა შიმშილზე საუბარია კვლევის მე-7 პუნქტში, რომელიც სასკოლო საათებში კვებას ეხება. ანგარიშის მიხედვით 6-16 წლამდე ბავშვებიდან სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%). ბავშვების მესამედზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება სასკოლო საათების პერიოდში. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში ბევრად უფრო დიდია ალბათობა, რომ ისინი არასდროს იკვებებიან სასკოლო საათებში (44.9%), ვიდრე ბავშვებში, ვისაც არ გააჩნია მატერიალური და სოციალური დანაკლისი (28.4%). მიზეზები, თუ რატომ არ იკვებებიან ბავშვები სასკოლო საათების განმავლობაში, განსხვავებულია ქალაქი/სოფლის მიხედვით. სოფლად აღნიშნული ყველაზე მთავარი მიზეზი არის სკოლაში ან ახლომდებარე ტერიტორიაზე საკვების შეძენის შეუძლებლობა. უფრო ხშირად გვხვდება შემდეგი მიზეზები: არ აქვთ ფული საკვების საყიდლად ან წასახემსებლის გასატანებლად (24.1%) და მშობლებს ეჭვი ეპარებათ ნაყიდი საკვების ხარისხში (14.2%).

უფრო შესამჩნევი განსხვავება დაფიქსირდა მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე და არმქონე ბავშვებს შორის: სკოლაში საკვების საყიდლად ან გამზადებული საკვების სახლიდან წასაღებად არასაკმარისი თანხა შეადგენს 37.7 პროცენტს იმ მიზეზებს შორის, თუ რატომ ვერ იკვებებიან მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვები სკოლის პერიოდში, ხოლო იმავე მიზეზით სასკოლო საათებში საკვების მიღებას ტოვებს მატერიალური და სოციალური დანაკლისის არმქონე ბავშვების 3.3 პროცენტი.

უნდა აღინიშნოს, რომ იუნისეფის კვლევები ეხმარება საქართველოს მთავრობას სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაში. 2023 წლის 20 ნოემბერს, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობის 30 წლის იუბილეზე, სადაც ფონდმა შეაჯამა ბავშვებისთვის მიღწეული შედეგები, იუნისეფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ბავშვთა სიღარიბე 2001 წელს არსებული 37,7 პროცენტიდან 2022 წელს 20,4 პროცენტამდე შემცირდა. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გადაისინჯა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა და შემოიღეს ბავშვის ფულადი დახმარება, რომელიც თანდათან იზრდება. მიუხედავად ამისა, ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე ღარიბ სოციალური ჯგუფად საქართველოში“.

წყარო

შესაბამისად, იუნისეფის – გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემების მიხედვით, საბა ბუაძის განცხადება არის სიმართლე. მიუხედავად სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებისა, საქართველოში ბავშვთა შიმშილი ისევ მწვავე პრობლემაა და რამდენიმე ათასი ბავშვი შიმშილობს.

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

ბმული

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.