მედიაში გავრცელდა „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას პოზიცია, სადაც იგი საუბრობს სალომე ზურაბიშვილის თაობაზე. კერძოდ, თუ გარკვეული პერიოდის წინ იგი მიიჩნევდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მისთვის ლეგიტიმურ პრეზიდენტად დარჩებოდა ახალი პრეზიდენტის არჩევამდე (ახალი არჩევნების საფუძველზე), ბოლო პერიოდში მისი შეხედულება ამ მიმართულებით განსხვავებულია და მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ეტაპზე არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი.
ფაქტმონიტორმა შეისწავლა საკითხი და გაეცნო როგორც ადრე (საუბარია, 2024 წელს) გავრცელებულ ინფორმაციას (ნიკა მელიას ინტერვიუს), ისე, პოლიტიკოსის მხრიდან ბოლოს გაჟღერებულ პოზიციას.
2024 წლის 29 დეკემბერს „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ნიკა მელიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთ ლეგიტიმურ პირად რჩება ქვეყანაში (იხ. წყარო). საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულია ინფორმაცია (ასევე დათარიღებული 2024 წლის 29 დეკემბრით), სადაც ვხვდებით ნიკა მელიას პოზიციას, რომელიც ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას იხსენებს და დასძენს, რომ თავის დროზე მიიჩნევდა, ეს ინაუგურაცია არ უნდა ჩატარებულიყო, ხოლო მეორე მხრივ, სალომე ზურაბიშვილს იხსენიებს, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს (იხ. წყარო).
2025 წლის 9 აპრილს კი მედიაში ვრცელდება კვლავ ნიკა მელიას პოზიცია, სადაც იგი სალომე ზურაბიშვილს აღარ უწოდებს ლეგიტიმურ პრეზიდენტს. აღნიშნული მან „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა (იხ. წყარო, ასევე, წყარო). ინფორმაცია აქტიურად გავრცელდა მედიაში. მაგალითად, „ტაბულაზე“ ვხვდებით სტატიას შემდეგი სათაურით: „მელია ზურაბიშვილზე: პრეზიდენტობანას თამაშში არ შევიდოდი, მას მოქმედ პრეზიდენტს არ ვუწოდებ“ (იხ. წყარო).
იმის გათვალისწინებით, რომ ნიკა მელიამ დაახლოებით ოთხი თვის მანძილზე ორი სხვადასხვა პოზიცია გაავრცელა (ერთსა და იმავე საკითხზე), ფაქტმონიტორი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიამ შეცვალა პოზიცია.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.
