...

სამი მაუწყებლის ცნობით McDonald’s-ი რუსეთში დაბრუნდა

ვერდიქტი
მანიპულაცია

2025 წლის 27 აპრილს ტელემაუწყებლებმა იმედი, პოსტვ და რუსთავი 2, გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ამერიკული ცნობილი რესტორნების ქსელი McDonald’s რუსეთის ბაზარზე დაბრუნდა. აღნიშნული განცხადება გაკეთდა იმ მოცემულობაზე დაყრდნობით, რომ McDonald’s-მა, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, შესაბამისი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ვადის გაგრძელებაზე შეიტანა განაცხადი. ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა McDonald’s-ის რუსეთის ბაზარზე შესვლას, არ მოიპოვება, ვინაიდან ამავე კომპანიის მხრიდან ამგვარი ინფორმაცია არც გაჟღერებულა.

1) წყარო

2) წყარო

3) წყარო

2025 წლის 27 აპრილს ტელემაუწყებლებმა იმედი, პოსტივი და რუსთავი 2, ინტერნეტში გავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკული რესტორნების ქსელი McDonald’s-ი რუსეთის ბაზარზე ბრუნდება. სამივე მაუწყებელი დაეყრდნო ცნობას, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოჩნდა რუსულენოვან გვერდებზე – რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების უფლების კუთხით მომომუშავე უწყებაში McDonald’s-ის მიერ სასაქონლო ნიშანზე განაცხადის შეტანის შესახებ.

 

წყარო 

დოკუმენტიდან იკითხება, რომ McDonald’s-მა განცხადება შეიტანა 2024 წლის 28 დეკემბერს. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, არც ამ დოკუმენტის კვალად გაჟღერებულა რაიმე სახის ინფორმაცია და არც McDonald’s-ისგან გაკეთებულა განცხადება, რომელიც ამ კომპანიის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხს შეეხებოდა. შესაბამისად, სამივე შემთხვევაში, ტელემაუწყებელთა ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე.

მეტი სიცხადისთვის ფაქტმონიტორი განმარტავს რეგისტრაციის მნიშვნელობას და მაგალითს ქართულ კანონმდებლობაზე დაფუძნებით წარმოაჩენს (ხაზი უნდა გაესვას, რომ ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაშია ევროპულ კანონმდებლობასთან და ამ მხრივ აღნიშნული მაგალითი არაა მოყვანილი იმ მიზნით, რომ ქართული კანონმდებლობა რუსული საკანონმდებლო დათქმების იდენტურია): „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლში ვკითხულობთ შემდეგს:

„1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით და აითვლება „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

2. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით, გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადას აგრძელებს „საქპატენტი“ ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ „საქპატენტში“ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული განცხადების „საქპატენტში“ წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა წარმოებს რეგისტრაციის მოქმედების ბოლო წლის განმავლობაში.

3. ჩანაწერი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეტანილ იქნება რეესტრსა და მოწმობაში და ქვეყნდება ბიულეტენში.

4. თუ განცხადება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით არ იქნა წარდგენილი „საქპატენტში“ ან საფასური არ იქნა გადახდილი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში გადაიხადოს აღნიშნული საფასური. ამ ვადის გაშვების შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უქმდება რეგისტრაციის მოქმედების გასვლის დღიდან, მისი აღდგენის უფლების გარეშე და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში“.

მეტი სიცხადისთვის დეტალურად განვიხილოთ თითოეული საკითხი: სასაქონლო ნიშანი რეგისტრირდება „საქპანტენტში“ (იხ. https://www.sakpatenti.gov.ge/ka/). რეგისტრაციის ხანგრძლივობაა 10 წელი. ეს ნიშნავს, რომ უვადო რეგისტრაციას არ ექვემდებარება იგი.

დასახელებული ათწლიანი ვადის გაგრძელება დასაშვებია შეუზღუდავად. თუმცა, ამისთვის აუცილებელია, რომ პირმა შეიტანოს განაცხადი კვლავ რეგისტრაციაზე (მაშასადამე, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე).

ზემოთ მოყვანილ ნორმაში ვკითხულობთ, რომ თუ არ მოხდება რეგისტრაციის განხორციელება (რაც შეიძლება დაეფუძნოს როგორც განცხადების წარუდგენლობას, ისე, საფასურის გადაუხდელობას), მაშინ სასაქონლო ნიშანზე კარგავს უფლებას პირი.

მეტი პარალელისთვის შეიძლება დომენის მაგალითის მოყვანა: დომენი გაიცემა გარკვეული ვადით, ხოლო, ამ ვადის გასვლის შემდეგ თუ არ მოახდინა მისმა მესაკუთრემ დომენის რეგისტრაცია, მაშინ იგი ხდება თავისუფალი და სხვას შეეძლება, რომ აიღოს იგივე დომენი.

მოცემულ შემთხვევაშიც მსგავსი სიტუაციაა: McDonald’s-მა შეიტანა განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე. ამით მან დაადასტურა სურვილი, რომ არ მოხდეს მისი სასაქონლო ნიშნის მითვისება სხვა პირის მიერ. ეს კი ერთმნიშვნელოვნად ბაზარზე დაბრუნებას არ ნიშნავს. მეტიც, უფლების დაცვის კონტექსტში მნიშვნელოვანი და პროფესიულად გამართლებული ნაბიჯია. დანარჩენი განმარტება მხოლოდ ინტერპრეტაციაა.

სამივე მაუწყებლის შემთხვევაში კი საკითხი იმგვარად იქნა განმარტებული, თითქოს, გადაწყვეტილი იყო McDonald’s-ის დაბრუნება რუსულ ბაზარზე. მეტიც, რუსთავი 2-ის მიერ საერთოდ სათაურში იქნა გამოტანილი: „რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ოფიციალურად გამოაცხადა“, რაც ფაქტმონიტორის შეფასებით არის მანიპულაცია.

მართალია, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელება არ გამორიცხავს ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას, მაგრამ როგორც აღინიშნა ერთმნიშვნლოვნად ამ ქმედებიდან არ გამომდინარეობს ის დეტალი, რაზეც მაუწყებლების მიერ გამახვილდა ყურადღება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტმონიტორს მიაჩნია, რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მანიპულაციას.

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

ბმული

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.