ვერდიქტი: მცდარი
2024 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა: „როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი, პრინციპები იყო ზუსტად იგივე და გააჩერეს. განმარტებითი ბარათი არის გამოქვეყნებული ოფიციალურად, სადაც წერია გაჩერების მიზეზი და იქ წერია ასეთი რაღაც, რომ ამ კანონს თუ მივიღებთ, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან აღარ გვექნება მორალური უფლება, არსებული კანონის გამოხმობა მოვთხოვოთო. წარმოიდგინეთ, რა ხდება საერთოდ ევროკავშირის სტრუქტურებში, როგორია გავლენები, რომლებიც საერთოდ რევს ვითარებას ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში. კანონი ჩათვალეს, რომ არის კარგი, მაგრამ ვერ იღებენ იმის გამო, რომ შემდეგ ჩვენ ვეღარ მოგვთხოვენ იმავე შინაარსის კანონის უკან გახმობას“.
„ფაქტმონიტორმა“ გადაამოწმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება, რის შედეგადაც დგინდება შემდეგი:
ევროკავშირის მასშტაბით ევროპის პარლამენტისა და საბჭოს მიერ ინიცირებულია დირექტივა, რომელიც ეხება „მესამე ქვეყნების სახელით განხორციელებული ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ შიდა ბაზარზე ჰარმონიზებული მოთხოვნების დაწესებას“. აღნიშნულ დირექტივაში ბოლო ცვლილება შესულია 2023 წლის 12 დეკემბერს, სტრასბურგში. შესაბამისად დირექტივის ამ სახით მიღებას კენჭი ეყრება ევროპის პარლამენტის მიერ და სავარაუდოდ მიღებული იქნება კიდეც ევროკომისიის მიერ წარდგენილ „დემოკრატიის დაცვის პაკეტის“ სრულ მოცულობასთან ერთად, რის შემდგომაც მისი მოქმედება გავრცელდება მთლიანად ევროკავშირის ტერიტორიაზე.
აღნიშნული დირექტივის განმარტებითი ბარათის მიხედვით: „ინტერესთა წარმომადგენლობის საქმიანობას სულ უფრო ხშირად იყენებენ მესამე ქვეყნების მთავრობები ოფიციალურ დიპლომატიურ არხებთან და პროცესებთან ერთად თავიანთი პოლიტიკის მიზნების გასაუმჯობესებლად. ეს მდგომარეობა აღიარებულია წევრი სახელმწიფოების მიერ, როგორც შესაძლებლობა მესამე ქვეყნების აქტორებისთვის, თავი აარიდონ გამჭვირვალობის მოთხოვნებს და ფარულად ახდენდნენ ზემოქმედებას კავშირში გადაწყვეტილების მიღებაზე და დემოკრატიულ პროცესებზე. ამიტომ, ზოგიერთი წევრი სახელმწიფო განიხილავს ახალი წესების შემუშავებას უცხოური გავლენის მოსაგვარებლად, მათ შორის ზოგადი ვალდებულებების დაწესებით უცხოური დაფინანსების მიმღებ სუბიექტებზე, რაც პრაქტიკაში ვრცელდება მესამე ქვეყნების სახელით ინტერესთა წარმომადგენლობის უზრუნველყოფისთვის. ამდენად, აღწერილი ფრაგმენტაცია სავარაუდოდ გაიზრდება კონკრეტულად მესამე ქვეყნების სახელით განხორციელებულ ინტერესთა წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. ეს გამოიწვევს სუბიექტებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ინტერესთა წარმომადგენლობას, დამატებითი დაბრკოლებების შექმნას, როდესაც უზრუნველყოფენ მესამე ქვეყნების ინტერესთა წარმომადგენლობას შიდა ბაზარზე“.
ტექსტი ორიგინალ (ინგლისურ) ენაზე: „Interest representation activities are increasingly used by third country governments alongside formal diplomatic channels and processes to promote their policy objectives 3 . This situation is recognised by Member States as presenting an opportunity for third-country actors to evade transparency requirements and covertly influence decision-making and democratic processes in the Union. Some Member States are therefore considering developing new rules to address foreign influence, including by imposing general obligations on entities receiving foreign funding that would in practice apply to the provision of interest representation on behalf of third countries. The fragmentation described is therefore likely to increase specifically in relation to interest representation carried out on behalf of third countries. This would expose entities carrying out interest representation to additional obstacles when providing interest representation for third countries in the internal market.“
რას წარმოადგენს განმარტებითი ბარათი, რომელსაც მცდარი ინფორმაციის მტკიცების დროს ეყრდნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრი?!
განმარტებითი ბარათი – გრაფიკული დოკუმენტის ტექსტობრივი დანართი. შეიცავს მის დამატებებს (განმარტებები, გათვლები და სხვა მონაცემები, რომლებიც გრაფიკულად ვერ გამოისახება).
*განმარტებითი ბარათი თან ერთვის ყველა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტს, დირექტივას, კონვენციას და სხვას. მასში მოცემულია მისაღები რეგულაციის მოკლე შინაარსი, მიღების მიზანი და მისი მოქმედების მიზნობრიობა.
ევროკომისიის მიერ ინიცირებული დირექტივა არსებითად განსხვავდება პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონისგან „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“. უპირველესი განსხვავება ის არის, რომ ევროკავშირის დირექტივა არ წარმოადგენს სადამსჯელო ხასიათის ნორმატივს, განსხვავებით გამჭრვალობის კანონისგან, საქართველოში მიღებული ე.წ. „რუსული კანონი“ პირდაპირ ითვალისწინებს უმძიმეს სანქციებს, როგორიც არის დიდი ფულადი ჯარიმები და ორგანიზაციების ლიკვიდაცია. ასევე, ევროკავშირის დირექტივა მიმართულია ყველა წევრი სახელმწიფოს შიდა ბაზრის თანაბარი და ერთნაირი რეგულირებისკენ და მიზნად ისახავს მაღალი ლეგიტიმაციების მიღწევას თითოეული წევრი სახელმწიფოს შიდა ბაზრის ჰარმონიზებული და თანაბარი მოწესრიგების პათოსით. მაშინ, როდესაც ქართული გამჭირვალობის კანონი მიზნად ისახავს საქართველოში კერძო დამოუკიდებელი სექტორისთვის ძირის გამოთხრას, მათ ლიკვიდაციას. ხოლო იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც ამ „წმენდას“ გადაურჩება საზოგადოების თვალში დამაკნინებელი, მოღალატეობრივი „იარლიყის“ მიკერებას.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული ორი ნორმატიული აქტის არათუ შედარება, ახლოს დაყენებაც კი აცდენილი იქნება ყოველგვარ სამართლებრივ თუ მორალურ აქტორებს.
ამასთან, რაც შეეხება ევროკავშირის დირექტივის მიღების შეჩერებას, აქაც სიცრუეს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის განცხადება. აღნიშნული დირექტივის, ისევე, როგორც სრული პაკეტის განხილვა ევროპარლამენტში კვლავინდებურად მიმდინარეობს და გადის შესაბამის პროცედურებს.