ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ფეისბუქგვერდი „მსოფლიო ამბები“, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი ფაქტმონიტორმა ადრეც გადაამოწმა
აქვეყნებს მორიგ დეზინფორმაციას „ამერიკის მედიიდან“: „აშშ-მ პირობა დადო, რომ გაუუქმებს ყველა სანქციას ირანს, თუ ის თავს შეიკავებს ისრაელზე თავდასხმისგან”.
დეზინფორმაცია ფეისბუქგვერდმა გადმოიტანა ინგლისურენოვანი სოციალური ქსელებიდან ინსტაგრამი და X (ყოფილი თვითერი), სადაც ის რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.
გამავრცელებლები წყაროდ უთითებდნენ emrouznews-ს. თუმცა მომხმარებლებმა მალევე ამოიცნეს დეზინფორმაცია და გაარკვიეს, რომ emrouznews არ წარმოადგენს ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოს და რიგითი გვერდია ინსტაგრამზე.
მსგავს შეთავაზებაზე მინიშნება არ გაკეთებულა არც აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების მიერ და არც ირანის ხელისუფლების წევრების მიერ. დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა გამოიყენეს ცნობები ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების პოტენციალის არსებობის შესახებ, რომელიც ირანის რეფორმატორთა ფრთის წარმომადგენლის, მასუდ პეზეშკიანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაჩნდა. პეზეშკიანი აცხადებდა, რომ თანახმა იყო შეეზღუდა ბირთვული პროგრამა დასავლური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. თუმცა მდგომარეობა შეიცვალა 31 ივლისს თეირანში „ჰამასის“ ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობით. ირანი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს შეწყვიტოს ისრაელის მხარდაჭერა და მხარი დაუჭიროს „აგრესორის დასჯას“, რადგან თეირანმა და ირანთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა, როგორიცაა “ჰამასი” და “ჰეზბოლა“, ჰანიეს მკვლელობაში ისრაელი დაადანაშაულეს.
ფაქტმონიტორი მოკლედ მიმოიხილავს ირანის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირების პოლიტიკას. პირველი ერთმხრივი სანქციები აშშ-მ ისლამური რევოლუციის შემდეგ დააწესა (1978-1979) პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ბრძანებით, თეირანში ამერიკის საელჩოში აჯანყებულების შეჭრის და 66 ადამიანის მძევლად აყვანის შემდეგ (52 მათგანი ტყვეობიდან გამოიხსნეს მხოლოდ 1981 წლის 20 იანვარს). 1979 წლის 14 ნოემბერს აშშ-მ შეწყვიტა ირანული ნავთობის შესყიდვა, ამერიკის ბანკებში გაყინეს ირანული აქტივები და ირანისთვის სამხედრო შეიარაღების სათადარიგო ნაწილების მიყიდვა აკრძალეს.
მომდევნო წლებში სანქცირების რეჟიმი რამდენჯერმა ჩასწორდა, მათი ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი გამკაცრდა, შემოიღეს ახალი შეზღუდვებიც. დღესდღეობით, კონგრესის კვლევითი სამსახურის (CRS) მონაცემებით ირანს ეკრძალება თითქმის ყველა სახის ვაჭრობა აშშ-სთან, შეზღუდვა ეხება აშშ-ის საგარეო დახმარების პაკეტების ხელმისაწვდომობასა და შეიარაღების შესყიდვასაც. სანქციები დაკისრებული აქვს ირანის და ირანთან დაკავშირებული უცხო ქვეყნების ათასობით მოქალაქეს. დღეის მდგომარეობით აღნიშნული სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე არის საუბარი და აშშ-ს არ გამოუთქვამს სურვილი ირანის მიმართ არსებული სანქციების მოხსნის ან რაიმე სახით შემსუბუქების თაობაზე.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, X-სა და ინსტაგრამის კერძო მომხმარებლების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი, რომელიც გაზიარებული იქნა ფეისბუქის ქართველი მომხმარებლების მიერ წარმოადგენს დეზინფორმაციის მიზნით გავრცელებულ მორიგ ყალბ ამბავს.


