...

ჟურნალისტი ელისო კილაძე: „ჩვენი ელჩი კადრში რატომ არ ჩანს?! დიფ სთეითმა ამოჭრა?!“

ვერდიქტი
მანიპულაცია

მედიაჰოლდინგის ქრონიკა + -ის მთავარი რედაქტორი  ელისო კილაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს: „12 ქვეყნის ელჩმა გადასცა ტრამპს რწმუნებათა სიგელი და ჩვენი ელჩი კადრში რატომ არ ჩანს?! დიფ სთეითმა ამოჭრა?!“ 

ელისო კილაძე იქვე აქვეყნებს ვიდეოს აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის სოციალური ქსელიდან.

წყარო 

განცხადების ტექსტი, რომელიც წინ უძღვის ვიდეოს: “თორმეტმა ახალმა ელჩმა წარუდგინა დონალდ ტრამპს რწმუნების სიგელები, რითაც მათ ოფიციალურად დაიწყეს თავიანთი საქმიანობა როგორც უმაღლესმა დიპლომატებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დიპლომატია ახალი ოქროს საუკუნისთვის”.

32 წამიანი ვიდეო ახალი ელჩების თეთრ სახლში მისვლის მომენტებს ასახავს. მათ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რწმუნებათა სიგელები უნდა გადასცენ. ცერემონიას უძღვება შეერთებული შტატების პროტოკოლის ოფისი. კადრებში ჩანს როგორ ეგებება ელჩებს პროტოკოლის უფროსი მონიკა ქრაული. ისინი გადმოდიან დიპლომატიური მისიების კუთვნილი ავტომობილებიდან და ხელს ართმევენ მას. ვიდეო აწყობილია მისალმების დინამიკური კადრებით, მაგრამ არ შეიცავს ყველა ელჩის სრულყოფილ პორტრეტს. მაგალითად, ზურგით დგას მალაიზიის ელჩი ტან Tan Sri Muhammad Shahrul Ikram Yaakob, პროფილშია იამაიკის ელჩი Antony Anderson. მეტიც, თორმეტი ელჩიდან ვიდეოში ჩანს მხოლოდ ათი, ანუ ვიდეოს „აკლია“ ორი ელჩის კადრები.

წყარო

ერთ-ერთი, რომელიც არ ჩანს არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი. ვიდეოს ბოლოს კადრში შემოდის ქართული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ავტომობილი, საქართველოს დროშით.

წყარო 

რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან? ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ჩათვალა, რომ შეერთებული შტატების პროტოკოლის ოფისის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული ვიდეო „ფარულ მესიჯს“ შეიცავს, ის სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღებას საქართველოს ელჩის კადრების არარსებობაზე ამახვილებს. ადამიანების ნაწილმა მას დაუჯერა, რასაც პროტოკოლის ოფისის უფროსის ფეისბუქგვერდზე დატოვებული ქართულ ენაზე დატოვებული კომენტარები მოწმობს. 

რა მოხდა სინამდვილეში? 24 ივლისს საქართველოს ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილმა, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში რწმუნებათა სიგელები გადასცა შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. ცერემონია წარმოადგენს მნიშვნელოვან დიპლომატიურ მომენტს, ის წარიმართა დიპლომატიური პროტოკოლის ფარგლებში, სხვა ახლადაკრედიტებული ელჩების და სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს თანდასწრებით. დონალდ ტრამპმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. თამარ ტალიაშვილის განცხადებით შეხვედრა ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩატარდა. მან მადლობა გადაუხადა აშშ – ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, „იმისთვის რომ ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის ჩატარება საქართველოსთან მიმართებაში შესაძლებელი გახდა უმოკლეს დროში“. ასევე გადაუხადა მადლობა მონიკა ქრაულის. „გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში“.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამ შეხვედრების განმავლობაში გვესაუბრა საქართველო- აშშ-ის ურთიერთობების გაძლიერებაზე და ასევე იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაიწერება და იქნება სახელმძღვანელო იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა იყოს ძლიერი და მტკიცე”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა შეხვედრის შემდეგ.   

წყარო 

ფაქტმონიტორი თვლის, რომ ჟურნალისტი ელისო კილაძე მოცემულ ვიდეოს მანიპულაციურად იყენებს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად. რადგან შეერთებული შტატების პროტოკოლის ოფისის უფროსის ფეისბუქგვერდით გავრცელებული 32 წამიანი ვიდეორგოლი გადმოსცემს რწმუნებათა გადაცემის საზეიმო ატმოსფეროს, ასახავს მნიშვნელოვან დიპლომატიურ მომენტს, მაგრამ არ წარმოადგენს შეხვედრის ამომწურავ მოცვას.  

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

 

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.