საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, პირდაპირ ეთერში ჩართვისას პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ ორჯერ და სამჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში ოცჯერაც არის შემცირებული სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების ოდენობა. მისი განმარტებით, ამასვე ადასტურებს სტატისტიკა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საქმეთა რაოდენობის სტატისტიკას შეიცავს პარტია „ქართული ოცნების” ფეისბუქ გვერდზე 2022 წლის 21 აპრილს გამოქვეყნებული სტატიაც, რომელიც მიძღვნილი იყო პარტია „ქართული ოცნების” მმართველობის ათი წლის იუბილესადმი.
ფაქტმონიტორმა გადაამოწმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ს მიერ მოყვანილი სტატისტიკა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ვებ-გვერდზე წლების მიხედვით არის ატვირთული ინფორმაცია, რომელიც ეხება თითოეული ხელშემკვრელი წევრი სახელმწიფოდან გაგზავნილი საქმეების ოდენობის სტატისტიკას, ასევე, მათ განხილვასა და შედეგებს. ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, არსებითად შემცირებულია საქართველოდან გაგზავნილი საქმეების რაოდენობა 2012 წლის შემდეგ, ვიდრე იყო 2012 წლამდე პერიოდში. საქმეების ოდენობა ზოგიერთ შემთხვევაში მინიმალური ოდენობით არის შემცირებული, ცალკეულ შემთხვევებში კი ორჯერ და სამჯერ. რაც შეეხება გაგზავნილი საქმეების ოცჯერ შემცირებას, აღნიშნული შემთხვევები დაფიქსირებულია 2017-2018წწ. 2008-2009წწ. შედარებით. ამდენად, ვინაიდან პრემიერ-მინისტრი კონკრეტულ წლებს არ ასახელებს, არამედ ზოგად სტატისტიკაზე საუბრობს, მისი ეს განმარტება წარმოადგენს სიმართლეს.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე
