ვერდიქტი: მცდარი
პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ სოციალურ ქსელში facebook, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც თითქოს ამერიკელი კონგრესმენის ქეით პორტერის (Rep.Katie Porter) განცხადებას ასახავს.
ვიდეოჩანაწერი დამახინჯებულია. ნამდვილი კომენტარი გაკეთდა 2022 წლის 14 დეკემბერს, აშშ კონგრესში ანტი-ლგბტქ+ ძალადობის შესახებ მოსმენაზე, სადაც ქეით პორტერმა თქვა, რომ ლგბტქ+ თემის წევრებს შეცდომით ანიჭებენ იარლიყებს „გრუმერები“ და „პედოფილები.“
2022 წელს ვიდეოფრაგმენტი სოციალურ ქსელებში შეცვლილი შინაარსით გავრცელდა. თითქოს ქეით პორტერმა განაცხადა, რომ პედოფილია არის არა დანაშაული, არამედ „პიროვნების იდენტობა.“ სინამდვილეში მისი სიტყვები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.
ვიდეოფრაგმენტს მოჭრილი აქვს შესავალი, სადაც კონგრესმენს მოყავს მაგალითი ავტორთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევიდან, რომელიც ეხებოდა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ სიძულვილს ლგბტქ+ თემის მიმართ. ის ამბობს, რომ ამ ადამიანებს ხშირად ანიჭებენ შეურაცხმყოფელ იარლიყებს „გრუმერი“ და „პედოფილი,“ ხოლო ნარატივი გრუმერზე (გულისხმობს სექსუალური მიზნით ბავშვების ნდობის გამოყენებას), არის ჩვეული ტყუილი, ვითომ ლგბტქ+ ადამიანები ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. შემდეგ წინადადებაში პორტერი აკეთებს დასკვნას, რომ „ადამიანი ამგვარად გამოდის დამნაშავე და დანაშაულებრივი ქმედებების მონაწილე, მხოლოდ მისი იდენტობის გამო.“
ქეით პორტერი იცავს ლგბტქ+ თემის უფლებებს და ითხოვს მათთვის შვილად აყვანის დისკრიმინაციული წესის შეცვლას და საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს (FDA) მასტიგმატიზირებელი პოლიტიკის შეწყვეტას, რომლის თანახმად თემის წევრებს ეკრძალებათ სისხლის დონაცია, დონორის სისხლთან დაკავშირებული რისკების შესახებ მოძველებული შეხედულების გამო. ქეით პორტერი ასევე ცნობილია დიდი კორპორაციების წინააღმდეგ გამოსვლებით და მისაბაძი მაგალითია ბევრი ამერიკელისთვის, როგორც „გოგონა აიოვას ფერმიდან,“ რომელიც სწავლობდა ჰარვარდში, არის მარტოხელა დედა სამი მოზარდისთვის და მიზნის მიღწევის გზაზე არასოდეს ნებდება.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 2024 წელს ქეით პორტერი მონაწილეობას მიიღებს სენატის არჩევნებში, დემოკრატიული პარტიიდან – პროკრემლისტურმა მედია საშუალებებმა და რუსულმა ანგარიშებმა ორი წლის წინანდელი სიცრუის გავრცელება დაიწყეს. აქედან მოხვდა ვიდეოფრაგმენტი ქართულ ანგარიშებზე.
სიყალბე დაადგინა სხვადასხვა მედია საშუალებებმა. სააგენტო როიტერის ფაქტების გადამოწმების ჯგუფმა ქეით პორტერის კომენტარი გადაამოწმა 2022 წლის 16 დეკემბერს, კონგრესმენის წარმომადგენელთან, რომელმაც წერილობით უარყო სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. „კონგრესმენ პორტერს არ უთქვამს, რომ პედოფილია არის იდენტობა.“
ამრიგად, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ პედოფილია იდენტობას წარმოადგენს.
