ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე
გიორგი ვაშაძის თქმით საქართველოს რუსეთთან 3-ჯერ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რადგან: „რუსეთიდან მილიარდ რვაასი მილიონის შემოდის პროდუქცია და ყველაფერი საქართველოში და ჩვენ ვყიდით მხოლოდ 600 მლნ-ს“. საკითხზე საუბარი შედგა მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში. ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გიორგი ვაშაძემ თავად გაავრცელა, 15 აგვისტოს.
ვიდეოს, რომელიც ხილის ბაღშია გადაღებული, წინ უძღვის მოწოდება: „დღეს საქართველო, ქართული სოფელი და ფერმერი მიტოვებულია სახელმწიფოსგან!“. ხოლო ერთიანობა–ნაციონალური მოძრაობის წევრი, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე და ერთიანობა–ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ჯაფარიძე გვიჩვენებენ, რომ მოწეული ვაშლი ხეებზე ფუჭდება, რასაც რუსეთის არასანდო ბაზარზე გლეხის დამოკიდებულებით ხსნიან.
მართლაც, წელს რუსეთმა, რომელიც ქართული ვაშლის ძირითადი საექსპორტო ბაზარია, მოთხოვნა შეამცირა. მიზეზები „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში დაასახელა „საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოსიაციის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა: დიდი კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან და რუსეთის პრიენტაცია საკუთარი პროდუქციის მოყვანაზე, რითაც გარკვეულწილად ჩაანაცვლა საქართველოდან ექსპორტი.
აღსანიშნავია, რომ დადებითი დინამიკა შეინიშნება რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლე ჯგუფების სავაჭრო ბალანსში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ექსპორტი 2024 წლის იანვარ-აპრილში გაზრდილია (230 420,5 მლნ დოლარი) შედარებით 2023 წლის იგივე მონაკვეთთან (226 196,9 მლნ დოლარი). ხოლო იმპორტი შემცირებულია 2024 წლის იანვარ-აპრილში (606 398.3 მლნ დოლარი), შედარებით 2023 წლის იგივე მონაკვეთთან (623 045.2 მლნ დოლარი).
რაც შეეხება შარშანდელი წლის მონაცემებს, საქსტატის მიხედვით 2023 წელს რუსეთთან ექსპორტ-იმპორტში სხვაობა მნიშვნელოვანია. იმპორტმა შეადგინა 1 744 მლნ დოლარი, რაც დაახლოებით 2,5-ჯერ მეტია საქართველოდან ექსპორტის ღირებულებაზე, 696 მლნ დოლარზე.
ფაქტმონიტორი მიიჩნევს, რომ გიორგი ვაშაძის მიერ გაჟღერებული მონაცემები ძირითადად სიმართლეს შეესაბამება, ხოლო მცირე უზუსტობები რიცხვების დამრგვალებაში, დრამატიზების სურვილით შეიძლება აიხსნას. შესაბამისად, გიორგი ვაშაძის განცხადება შეფასებულია როგორც მეტწილად სიმართლე.



