...

დეზინფორმაცია: „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ ალავერდის ქარბორბალაზე კონსპირაციას ავრცელებს

ვერდიქტი
მანიპულაცია

ვერდიქტი: მანიპულაცია

მორიგი კონსპირაციით ფეისბუქ-ანგარიში „ბოლო ჟამის ქრისტიანები“, ერთმანეთთან აკავშირებს ალავერდის ტაძართან წარმოქმნილ ქარბორბალას და გეოინჟინერიის კვლევით პროგრამებს HAARP და Сура-ს. მიმართვაში, რომელიც ანგარიშმა სოციალურ ქსელში 26 ივნისს გამოაქვეყნა, ის იყენებს ირონიას მათ მიმართ, ვისაც სტიქია ბუნებრივ პროცესად მიაჩნია და მომხმარებლებს მოუწოდებს დაინახონ „ნამდვილი დამნაშავე“, რომელიც ამგვარი კატაკლიზმების უკან დგას. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის გეოინჟინერია გამოიყენება. თვითონვე აღიარებენ რომ კლიმატს ცვლიან. ქვეყნებიც არ მალავენ რომ იწვევენ ხელოვნურ წვიმებს, მედიაში უფრო და უფრო ხდება კლიმატის გეოინჟინერიის გამოყენებაზე საუბარი და აქ რა ხდება“?

ფაქტმონიტორი მიიჩნევს, რომ სახეზე გვაქვს ქართულ კონტექსტში კლასიკური კონსპიროლოგიური თეორიის გამოყენების მაგალითი, რომელიც მიანიშნებს პრობლემაზე, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილში არსებობს. საუბარია შეხედულებაზე, სადაც სტიქიური უბედურებები ღვთის სასჯელად არის წარმოდგენილი. დასამალი არ არის, ზოგიერთ ჩვენგანს მართლაც სჯერა, რომ სასჯელი არ აგვცდება თუ ღვთის მცნებებით არ ვიცხოვრებთ. მეტიც, მსგავსი შეხედულება საქართველოს ეკლესიის უმაღლეს იერარქებსაც გამოუთქვამთ.

ინტერნეტსივრცეში, მისამართზე bolojamze.ge/meupe_iobi.htm იძებნება ურბნისის და რუისის მიტროპოლიტ იობის ინტერვიუ, რომელსაც გაზეთის, „მახვილი მესიისა“, მთავარი რედაქტორი შორენა სიხარულიძე უძღვება. მიტროპოლიტი ვრცლად საუბრობს ამ თემაზე: „ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში შენდებოდა იაპონია და უცბად, ერთ დღეში დაინგრა. აი, ეს შეუძლია უფალს! მინდა გაგახსენოთ ეზდრა წინასწარმეტყველს რას პასუხობს უფალი – “გაამაყებული ხალხი ჩემი კანონებით აღარ იცხოვრებს და მათ საწინააღმდეგოდ მაქვს სასჯელები – მიწისძვრით, ცეცხლით, ქარიშხლებით, წყალდიდობით დავსჯიო”. და ასეც ხდება მთელ მსოფლიოში. ამიტომ ჩვენ გონს უნდა მოვეგოთ, რომ არ მივიღოთ ის სასჯელი ღვთისაგან, რაც იაპონიას და სხვა ქვეყნებს დაემართა“.

წყარო

პრობლემა შარშან, შოვის ტრაგედიის დღეებში გამწვავდა. დადებითი გავლენა მოახდინეს სასულიერო პირებმა, რომლებიც განმარტავდნენ, რომ სტიქია ღმერთისგან მოვლენილი სასჯელი არ არის. საზოგადოებას ახსოვს მღვდელმონაზონი ირინეოსის მიმართვა, სოციალურ ქსელში: „ბუნებრივი კატაკლიზმა არ არის ღვთის სასჯელი, იგი არის ბუნების გამოძახილი, ღმერთი არ ერევა ქმნილების ნებაში, [ბუნებაც ქმნილებაა] რადგან ღმერთმა ყველაფერი ადამიანისთვის შექმნა და ადამიანს დაუქვემდებარა!“

წყარო

რა თქმა უნდა ყველას გადარწმუნება ვერ მოხერხდა. ეს ადამიანები საკუთარ აზრზე დარჩნენ და დაიბნენ, როდესაც მათი შეხედულების საწინააღმდეგო ინფორმაცია შეიტყვეს: 25 ივნისს ალაზნის ველზე წარმოიშვა უჩვეულო მოვლენა, ქარბორბალა. დაზიანდა ალავერდის ტაძარი. ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, დავითმა განაცხადა, რომ „დარტყმა იყო ძალიან ძლიერი… არცერთი სახურავი არ არის გადარჩენილი. სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, აქაურობა არის იავარქმნილი“.

წყარო

ბუნებრივია კითხვას, რომელიც საზოგადოების ამ ნაწილს აქვს, არ პასუხობს ქართველი მეცნიერების განმარტებები. თუნდაც გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლის ავთანდილ ამირანაშვილის ამომწურავი პოსტი, რომელიც მეცნიერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

წყარო

გაურკვევლობის გასაფანტად „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ მიმართავს კონსპირაციას. ფეისბუქ-ანგარიში მომხმარებლებს ქარბორბალას ხელოვნურ წარმოშობაში არწმუნებს, თითქოს მისი გამომწვევი იყო აშშ-ს და რუსეთის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები HAARP და Сура. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებს დიდი ხანია უკავშირებენ კონსპირაციის თეორიებს. მსოფლიოს ყველა კუთხეში მოიძებნებიან ისინი, ვისაც სჯერა, რომ ამერიკული პროექტი HAARP არის უძლიერესი კლიმატური და გეოფიზიკური იარაღი, რომელსაც შეუძლია წარმოქმნას „ბუნებრივი“ კატასტროფები და ამინდის ანომალიები. არსებობს მითები პლაზმურ ღრუბლებზე, რომლებიც თვითმფრინავების მიმართულებით შეიძლება გაუშვან, მართულ ცუნამზე და მიწისძვრებზე (2010 წელს ვენესუელას ლიდერმა უგო ჩავესმა განაცხადა, რომ HAARP მოახდინა ჰაიტის მიწისძვრის პროვოცირება). ანალიტიკოსები თვლიან, რომ კონსპირაციული იდეის პოპულარობაში ლომის წილი რეალური სამეცნიერო მოწყობილობის მუშაობის პრინციპების ვერგაგებას შეაქვს.

რას წარმოადგენს HAARP (High-frequency Active Auroral Research Program), მაღალი სიხშირის რადიოტალღების იონოსფერული გაფანტვის კვლევის პროგრამა? ეს არის აშშ-ს სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელიც 1997 წლიდან სწავლობს იონოსფეროსა და ელექტრომაგნიტური გამოსხივების ურთიერთზემოქმედებას. გადამცემი სისტემა მდებარეობს დასახლება ჰაკონთან, ალასკას შტატში. 2015 წლიდან მას იყენებს ალიასკა ფერბეკსის უნივერსიტეტი (UAF) ატმოსფეროს ზედა ფენების გამოსაკვლევად.

წყარო

რაც შეეხება რუსულ ობიექტს СУРА, პროექტს იგივე მიზნები აქვს რაც ამერიკულს. სისტემა აშენდა 1963 წელს რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, ქვემო ნოვგოროდიდან 150 კმ-ში. რუსი მეცნიერების აზრით ის სიმძლავრით HAARP-ს არ ჩამოუვარდება, განსხვავება მათ განლაგებაშია. ამერიკული სისტემა მდებარეობს ჩრდილოეთში, სადაც დედამიწის მაგნიტოსფერო მეტად დაძაბულია და საშუალებას იძლევა კვლევებში „ჩრდილოეთის ავრორა“ (ციალი) გამოიყენონ.

წყარო

 

 

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.