დეზინფორმაცია: ოლენა ზელენსკა ჰიპერავტომობილის, Bugatti Turbillon-ის პირველი მფლობელი გახდა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
1 ივლისიდან ვრცელდება ყალბი ამბავი, თითქოს ოლენა ზელენსკა 4,5 მლნ ევროს გადაიხდის ჰიპერავტომობილში Bugatti Turbillon, ანუ მომდევნო მოდელის „ბუგატის“ პირველი მფლობელი გახდება. ჰიპერავტომობილის შეკვეთის შესახებ დეზინფორმაციას ინტენსიურად ავრცელებენ პროკრემლისტური რესურსები, საიდანაც ქართულენოვან ანგარიშებს ქართულ სოციალურ ქსელებში გადმოაქვთ.
დეზინფორმაციის პირველწყარო არის ახლადდაარსებული ფრანგული გამოცემა Verite Cachee France (ფარული სიმართლე), რომელიც 10 დღის წინ, 2024 წლის 22 ივლისს შეიქმნა. მათ საიტს თუ გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ გამოცემა უმეტესად რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებით არის დაკავებული და მოვლენებს რუსეთის პოზიციიდან აფასებს.
ყალბ ახალ ამბავს “დამაჯერებლობას მატებს” ვინმე ჟაკ ბერტენის ვიდეო. ის ყვება, რომ მუშაობს პარიზის ელიტურ ავტოსალონში და საკუთარი თვალით ნახა ზელენსკები, რომლებიც “ბუგატის” პრეზენტაციას დაესწრნენ. ის თითქოსდა ვერ მალავს აღფრთოვანებას ოლენა ზელენსკათი და ამაყობს, რომ ქალბატონი “ბუგატის” ოჯახის წევრი გახდება.
უკრაინის ЦПИ-ს, ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადებით, საქმე გვაქვს რუსეთის მორიგ მცდელობასთან მოახდინოს უკრაინის პრეზიდენტის ოჯახის დისკრედიტაცია.
“ადამიანს, რომელიც თავს გვაცნობს, როგორც მაღაზიის თანამშრომელი, სოციალურ ქსელში Instagram აქვს მხოლოდ ოთხი პუბლიკაცია, მათგან პირველი გამოქვეყნებულია მხოლოდ ოთხი დღის წინ. ასევე უნდა ითქვას, რომ მამაკაცს, რომელსაც კადრში ვხედავთ, ხელოვნურად გენერირებული დიპფეიკის ნიშნები ეტყობა ” – აღნიშნეს ЦПИ-ში.
ფაქტმონიტორი შეგახსენებთ, რომ პროკრემლისტურ რესურსებს არაერთხელ გაუვრცელებიათ ცრუ ინფორმაცია დაუჯერებლად დიდ თანხებზე, რომლებსაც ზელენსკების წყვილი ფუფუნების საგნებში ხარჯავს. მაგ., გასულ შემოდგომაზე ნიგერიის მედიიდან წამოვიდა შეკვეთილი სიყალბე, თითქოს უკრაინის პირველმა ლედიმ ნიუ იორკში, Cartier-ის მაღაზიაში 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამკაულები იყიდა.
მსგავსი ფალსიფიკაციები უკავშირდება იმ დეზინფორმაციულ ნარატივის, რომლის თანახმად უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ომით მდიდრდება. ისინი ჩნდება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრების პერიოდში. ამჯერად ყალბი ამბავის გავრცელება ვაშინგტონში ნატოს სამიტის წინ მოხდა.

