ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი, რომელიც 28 აგვისტოს ადრე დილით პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა გერმანელმა ბიზნესმენმა კიმ დოტკომმა, რამდენიმე საათში ქართულენოვან ფეისბუქშიც გავრცელდა.
დეზინფორმაციის მიხედვით არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქის, Telegram-ის დამაარსებელი პაველ დუროვის საფრანგეთის მიწაზე დაკავების გამო, აბუ-დაბიმ ცალმხრივად გაყინა 17 მილიარდ დოლარიანი გარიგება 80 ერთეული Rafale-ის ტიპის ფრანგული ავიაგამანადგურებლების შესყიდვაზე და განაცხადა, რომ პაველ დუროვის დაკავება აღმაშფოთებელია.
საუბარია საფრანგეთის თავდაცვითი ექსპორტის ისტორიაში თვითმფრინავების უმსხვილეს კონტრაქტზე. ის მოიცავს 80 ერთეულ მრავალფუნქციურ გამანადგურებელს Dassault Rafale მოდიფიკაციით F4 და 12 ვერტმფრენს Airbus Helicopters Н225М Caracal. ხელშეკრულებას, რომელიც საფრანგეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების სტრატეგიულ პარტნიორობას ასახავს, ხელი მოეწერა 2021 წლის 3 დეკემბერს, საამიროებში, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და აბუ დაბის ტახტის მემკვიდრის შეიხ მუჰამედ ბენ ზაიიდ ალ ნაჰაიანის თანდასწრებით. თვითმფრინავების მიწოდება 2027 წლიდან დაიწყება.
დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად კომენტარი გააკეთა ფრანგულმა მხარემ. 29 აგვისტოს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს განცახადებით გავრცელებული ხმები „წარმოადგენს ნაწილს დეზინფორმაციის ოპერაციის“.
15 მილიარდად „შეფასებული“ 34 წლის პაველ დუროვი 24 აგვისტოს დააკავეს პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში. მას ბრალად წარედგინა თანამონაწილეობა Telegram -ის საშუალებით გახორციელებულ არაკანონიერ ქმედებებში. ჩამონათვალშია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, ბავშვებთან დაკავშირებული დანაშაულებები და თაღლითობა, ასევე ამ საკითხებში პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. პაველ დუროვს, რომელმაც შექმნა სოციალური ქსელი “ВКонтакте” და მესენჯერი Telegram, აქვს ოთხი ქვეყნის მოქალაქეობა, საფრანგეთის, რუსეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და სენტ–კიტსის და ნევისის ფედერაციის.
იმის მიუხედავად, რომ პაველ დუროვმა 2017 წელს დატოვა რუსეთი და განაცხადა რომ უკან დაბრუნებას აღარ აპირებს, ოფიციალური მოსკოვი ცდილობს ეს გახმაურებული დაკავება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს, განსაკუთრებით შიდა აუდიტორიასთან – „რუსების მიზანმიმართული ჩაგვრის“ და „დასავლეთის ორმაგი სტანდარტების“ საილუსტრაციოდ. მაგ., 31 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის შეკითხვას ასე უპასუხა: „ერთადერთი, რისი თქმაც მინდა: ჩვენთან ის არავის დაუპატიმრებია. რათქმაუნდა, იყო კითხვები. დიახ, მართალია ტერორისტები სარგებლობენ Telegram-ის ქსელით. მაგრამ ტერორისტები ავტომობილებითაც სარგებლობენ. რატომ არ აპატიმრებენ „რენოს“ ან „სიტროენის“ გენერალურ დირექტორებს“?
რუსეთის ფედერაციაში განსაკუთრებული ინტერესით შეხვდნენ დეზინფორმაციას საამიროების მიერ საფრანგეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაყინვის შესახებ. პროკრემლისტური მედია და რუსულენოვანი სოციალური ქსელები აქტიურად აზიარებდნენ კიმ დოტკომის მოწოდებასაც ოფიციალური პარიზის ბოიკოტირებაზე: ვიდრე დუროვი არ გათავისუფლდება “არ დახარჯოთ ფული ფრანგულ საქონელში და არ წახვიდეთ საფრანგეთში“.
პაველ დუროვის დაკავება ბევრმა ადამიანმა მიიჩნია ონლაინ-პლატფორმებზე კონფედენციალობას და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენციის გამოხატულებად. საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მოუწია რამდენჯერმე ეთქვა, რომ დუროვის დაპატიმრება არ ყოფილა პოლიტიკურად მოტივირებული. პირველი ოფიციალური კომენტარი მაკრონმა გააკეთა სოციალური ქსელით X : „მე ვთვლი, რომ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება საფრანგეთზე, პაველ დუროვის დაკავების შემდეგ. საფრანგეთი, ისე როგორც არასდროს უჭერს მხარს აზრის გამოხატვის და კომუნიკაციის თავისუფლებას, ინოვაციებს და მეწარმეობას. ასეც გაგრძელდება“. 29 აგვისტოს, სერბეთში პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა: “ეს გახლავთ ფრანგული სასამართლო სისტემის დამოუკიდებელი ქმედება”.
რაც შეეხება ბიზნესმენ კიმ დოტკომს, ვინც სამხედრო კონტრაქტის გაყინვაზე დეზინფორმაცია გაავრცელა, ის თავად არის ბრალდებული ინტერნეტ-მეკობრეობაში, თაღლითობაში და საავტორო უფლებების უხეშ დარღვევაში, მის მიერ დაარსებული ფაილების გაზიარების პოპულარული საიტების Megaupload და Mega-ს საშუალებით. კიმ დოტკომი (ნამდვილი სახელი კიმ შმიცი) 2010 წლიდან ახალ ზელანდიაში ემალება აშშ-ს მართლმსაჯულებას და წლებია ამტკიცებს, რომ აშშ და სხვა ქვეყნების მთავრობები სიტყვის თავისუფლებას ხელყოფენ. 27 აგვისტოს მან განაცხადა, რომ პაველ დუროვის დაკავება აშშ-ს მიერ არის კოორდინირებული.
მასთან უნისონშია კრემლის გზავნილები, მაგ., სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ტელეგრამში წერს, რომ „სინამდვილეში დუროვის დაკავების უკან დგას ვაშინგტონი,… დუროვის მესენჯერი ერთ-ერთია იმ მცირე პლატფორმათა შორის, რომლებიც ვერ აიძულეს ამერიკელმა ძალოვნებმა მონაცემები გადასცენ სახელმწიფო დეპარტამენტს და CIA-ს “
28 აგვისტოს პაველ დუროვი 5 მლნ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, პირობით რომ არ დატოვებს საფრანგეთის ტერიტორიას. საინფორმაციო სააგენტო როიტერის ცნობით, წყარო სასამართლოდან იტყობინება, რომ ის კვირაში ორჯერ უნდა დაფიქსირდეს პოლიციაში და გარკვეული საათები სახლში გაატაროს.
სასამართლოს გამოძიება არ გულისხმობს დანაშაულის არსებობას და აუცილებელი არ არის სასამართლო პროცესით დასრულდეს, ის მიუთითებს, რომ მოსამართლეები თვლიან რომ გამოძიების გასაგრძელებლად საკმარისი სამხილები არსებობს.
