26 სექტემბერს, „ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში მოსახლეობის 18% სოციალურ დახმარებას იღებს: „18% არის ჩვენი თანამოქალაქეების მეგობრებო, ვინც იღებს სოციალურ დახმარებას ამ ქვეყანაში, 18% არის კატასტროფული მაჩვენებელი და ეს პროცენტი არ კლებულობს. მაგალითად, 2023 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა გვაქვს. ანუ ქვეყანაში, სადაც განსაკუთრებით 2023 წლიდან, როგორც ეს ხელისუფლება იძახის, ეკონომიკური ზრდა არის არნახული, ამ ქვეყანაში, ამ პერიოდთან შედარებით სადაც ეკონომიკური ზრდა დაიწყო, მატება არის სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვში“.

ფაქტმონიტორმა გადაამოწმა თაზო დათუნაშვილის განცხადება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 2023 წლიდან გაიზარდა და დღესდღეობით ისტორიულ მაქსიმუმზეა. ა/წ აგვისტოში დახმარების მიმღებთა რიცხვი წინა თვის, ივლისის მაჩვენებლებთან შედარებით 947 ადამიანით არის გაზრდილი. ამასთან, 2025 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 2024 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ რაოდენობას 18,268 ადამიანით გადააჭარბა. სულ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 1 301 179 ადამიანი, მათგან საარსებო შემწეობის მიმღებია 708,764 პირი რაც მოსახლეობის 19.1%-ს შეადგენს.
| წელი, თვე | საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა | საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი % |
|
|
|
|
| 2023 დეკემბერი | 647 535 | 17.3 |
| 2024 დეკემბერი | 690 496 | 18.7 |
| 2025 აგვისტო
| 708 764 | 19.1 |
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდას განაპირობებს სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოსახლეობის მიმართვიანობის მატება, რაც საქართველოს მთავრობის სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. გაზრდილია არსებული პროგრამების მოცვა, გადაისინჯა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა და 2021 წლიდან შემოიღეს ბავშვის ფულადი დახმარება, რომელიც თანდათან მზარდია. 2022 წლიდან კი მოქმედებს საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა, სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე დასაქმებისთვის.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები წარმოადგენს სიმართლეს. დღეის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის 18% შეადგენს.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.