ირაკლი ნადირაძე: კომპანიას, რომელიც წერეთლის რეაბილიტაციიდან გააგდეს, 15 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.
ვერდიქტი: სიმართლე
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე ირაკლი ნადირაძემ, 25 იანვარს სოციალურ ქსელში facebook გამოაქვეყნა განცხადება: “წერეთლის რეაბილიტაციიდან გაგდებული კომპანიის შავ სიაში შეტანისა და ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვის ნაცვლად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა, ამის შედეგად კი ხიდებისა და გზების ჩამოშლას, ვაკის შადრევნის ტრაგედიას ვიღებთ, ეს კლავს ადამიანებს!”
საუბარია კომპანიაზე შპს “ერ ტე დე”, რომელიც რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებდა წერეთლის გამზირზე. 16 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების შეფერხების მიზეზით, შპს „ერ ტე დე“-ს ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება (ს/ნ: 406102550), რომელიც დაიდო 2023 წლის 27 თებერვალს.
17 იანვარს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმაც გააკეთა განცხადება და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის განმახორციელებელ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.
https://tbilisi.gov.ge/news/15608
მიმდინარე წლის 18 იანვარს შპს “ერ ტე დე”-სთან 14,900,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა. იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ 9-კმ 20 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე. ტენდერი (NAT230022389) გამოცხადდა 9 ნოემბერს. წინადადებების მიღება დამთავრდა 15 დეკემბერს.
https://tendermonitor.ge/ge/organization/8782
ინფრასტრუქტურის სამინსტროში აცხადებენ, რომ კომპანია „ერ ტე დე“ ჯერ არ არის შეტანილი არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, ე.წ. შავ სიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. „ამ ეტაპზე არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გვქონდა და მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას, არ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავარღვევდით კანონს“.
https://netgazeti.ge/life/706507/
ფაქტ-მონიტორი ადასტურებს ირაკლი ნადირაძის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის სიმართლეს. შპს „ერ ტე დე“-ს 16 იანვარს ხელშეკრულება შეუწყვიტა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, 18 იანვარს კი ხელშეკრულება გაუფორმა საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.
