ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულის დანერგვა და ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანოს შექმნა – ეს არის ის ინიციატივა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ანტიკორუფციული რეფორმების ფარგლებში, კორუფციული რისკების პრევენციის მიზნით გეგმავს. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ინიციატივა გამორიცხავს არაკანონიერ გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და კომპანიებს შორის. ცვლილებების გატარება უახლოეს მომავალში იგეგმება. ყველა შემსყიდველი კომპანია კანონით იქნება ვალდებული, დაიცვას ახალი რეგულაციები.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ეს არის ქართული “ნოუჰაუ”, რომელიც პირველად საქართველოში დაინერგება.
“ჩვენ ვაშენებთ მოდულს ახალ პროგრამაში, სადაც შესაძლებელი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალედ შემსყიდველსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია“ – თქვა ლევან ჟორჟოლიანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი”.
“რაც შეეხება გამჭვირვალეობას, ელექტრონული შესყიდვების ნაწილში ეს ახლაც უზრუნველყოფილია, ჩვენ პრობლემა გვქონდა ბაზრის კვლევასთან მიმართებით. ჩვენ ვაშენებთ მოდულს ამ ახალ პროგრამაში, სადაც შესაძლებელი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალედ შემსყიდველსა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია. თუკი რამეს დაზუსტება მოუნდება კონკრეტულ ბიზნესსუბიექტს, კონკრეტული შემსყიდველი ორგანიზაციიდან მიიღებს ავტომატურად პასუხს. ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას ექნება თავისი უნიკალური ანგარიში, მეილი. ეს არის ქართული „ნოუჰაუ“. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ აქვს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, ბევრგან არის შესყიდვების ელექტრონული მოდული, მაგრამ ბაზრის კვლევის ეტაპზე არც ერთ წევრ და კანდიდატ ქვეყანას არ აქვს და ეს პირველად ჩვენთან დაინერგება” – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ცვლილებები შევა სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში. მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული მოკლე ინსტრუქციიდან ირკვევა, რომ ბაზრის კვლევების შესახებ ინფორმაციას 40 000-ზე მეტი ეკონომიკური ოპერატორი ავტომატურად მიიღებს. შეთავაზების წარდგენისას მათ ექნებათ თანაბარი შესაძლებლობები და წარდგენილი წინადადებებიც ერთდროულად გაიხსნება. შესყიდვების სპეციალისტების ნაწილი მთავრობის ინიციატივას იწონებს. მათი აზრით დაანონსებული ცვლილებებით გამჭვირვალე გახდება ის საფუძველი, რომელსაც დაეყრდნობა შემსყიდველი ორგანიზაცია ამა თუ იმ ღირებულების ტენდერის გამოცხადების დროს, რაც აქამდე გარკვეულ კითხვებს აჩენდა.
როგორც სამთავრობო უწყება აცხადებს, ამგვარი ფორმატის პლატფორმა ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანაში არ მოქმედებს. ოფიციალური განმარტებით, სისტემა განკუთვნილია სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის ზრდისთვის და კორუფციული რისკების მინიმუმამდე დასაყვანად.
მოდულის მთავარი არსი სწორედ ის არის, რომ ბაზრის კვლევის ეტაპზე შედეგებზე წვდომა არ აქვს არც შესყიდვების განმახორციელებელ უწყებას და არც სხვა დაინტერესებულ მხარეს. საბოლოო მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბოლომდე სრულდება შეთავაზებების წარდგენის დრო, ეს კი ამცირებს ფასების ხელოვნური ცვლილების, უკუკავშირის ან სხვა მანიპულაციების შესაძლებლობას.
სისტემაში დამატებულია ონლაინ კითხვა-პასუხის მექანიზმიც, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაციას უფრო გამჭვირვალეს გახდის. მთავრობის შეფასებით, ეს ნაბიჯი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მიდგომაა სახელმწიფო შესყიდვების რეფორმის ფარგლებში და მიზნად ისახავს ხარჯთეფექტიანობის გაზრდას, სტანდარტების ერთიანობასა და მოკავშირე ქვეყნებთან ინტეგრაციის გაძლიერებას.
ფაქტმონიტორმა გადაამოწმა ლევან ჟორჟოლიანის განცხადება და დაადგინა, რომ აღნიშნული მოდული ნამდვილად წარმოადგენს ქართულ ინოვაციას. ევროკავშირის ყველა ქვეყანა იყენებს ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების სისტემებს. ეს მოთხოვნა 2014 წლის ევროკავშირის საჯარო შესყიდვების დირექტივიდან გამომდინარეობს. პლატფორმები მოიცავს e-tenders, e-invoicing, e-catalogues და სხვა ციფრულ პროცესებს.
თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებში, ბაზრის კვლევის ეტაპი (market research) როგორც წესი, რჩება მანუალურ ან ნახევრად ციფრულ ფორმატში და ძირითადად ტარდება ექსპერტების მიერ, ე.წ. “სპრედშითებით”, მომწოდებლებთან კონსულტაციებით ან ზოგადი მონაცემთა ბაზების გამოყენებით. ევროკავშირის არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობს სრულად ავტომატიზებული, ცალკე შექმნილი ბაზრის კვლევის მოდული (market research module), როგორც სავალდებულო და ინტეგრირებული საფეხური.
ბაზრის კვლევის ლექტრონული მოდულის დანერგვის ინიციატორი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაცია. ინიციატივას მხარს უჭერენ საკანონმდებლო ორგანოშიც, საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ბაზრის კვლევის ციფრული მოდული მინიმუმამდე დაიყვანს კორუფციის რისკებს და სახელმწიფო შესყიდვები სრულიად გამჭვირვალე გახდება.