...

„TV პირველის” მანიპულაცია მამუკა მდინარაძის განცხადებაზე მადუროს შესახებ

ვერდიქტი
მანიპულაცია

მამუკა მდინარაძის 2024 წლის 30 ოქტომბრის კომენტარი მადუროს განცხადებაზე

ვერდიქტი: მანიპულაცია

 2026 წლის 4 იანვარს “ტელეკომპანია პირველმა” სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ამონარიდი კომენტარიდან, რომელიც სუს-ის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, მამუკა მდინარაძემ 2024 წლის 30 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციიდან გააკეთა,  ნიკოლას მადუროს განცხადების საპასუხოდ.


ქარდის მიხედვით მამუკა მდინარაძე ამბობს: “თუ მადურომ ის დაინახა, რომ საქართველოში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა – დიდი შანსია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება უკან წაიღოს“.

“TV პირველის” ქარდი

 

ქარდის გავრცელებას მალევე მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურება. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა “ტელეკომპანია პირველი” განცხადების კონტექსტის დამახინჯებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ძველი ციტატის ხელახლა გავრცელებამ საზოგადოებაში შექმნა მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს განცხადების ავტორი ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას გამოხატავდა.

 

ხელისუფლების განმარტებით, 2024 წლის 30 ოქტომბერს გაკეთებული კომენტარის რეალური შინაარსი სხვა იყო და უკავშირდებოდა იმ შესაძლებლობას, რომ ვენესუელას მხრიდან – არსებული ან შესაძლო ახალი ხელისუფლების პირობებში – გაჩნდებოდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღების შანსი, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება იქნებოდა.

 

თემა განსაკუთრებით აქტუალური ვენესუელაში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე გახდა. იანვრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია ნიკოლას მადუროს დაკავების შესახებ, რასაც მთელს მსოფლიოში უდიდესი რეზონანსი მოჰყვა. პროცესებს ოფიციალურად გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და კვლავ ელოდება არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში პოზიტიურ ცვლილებებს.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მმართველი გუნდის შეფასებით, “ტვ პირველის” მიერ ამ კონტექსტის გარეშე 2024 წლის განცხადების გახსენება პოლიტიკური მანიპულაციის შთაბეჭდილებას ქმნის, მაშინ როდესაც საქართველოს პოზიცია ვენესუელასთან მიმართებით წლებია უცვლელია და ეფუძნება საერთაშორისო სამართალსა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპს.

წყარო: Rustavi 2

„ფაქტმონიტორმა“ გადაამოწმა მამუკა მდინარაძის მიერ 2024 წლის 30 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება და დაადგინა, რომ “ტვ პირველის” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ტექსტი არასწორად წარმოადგენს კომენტარის შინაარსს.

მამუკა მდინარაძემ მაშინ პასუხი გასცა ჟურნალისტის შეკითხვას, ვენესუელის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს მიერ ოცნებისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე. 2024 წლის 29 ოქტომბერს ნიკოლას მადურომ საკუთარ სატელევიზიო პროგრამაში „მადუროსთან ერთად +“ თქვა, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართულმა ოცნებამსამაგალითოდ და ვარსკვლავურად გაიმარჯვა და ამერიკის შეერთებულ შტატებს დააბრალა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. 

წყარო: რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“

 

მამუკა მდინარაძე ამბობდა: “მეათიათასე შემთხვევაა ჩვენ რომ გვთხოვენ პასუხს სხვისი მოქმედებების გამო, მათ შორის, რუსები რომ განცხადებას რომ გააკეთებენ […] მე რა ვიცი ვიღაც რატომ შვრება რაღაცას. მაგრამ, ეს არის ძალიან კარგი, თუ იმ ადამიანმა, რომელმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარა, დაინახა რეალობა, რომ აქ არაფერი არ მომხდარა, ხვალ იმ რეალობასაც დაინახავს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ეს წინგადადგმული ნაბიჯი ყოფილა და ძალიან მაგარია. არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმატებაა, ჩემი აზრით, თუ [ნიკოლას] მადურომ ის დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა, ხვალ დიდი შანსია, რომ ის აღიარება უკან წაიღოს“.

ხოლო მამუკა მდინარაძის კომენტარის ხელახლმა გავრცელებამ, შეცვლილი პოლიტიკური კონტექსტის პირობებში, საზოგადოებრივი დისკუსია და მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია. ფაქტმონიტორის შეფასებით, ტელეკომპანია პირველისმიერ გავრცელებული ქარდი არ ასახავდა განცხადების სრულ კონტექსტს და ქმნიდა მცდარ აღქმას. ხელისუფლების პოზიციის თანახმად, საქართველოს დამოკიდებულება ვენესუელასთან მიმართებით უცვლელია და კვლავ საერთაშორისო სამართალსა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას ეფუძნება, შესაბამისად ვენესუელაში მიმდინარე პროცესები თბილისისთვის მხოლოდ იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რამდენად შეიძლება მათ საქართველოზე დადებითი დიპლომატიური შედეგი ჰქონდეს.

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

ვერდიქტის გასაჩივრება

 

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.