მისტიფიკაციების, იგივე პაროდიული ახალი ამბების გავრცელების პრობლემა მათი ნამდვილობის დადგენის სირთულეშია. როგორც არ უნდა დაიწეროს პაროდია, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც გავრცელებულ ინფორმაციას სინამდვილედ მიიღებს. როგორც წესი, ამგვარი პაროდიული “ახალი ამბები”, არის აბსურდული და თავიდან ბოლომდე გამონაგონი. ისინი ჩაფიქრებულია როგორც ხუმრობა, მაგრამ ატყუებს ადამიანებს. მისტიფიკაციები, განსაკუთრებით საზოგადოებისთვის მწვავე თემებზე, საკმაოდ ხშირად აღიქმება როგორც ფაქტები, თუ არ იქნება მონიშნული როგორც სატირა/პაროდია, ან არ ახლავს ღიმილები, სიცილაკები და ა.შ.
ამ მხრივ ინტერესს იწვევს 2011 წელს შექმნილი ფეისბუქგვერდი “ხაშურის მუნიციპალიტეტი”, რომელსაც 36 ათასი გამომწერი ჰყავს. გვერდი ქმნის და სატირად მონიშვნის გარეშე ავრცელებს პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებულ პაროდიულ ახალ ამბებს – ხელისუფლების და მათი მხარდამჭერების დისკრედიტაციისთვის, ზოგჯერ კი გამოდის ოპოზიციის მხარდამჭერი გზავნილებით. მაგალითად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში “ხაშურის მუნიციპალიტეტი” პოპულარიზაციას უწევდა პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ხაშურის საკრებულოს სიის პირველ ნომერს, თინათინ ბოლოკაძეს. მისტიფიკაციას წარმოადგენს გვერდის დასახელებაც, რადგან არაფერი აკავშირებს ხაშურის თვითმმართველობის ორგანოსთან, რომლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდს ეწოდება “ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია” და საჯაროდ ფუნქციონირებს.
მსგავსი სატირული გვერდების შესახებ შეკითხვაზე, „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა, ისრები თავიდანვე ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებისკენ გადაიტანა. მან თქვა, რომ სერიოზულ კითხვებს აჩენს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც მისი შეფასებით, მიკერძოებულად მოქმედებენ. “სამწუხაროდ, არსებული, ეგრეთწოდებული ‘ჩეკერები’ მიკერძოებულად აგრძელებენ საქმიანობას და ლოიალურად არიან განწყობილი იმ ფეიკ გვერდების მიმართ, რომლებიც კონკრეტულად მმართველი გუნდის წინააღმდეგ მუშაობენ“- განაცხადა გრძელიშვილმა.
როგორც გიორგი გრძელიშვილმა აღნიშნა, დეზინფორმაციული კამპანიები პოლიტიკოსების რეპუტაციაზე გადამწყვეტ გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნის და დამატებით რესურსებს მოითხოვს. „ვერ გეტყვით, რომ პოლიტიკოსების რეპუტაციაზე ეს ყოველივე განსაკუთრებულად ნეგატიურ გავლენას ახდენს, რადგან საზოგადოება კარგად არჩევს შავს და თეთრს. თუმცა ეს არის სერიოზული დისკომფორტი. გვიწევს ყველა ყალბ ამბავზე განსაკუთრებული რეაგირება და რესურსის დახარჯვა, რათა საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ დაინტერესებულმა ტროლ/ბოტებმა“ – განმარტა მან.
გიორგი გრძელიშვილმა ასევე ფაქტების გადამმოწმებლების მიკერძოებულობით ახსნა ყალბი ინფორმაციის აღსაკვეთი სამართლებრივი ბერკეტების არაეფექტურობა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს ყალბი ინფორმაციის აღსაკვეთად, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს უშედეგო მცდელობებია, ისევ და ისევ ‘ჩეკერების’ მიკერძოებულობის გამო“.
მან ასევე აღნიშნა, რომ დეზინფორმაციული კამპანია სპონტანური არ არის და მას ორგანიზებული ხასიათი აქვს. „ეს არის ორგანიზებული, მრავალშრიანი კამპანია, რომლის უკან დგანან პოლიტიკური პარტიები და მათი დამფინანსებლები ქვეყნის გარედან. დეზინფორმაციის ეს ქსელი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეწყობოდა და რთულია მასთან ბრძოლა“.
დასასრულს, გიორგი გრძელიშვილი დეზინფორმაციის პრობლემას გლობალურ კონტექსტში განიხილავს და აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის. „დეზინფორმაცია და ყალბი ამბები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის პრობლემაა. ინტერნეტის სრული თავისუფლების პირობებში ლოგიკურია, რომ კონკრეტული ჯგუფები ყალბ ამბებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ“- ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ ფაქტების გადამმოწმებლები ხშირად უბრუნდებიან ყალბი ანგარიშების თემას და დეტალურად აქვთ განხილული მათი მუშაობა. მაგ., MetaLab-ის ანალიზი გვთავაზობს ამ პროცესის დეტალურ სქემას: ინფორმაციული ველის მომზადება კონკრეტული ნარატივების გავრცელების და ყალბი პოსტების შექმნის გზით, რომლითაც საზოგადოების რეაქცია იტესტება.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ფეიქ ანგარიშები არის კარგად ორგანიზებული პოლიტიკური იარაღი, რომელიც მიმართულია საზოგადოების პოლარიზაციისაკენ ციფრული მანიპულაციების გზით. ხოლო რეგიონებში მედიაწიგნიერების დაბალი დონე, მსგავს პროცესებს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის, რაც სისტემურ რეაგირებას მოითხოვს.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.
